logo_geo
საქართველოში, შესაძლოა, ტეკილას წარმოება დაიწყოს
- +

11 თებერვალი. 2020. 17:08

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი მექსიკის შეერთებული შტატებიდან ტეკილას მარეგულირებელი საბჭოს დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს. 

 

მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოში ტეკილას სასაქონლო ნიშნის ოფიციალურად დარეგისტრირების საკითხი განიხილეს. დელეგაციას ტეკილას მარეგულირებელი საბჭოს თავმჯდომარე მიგელ ანგელ დომინგო მორალესი ხელმძღვანელობდა.

 

ლევან დავითაშვილმა საქართველოში ტეკილას სასაქონლო ნიშნის ოფიციალურად დარეგისტრირების საკითხის და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესზე და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

 

მიგელ ანგელ დომინგო მორალესის განცხადებით, ღვინის სამშობლოს მიერ ტეკილას სასაქონლო ნიშნის აღიარება ორ ქვეყანას შორის ეფექტიანი თანამშრომლობის საფუძველია.

 

შეხვედრის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა ღვინის ეროვნული სააგენტოს ენოთეკა, მარანი და მუზეუმი დაათვალიერეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

 

big_banner
არქივი