logo_geo
ხელბურთში ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთმა მოიგო
- +

21 აგვისტო. 2017. 13:09



საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო! ფინალში ფრანგებმა ესპანეთს 28:25 სძლიეს. საფრანგეთის ნაკრები ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში დანიამ 30:29 დაამარცხა ხორვატია.


მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ რუსი მაქსიმ პოპოვი აღიარეს, საუკეთესო მარცხენა გარემარბი დანიელი ემილ იაკობსენი გახდა, მარცხენა შუამარბი - დანიელი ემილ ლაერკე, მარჯვენა გარემარბი - ედუარდ კემპფი (საფრანგეთი), მარჯვენა შუამარბი - ივან მარტინოვიჩი (ხორვატია), ხაზის მოთამაშე - ლუიშ ფრადე (პორტუგალია), საუკეთესო გამთამაშებელი - ესპანელი იან სერანო ტარაფეტა. ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ფრანგი კილიან ვილენიმო დაასახელეს, ბომბარდირის პრიზი კი 66 გოლის გამტან ისლანდიელს, ტეიტურ ორნ ეინარსონს გადაეცა.


გამარჯვებულები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ჰასან მუსტაფამ, საერთაშორისო და ეროვნული ფედერაციების მაღალჩინოსნებმა და ვეტერანმა ხელბურთელებმა დააჯილდოვეს.


ხელბურთში ამ დონის საერთაშორისო ტურნირი საქართველოში პირველად ჩატარდა. საქართველოს ნაკრებმა პირველად ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე. ბექა ორჯონიკიძის და უკრაინელი სპეციალისტის ანდრეი პორტნოის გაწვრთნილმა გუნდმა B ჯგუფში იასპარეზა: ალჟირთან 28:24, იაპონიასთან 22:30, ისლანდიასთან 25:42, გერმანიასთან 25:41, ჩილესთან 24:29.


ფინალური მატჩის დაწყების წინ ოლიმპიური სასახლის მთავარ დარბაზს ალექსანდრე ანპილოგოვის სახელი მიენიჭა. ალექსანდრე ანპილოგოვი ლეგენდარული ქართველი ხელბურთელი გახლავთ, რომელმაც 1976 წელს ოლიმპიადა, 1982 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ის წლების განმავლობაში თბილისის „ბურევესტნიკის" ლიდერი იყო.


სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ალექსანდრე ანპილოგოვს სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.


 

 

 

 

 

big_banner
არქივი