logo_geo
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ლარის კურსზე: თუ დავინახავთ ინტერვენციის საჭიროებას, რეზერვები გვაქვს, მაგრამ...
- +

6 ივლისი. 2019. 18:48

 

„თუ დავინახავთ ინტერვენციის საჭიროებას, გვაქვს რეზერვები, მაგრამ ამ ეტაპზე რეზერვების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი და არ ექნება სასურველი შედეგი", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა ლარის კურსთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

 

„ივნისის ინფლაცია რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა და არის 4.3%. ასევე გასათვალისწინებელია, რომ აქედან 1.3% არის სიგარეტზე აქციზის ზრდის შედეგი, რასაც ჩვენ ე.წ. ეგზოგენურ ფაქტორებს ვეძახით. მის გარეშე ინფლაცია არის 3%-თან ახლოს. ჩვენი მიზნობრივი მაჩვენებელი არის გრძელვადიანზე ორიენტირებული, ამიტომ ჩვენ ვუყურებთ, მომავალში რა იქნება ინფლაცია და შესაბამისად, გადაწყვეტილებას ვიღებთ ამის საფუძველზე. 24 ივლისს გვექნება პოლიტიკის კომიტეტის სხდომა და შევხედავთ. იმ დროისათვის არსებული ინფორმაციის საფუძველზე თუ დავინახავთ, რომ არის მომავალში ფასების ზრდის რისკი, ბუნებრივია, გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას. თუ დავინახავთ, რომ პირიქით, მოთხოვნის შემცირების გამო შეიძლება საპირისპირო შედეგი მივიღოთ, ამ შემთხვევაში შევარბილებთ პოლიტიკას“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.

 

კითხვაზე, ხომ არ იგეგმება ინტერვენცია, მესტვირიშვილმა უპასუხა, რომ ეს ამჟამად არ იქნება მიზანშეწონილი.

 

„გასულ პერიოდში რაც კვლევები ვნახეთ, ეს დამოკიდებული იყო იმ მოლოდინზე, რაც შეიძლება იყოს გამოწვეული ტურისტების რაოდენობის შემცირებიდან. შესაბამისად, ეს როგორც ყველა ქვეყანაზე, საქართველოზეც აისახება. თუმცა გამომდინარე იქიდან, რეალურად როგორი დინამიკა ექნება ტურისტულ შემოსავლებს, შესაბამისად აისახება ეს მომავალში კურსზეც. თუ დავინახავთ ინტერვენციის საჭიროებას მომავალში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს რეზერვები, მაგრამ ამ ეტაპზე და გამომდინარე იმ შოკიდან, როგორი შოკიც ჩვენ გვაქვს, რეზერვების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი და არ ექნება სასურველი შედეგი. ჩვენი მიზანია კურსის საშუალო და გრძელვადიანი სტაბილურობა. ანუ ჩვენი პოლიტიკა, მათ შორის რეზერვების დაგროვების თუ გამოყენების, ყველაფერი იქით არის მიმართული, რომ კურსი იყოს სტაბილური არა მარტო დღეს, ხვალაც და მომავალშიც", - აღნიშნა მესტვირიშვილმა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი