logo_geo
აზიის განვითარების ბანკის ახალი მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში მუშაობას შეუდგა
- +

4 ოქტომბერი. 2019. 13:17

 

აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ახალი დირექტორი შეინ როზენტალი მუშაობას შეუდგა. ბანკის ცნობით, ის უხელმძღვანელებს ADB-ის ოპერაციებსა და ბანკის ურთიერთობებს მთავრობასთან და სხვა პარტნიორებთან, ასევე მეთვალყურეობას გაუწევს ADB-ის ახლახან დამტკიცებულ ქვეყანასთან თანამშრომლობის 2019-2023 სტრატეგიის განხორციელებას.

 

თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ეფექტურობის გაზრდასა და სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად მეზობელ ქვეყნებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ეკონომიკური ინტეგრაციის გზით.

 

„უაღრესად მოხარული ვარ საქართველოში ჩამოსვლით. ADB-ის საქართველოსთან თანამშრომლობა ვითარდება და იცვლება, რათა დააკმაყოფილოს მზარდი საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნის მოთხოვნები. ეს მოიცავს ინვესტიციებისთვის საჭირო ფინანსებსა და თანამედროვე მიდგომებს, რათა მყარი საფუძველი ჩაეყაროს რეგიონულ სახმელეთო კავშირებს, გაუმჯობესდეს მუშახელის უნარები და ხელი შევუწყოთ ქალაქების განვითარებას. აღნიშნული გამოწვევების დაძლევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ახლო თანამშრომლობას ექნება“, – განაცხადა შეინ როზენტალმა.

 

შეინ როზენტალი ავსტრალიის მოქალაქეა, აზიის განვითარების ბანკში 2004 წლიდან მუშაობს და ორგანიზაციაში არაერთი მაღალი თანამდებობა ეკავა. 2016-2019 წლებში სომხეთში ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორობისას, მისი ხელმძღვანელობით ქვეყანაში გასამმაგდა ADB-ის კერძო სექტორის დაფინანსება და ახალი პროგრამები დაინერგა ჯანდაცვისა და განათლების სისტემებში.

 

შეინ როზენტალს ურბანული ინფრასტრუქტურის დაფინანსების, საჯარო-კერძო თანამშრომლობისა და განათლების სფეროებში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ADB-მდე მუშაობდა ბუნებრივი რესურსებისა და გარემოსდაცვითი მართვის კუთხით, მათ შორის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში. როზენტალი ფლობს ვაშინგტონის ამერიკული უნივერსიტეტის ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხს, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანამედროვე საერთაშორისო კვლევების სკოლის მაგისტრის ხარისხს და კემბრიჯის უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს.

 

ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. ADB-ის მიერ საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების საერთო მოცულობა 2.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

 

 

 

big_banner
არქივი