logo_geo
გიორგი კაკაურიძე: 2020 წელს თუ საკანონმდებლო ცვლილებებს დავგეგმავთ, ბიზნესთან სულ მცირე ექვსი თვით ადრე გვექნება კომუნიკაცია
- +

4 ოქტომბერი. 2019. 23:06

 

„მთავრობა ბიზნესს ჰპირდება, რომ მომავალ წელს ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებს არ მიიღებს, რაც კერძო სექტორისთვის სიურპირზი იქნება. იმ შემთხვევაში თუ, საკანონმდებლო ცვლილებები მაინც საჭირო გახდა, მთავრობა ბიზნესს სულ მცირე ექვსი თვით ადრე შეატყობინებს“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

 

გადაცემაში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მთავარი პარამეტრები და პრიორიტეტები განიხილეს, რომელიც განსახილველად უკვე პარლამენტშია წარდგენილი. გადაცემის თანაწამყვანმა და ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძემ აღნიშნა, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ბიზნესს დაჰპირდა, რომ მომავალ წელს სიურპრიზები აღარ იქნება, რაც მისი აზრით, ერთგვარი აღიარებაა, რომ მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის პრობლემა გარკვეულწილად იყო.

 

ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ გადაცემის სტუმარს ბოლო პერიოდში გატარებული რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება გაახსენა, რომელიც მთავრობამ ისე შემოიღო, რომ ეს ბიზნესისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. ასეთ ცვლილებებს შორის კალანდაძემ ე.წ. „ოქროს სიის“ გაუქმებაც დაასახელა, რომელიც მსხვილი ბიზნესისთვის გარკვეულ საგადასახადო შეღავათს გულისხმობდა და მისმა მოულოდნელად გაუქმებამ ბიზნესს გარკვეული პრობლემები შეუქმნა.

 

კაკაურიძე ბიზნესს ჰპირდება, რომ მომავალ წელს მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებები არ იქნება, ხოლო თუ ამის საჭიროება მაინც დადგა, ბიზნესი ამის შესახებ სულ მცირე ექვსი თვით ადრე შეიტყობს.

 

„ვერ დავარქმევდი ყველას [საკანონმდებლო ცვლილებებს] შეცდომას. მათ შორის ე.წ. ოქროს სიის გაუქმება იყო სწორი გადაწყვეტილება, თუმცა გეთანხმებით, რომ კომუნიკაცია ბიზნესთან უფრო ინტენსიურად უნდა განხორციელდეს. ამაზე შესაბამისი დავალება ყველა სამინისტრომ მიიღო. ბიზნესს „ოქროს სიის“ გაუქმებამდე ძალიან ცოტა დრო ჰქონდა, რომ მომზადებულიყო, თუმცა ეს სიახლე ნამდვილად არ ყოფილა და ამაზე ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა. 2016 წლიდან იყო დაგეგმილი და არაერთ დოკუმენტში იყო ასახული. თუმცა საბოლოოდ გაუქმება 2019 წლის შუაში მოხდა. გაუქმება ვთვლი, რომ იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება. გეთანხმებით იმაში, რომ ბიზნესთან კომუნიკაცია უფრო ადრე იყო საჭირო; დაახლოებით ექვსი თვით ადრე რომ დაწყებულიყო კომუნიკაცია, უფრო სწორი იქნებოდა. რაც შეეხება მომავალში ვფიქრობთ თუ არა სიურპრიზებს. ბიუჯეტი უკვე პარლამენტშია წარდგენილი. ჩვენ ამ ბიუჯეტში რამე ისეთი მნიშვნელოვანი სიახლე გათვალისწინებული არ გვაქვს, რაც აქამდე არ ყოფილა გაჟღერებული და რასაც ბიზნესზე ზემოქმედება ექნება. ჩვენ 2020 წელს რამე საკანონმდებლო ცვლილებებს არ ვგეგმავთ, გარდა საგადასახდო კოდექსში შესატანი ცვლილებებისა, რომელიც ევროკავშირთან დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში ჰარმონიზების კუთხით იქნება მნიშვნელოვანი, თუმცა ეს უფრო ბიზნესისთვის ზოგიერთ პროცედურის გამარტივება იქნება და არანაირად განაკვეთების ზრდასა ან პროცედურების გართულებასთან არ იქნება კავშირში. სხვა საკანონმდებლო ცვლილებებს არ ვგეგმავთ და თუ რამეს დავგეგმავთ, აუცილებლად ბიზნესთან სულ მცირე ექვსთვიანი კომუნიკაცია იქნება“, – განმარტა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი