logo_geo
სივრცითი დაგეგმარების მიმართულება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში არსებულ სსიპს გადაეცემა
- +

11 მარტი. 2022. 19:56

 

 

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ კომიტეტს განუმარტა, რომ საკითხი ეხება მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებას. „მოგეხსნებათ, დღეის მდგომარეობით სივრცითი დაგეგმარების  მიმართულება არის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ქოლგის ქვეშ. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ კონკრეტულად ეს მიმართულება გადავიდეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში, არა დეპარტამენტის სახით არამედ  უფრო გაძლიერებულად სსიპ-ის სახით. მიზეზი ის არის, რომ ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკას. ასევე მის სისტემაშია სამშენებლო რეგულაცია, ამიტომ ერთიანი ხედვის კუთხით მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ ეს მიმართულება ასე კომპლექსურად გადმოვიდეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემადგენლობაში“, - განაცხადა ნინო ენუქიძემ.

 

კომიტეტმა ასევე განიხილა პაკეტში შემავალი კანონპროექტები „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლებშიც ძირითადი კანონპროექტიდან გამომდინარე ტექნიკური ცვლილებები ხორციელდება.

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტთა პაკეტს.

 

 

big_banner
არქივი