logo_geo
ნათია თურნავა: თუკი რუსეთთან ფრენები აღდგება, ეს იქნება ცალსახად პოზიტიური განვითარება ჩვენი ბაზრისთვის
- +

30 სექტემბერი. 2019. 16:30

 

„თუკი რუსეთთან ფრენები აღდგება უახლოეს პერსპექტივაში, ეს იქნება ცალსახად, პოზიტიური სიგნალი და პოზიტიური განვითარება ჩვენი ბაზრისთვის“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

ნათია თურნავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად დაუდგა გვერდში ტურისტულ ინდუსტრიასა და სასტუმროებს, ნეგატიური ტენდენცია ჯერ გადალახული არ არის.

 

„მე, როგორც ეკონომიკის მინისტრმა, შემიძლია დავადასტურო და ახლა უკვე სტატისტიკურადაც ჩანს, რომ რუსეთის ფრენების შეჩერებამ ძალიან სერიოზულად დაგვაზარალა. ძალიან ბევრი ციფრი რომ არ მოვიყვანო, ეროვნული ბანკის მონაცემებით ჩანს, რომ ჯერაც არის კლება საერთაშორისო მოგზაურებიდან შემოსული თანხების მიხედვით. ეს იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავუდექით გვერდში ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას და განსაკუთრებით მცირე სასტუმროებს და საოჯახო სასტუმროებს, ეს ნეგატიური ტენდენცია ჯერ გადალახული არ არის და იმედი გვაქვს, მომავალში შევძლებთ მის გადალახვას. აქედან გამომდინარე, თუკი ფრენები აღდგება უახლოეს პერსპექტივაში, ეს იქნება ცალსახად, პოზიტიური სიგნალი და პოზიტიური განვითარება ჩვენი ბაზრისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ახლოვდება ზამთრის სეზონი, ჩვენი სამთო კურორტები ელოდებიან ტურისტებს, მათ შორის რუს ტურისტებსაც ელოდებიან. აქედან გამომდინარე, ეს იქნება ძალიან დადებითი განვითარება და მხარდაჭერა განსაკუთრებით მცირე და საოჯახო სასტუმროებს. ყველაფერი, რაც წაადგება ჩვენს ეკონომიკას, წაადგება ჩვენს ტურიზმს და წაადგება ცალკეულ ოჯახებს და მცირე ბიზნესს, არის კარგი და დადებითი ჩვენთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ ის საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის მომხრეა. მისივე თქმით, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა სწორი ნაბიჯი იქნება.

 

რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისს შეაჩერა.

 

 

 

 

big_banner
არქივი