logo_geo
აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი: მომავლის ინვესტირების თვალსაზრისით შეგვიძლია უფრო მეტი გავაკეთოთ
- +

22 ოქტომბერი. 2019. 12:30

 

„მომავლის ინვესტირების თვალსაზრისით შეგვიძლია, უფრო მეტი გავაკეთოთ - ასევე, უნდა არსებობდეს „ცოდნის დერეფანი“, - ამის შესახებ თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტმა შიქსინ ჩენმა პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„ხაზი მინდა გავუსვა, რამდენად მნიშვნელოვანი გახლავთ რეგიონის თანამშრომლობა მომავლისთვის. ამ სესიაზე მინდა აღვნიშნო ჩემი კოლეგების აზრიც, რომ ურთიერთდაკავშირებულობა უმნიშვნელოვანესია. ცენტრალური აზიის რეგიონული თანამშრომლობის მექანიზმმა ამოქმედების შემდეგ აღნიშნულ რეგიონში 35 მილიარდის ინვესტიცია მოახდინა და ვფიქრობ, მომავლის ინვესტირების თვალსაზრისით შეგვიძლია უფრო მეტი გავაკეთოთ, მეტი ინვესტირება მოვახდინოთ, რათა მოხდეს ურთიერთდაკავშირებულობის გაძლიერება სხვადასხვა მიმართულებით.

 

ამ ტერიტორიას უნდა ჰქონდეს საშუალება, გააძლიეროს ზრდა და მოხსნას ბარიერები. ერთი მაგალითია ვაჭრობის გამარტივების თვალსაზრისით, საბაჟო პროცედურები თუ ძალიან ხანგრძლივია, ეს არ არის მისაღები, ასევე, სასაზღვრო კონტროლი, სატარიფო, არასატარიფო საკითხები ვერ მოგვარდება, თუ ვაჭრობის გამარტივება პრობლემა იქნება“, - განაცხადა შიქსინ ჩენმა.

 

ADB-ს ვიცე-პრეზიდენტმა ცოდნის შესახებ თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრა.

 

„ასევე, მინდა შევეხო ცოდნის სფეროში თანამშრომლობას. ვმუშაობდით სატრანსპორტო ეკონომიკური დერეფნის მიმართულებით, მაგრამ ასევე უნდა არსებობდეს „ცოდნის დერეფანი“. ცოდნის გაზიარება უნდა მოხდეს, მაგალითად, ტურიზმის მოზიდვის თვალსაზრისით, როგორ შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები, ქალებისა და ახალგაზრდების დახმარების თვალსაზრისით და როგორ უნდა იქნას გამოყენებული ტექნოლოგია, რადგან დღევანდელ სამყაროში ტექნოლოგიური ბუმია“, - განაცხადა ჩენმა.

 

 

 

big_banner
არქივი