logo_geo
ნათია თურნავა: „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ - ეს არის პროექტი, რომელიც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს
- +

29 ნოემბერი. 2019. 14:23

 

„გვინდა, რომ გასაყიდად გამოტანილ ობიექტებზე აშენდეს სასტუმროები, შეიქმნას მეურნეობები და დასაქმდნენ ადამიანები“, - ამის შედეგად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მასშტაბური პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, აუქციონი უახლოესი 12 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ეტაპობრივად ინვესტორებს შევთავაზებთ ყველა იმ ქონებას, რაც გვაქვს და რაც აქამდე არ იყო ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში.

 

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე მთლიანობაში საუბარია სულ მცირე 150 მილიონი ლარის საწყისი ღირებულების ობიექტებზე, საიდანაც მოსალოდნელი ინვესტიცია 200 მილიონი ლარია.

 

„რაც მთავარია, ამ ციფრების მიღმა დგას ახალი სამუშაო ადგილები. ამ ობიექტების გაყიდვის შედეგად აშენდება სასტუმროები, ახალი საწარმოები, ფერმები თუ სხვა ობიექტები, რომელიც  დაახლოებით 2 500 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, შეთავაზება განკუთვნილია არა მხოლოდ მსხვილი ბიზნესისთვის, არამედ მცირე ბიზნესისთვისაც, იქნება ეს სატბორე თუ ფერმერული მეურნეობა, რომლებიც რეგიონებში დაასაქმებენ ადამიანებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

 

„რაც შეეხება მსხვილ ობიექტებს, აუქციონზე ნახავთ მაგალითად, ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფოს. ასევე გეტყვით, რომ სია იქნება შევსებადი და მუდმივად განახლდება. უახლოეს დღეებში ასევე დაემატება წყნეთის აგარაკები, რომლის შეფასების პროცესი ცოტა ხანში დასრულდება. გვინდა, რომ ბიზნესს გამზადებული პროექტები წარვუდგინოთ და მათ მხოლოდ ერთი რამ დარჩეთ, მიიღონ მონაწილეობა აუქციონში, შეიძინონ და ააშენონ ახალი ობიექტები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

 

big_banner
არქივი