logo_geo
კრიშტიანო რონალდო: სარკეში რომ ვიყურები, მომწონს რასაც ვხედავ
- +

1 მარტი. 2018. 22:35



კრიშტიანო რონალდო ბრაზილიური Youtube-ის არხ Desimpedidos-ის მოულოდნელი სტუმარი იყო. „რეალის" ვარსკვლავმა შოუში ჩვეულ სტილში ისეთები ილაპარაკა...


ყველამ კარგად იცის, რომ კრიშტიანო რონალდო არ არის თავმდაბალი ადამიანი და ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, როცა თქვა, რომ უკვე იმდენი ინდივიდუალური და საკლუბო ჯილდო აქვს მოგებული, აღარაფერზე ოცნებობს.


„იმდენი ლამაზი საგანი მოვიგე უკვე, რომ ოცნება აღარ მაქვს", - განუცხადა 33 წლის პორტუგალიელმა არხის პოპულარულ წამყვან ფრედს, - „რა თქმა უნდა, გამარჯვებები კვლავ მწყურია. რომ მკითხოთ, ალბათ, ვიტყოდი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს სიამოვნებით მოვიგებდი, მაგრამ კარიერას ახლა რომ ვასრულებდე, კმაყოფილი ვიქნებოდი. კმაყოფილი და ამაყი. ადრე ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ბრწყინვალე კარიერა მექნებოდა".


მიუხედავად იმისა, რომ რონალდომ ფეხბურთში ძალიან ბევრს მიაღწია, მან ყველაზე უკეთ უწყის, რომ ყველას გული ვერ მოიგო: „ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც მოვწონვარ და ასევე ბევრია, ვისაც არ მოვწონვარ. ყოველთვის ვცდილობ, თავი იმ ხალხთან გავაიგივო, ვინც მუდამ მიჭერს მხარს და ჩემს მხარესაა".


კრიშტიანომ იცის, რომ ბრაზილიაშიც პოპულარულია: „მარსელომ და კაზემირომ მითხრეს, რომ ბევრს მოვწონვარ ბრაზილიაში. რა თქმა უნდა, ენა ამაში მეხმარება. ბრაზილიის ისტორია პორტუგალიასთან გადაჯაჭვულია. მე ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ ბრაზილიაში ბევრი ფანი მყავს".


რონალდო ბევრი დამწყები ფეხბურთელისთვის მისაბაძი მაგალითია, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომელთაც თავად პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ჰბაძავდა:

 

„ყოველთვის მსურდა, პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი და მეთამაშა ეროვნულ ნაკრებში. მაშინ მინდოდა, რუი კოშტას, ფერნანდო კოუტუსა და ფიგუს გვერდით მეთამაშა".


ამ დროს ფრედი რონალდოს შეეკითხა, რომ ყოველთვის საუკეთესოობაზე ოცნებობდა. კრიშტიანოს პასუხი მოულოდნელი გამოდგა:

 

„არა, რადგან, როცა საკუთარ თავზე ზეწოლას ახდენ, ეს ყოველთვის ცუდი შედეგის მომტანია. ყველაფერი ბუნებრივად უნდა მოხდეს, ისე, როგორც მოხდა ჩემს ცხოვრებაში. როცა რაღაცაზე გამუდმებით ფიქრობ, ეს გონებას გირევს და მიზანს ვეღარ აღწევ, როგორც ფეხბურთში, ისე პირად ცხოვრებაში. რაღაცები მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ღმერთსაც ასე სურს".


ახლა 5 „ოქროს ბურთის" მფლობელი ფეხბურთელი, როგორც ჩანს, ადრევე ხვდებოდა, რისი მიღწევა შეეძლო კარიერაში:


„ყოველთვის ვიცოდი, რომ განსაკუთრებული ბავშვი ვიყავი. ვუყურებდი კლასელებს, რომლებიც ვერ აკეთებდნენ იმას, რაც მე შემეძლო. მაგრამ იმის პროგნოზირება, რომ კარიერაში იმდენს მიაღწევ, „ოქროს ბურთსაც" მოიგებ, მეტისმეტია. ეს ძალიან ძნელია".


„მითამაშია „სპორტინგში", „მანჩესტერ იუნაიტედში" და იმ დღეებიდან მოყოლებული ვიცოდი, რომ ჩემი ადგილი საუკეთესოთა გვერდით იყო. ახლაც „იქ" ვარ. აი, სწორედ „სპორტინგსა" და „მანჩესტერში" დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ შემეძლო „ოქროს ბურთის" მოგება. 16-18 წლის ასაკში მიმაჩნდა, რომ ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ 5 „ოქროს ბურთი"... ეს უკვე შეუძლებელია წარმოიდგინო".


კრიშტიანო ძალზე თვითდაჯერებულია, მას მოსწონს ის პიროვნება, რომელსაც სარკეში ჩახედვის დროს ხედავს:


„იმის გარდა, რომ კარგად გამოიყურები, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოგწონდეს საკუთარი თავი. იმისთვის, რომ თავდაჯერებული იყო, საკუთარი თავის ფასი უნდა იცოდე. არ ვამბობ, რომ პრინცი ვარ, მაგრამ საკუთარი თავი მომწონს. სარკეში ვიყურები და მომწონს, რასაც იქ ვხედავ".

 

რონალდო ფეხბურთის გარდა არსებულ გატაცებებზეც ლაპარაკობს:


„როცა სახლში ვარ, მე ვაკონტროლებ, რა გავაკეთო და ვაკეთებ იმას, რაც მსურს, - ამბობს ის, - ფეხბურთს, როგორც წესი, არ ვუყურებ. ეს ძალიან იშვიათად ხდება. გამონაკლისს მხოლოდ მაშინ ვუშვებ, როცა მეგობარი თამაშობს, ან როცა ძალზე მნიშვნელოვანი მატჩია.

 

დერბი, მაგალითად. ტელევიზორში უფრო სხვა რაღაცებს ვუყურებ - ფილმებს, დოკუმენტურ ფილმებს, სერიალებს... ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ძალიან მიყვარს კონცერტები და მოგზაურობა - პარიზში, ლონდონში..."


რონალდო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი პირია, მას ყურადღების ცენტრიდან „დამალვა" უჭირს, როგორც ყველა ვარსკვლავს, თუმცა ის ამბობს, რომ ეს მთლად შეუძლებელი არ არის: „ძალიან ხშირად რთულია საყოველთაო ყურადღების არიდება. ისე ვერ შეძლებ, რომ ვიღაცამ არ შეგამჩნიოს, მაგრამ ერთი-ორი საიდუმლო ხერხი თუ იცი, რაღაც დონეზე პრივატული ცხოვრების დაცვა მაინც შესაძლებელია".


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი