logo_geo
ეკონომიკის სამინისტრო: თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთნაკადი 10 პროცენტით შემცირდა
- +

12 აგვისტო. 2019. 18:50

 

„20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენები საქართველოს ავიაბაზარზეც აისახა, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ჯამურად 10 პროცენტიანი კლება აღინიშნება“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, კლების ნაცვლად, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთნაკადის გაზრდა 9-10 პროცენტით იყო გათვლილი.

 

„ივლისში მგზავრთანაკადის ჯამურ მაჩვენებელს ამ ორ აეროპორტში უნდა მიეღწია 590 ათასისთვის, რის ნაცვლადაც მივიღეთ მხოლოდ 485 ათასი მგზავრი. მხოლოდ ივლისში თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს 105 ათასი მგზავრი დააკლდა.

 

წინა ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირდა მგზავრთნაკადის ზრდის მნიშვნელოვანი დინამიკა. 2019 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით (იანვარი-ივნისი), საქართველოს ხუთივე აეროპორტი ჯამში 2,487,575 მგზავრს მოემსახურა, რაც 18 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს – 2018 წელს 2,103,126 მგზავრი. სამწუხაროდ, ნაცვლად ზრდის ამ დინამიკის შენარჩუნებისა, გვაქვს სერიოზული კლება ივლისის თვიდან“, – განაცხადა საღირაშვილმა.

 

შესაბამისად, მისივე თქმით, 2019 წლის ჯამში შვიდი თვის ნაცვლად 18%-იანი ზრდის შენარჩუნებისა, ზრდის მაჩვენებელი დაეცა 12 პროცენტამდე და ეს ტრენდი დაღმავალია.

 

 

 

big_banner
არქივი