logo_geo
ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ორი სპორტსმენი იასპარეზებს
- +

16 იანვარი. 2018. 01:16

 


დღეს ოფიციალურად სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ფიგურულ ციგურაობაში, რომელიც 21 იანვრის ჩათვლით რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, განახლებულ არენა „მეგასპორტზე" გაიმართება.


შეჯიბრი ოთხწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი სტარტის ზამთრის 2018 წლის ოლიმპიური თამაშებისა წინ ტარდება. ამასთან, ნახევარსაუკუნოვანი ინტერვალის შემდეგ მოსკოვში პირველად გაიმართება ევროპის ჩემპიონატი, თუმცა მოსკოვი 2005 და 2011 წლებში მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობდა.


საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ერთდროულად 2 მოციგურავე ვაჟი, მორის ყვითელაშვილი და ირაკლი მაისურაძე იასპარეზებს.


ევროპის ჩემპიონატზე 35 ქვეყნის 172 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ვაჟთა კატეგორიაში 37, ქალთა შორის 41 მოციგურავე, 14 სპორტული და 31 მოცეკვავე წყვილები.


ევროპის ჩემპიონატი საკმაოდ წარმომადგენლობითი ტურნირია, რადგან მასში მონაწილეობას მიიღებს 2017 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების გამარჯვებულები და პრიზიორები.


ოლიმპიურ თამაშებში ლიცენზირებული მოციგურავეებისთვის კი ევროპის ეს ჩემპიონატი ერთგვარი გენერალური რეპეტიციაა ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინ.


ქართველი მოციგურავეები მორის ყვითელაშვილი და ირაკლი მაისურაძე 17 იანვარს მოკლე, 19 იანვარს კი თავისუფალი პროგრამებით წარდგებიან სპეციალისტების, მსაჯებისა და გულშემატკივრების წინაშე.


ირაკლი მაისურაძისთვის ევროპის ჩემპიონატი სადებიუტო გამოსვლა იქნება, ხოლო მორის ყვითელაშვილისთვის სერიოზული სტარტი ოლიმპიური თამაშების წინ, სადაც იგი თავისი ოლიმპიური პროგრამებით წარდგება სპეციალისტების, მსაჯებისა და გულშემატკივრების წინაშე.


 

big_banner
არქივი