logo_geo
საქართველომ ავსტრია დიდი ანგარიშით დაამარცხა
- +

2 ივლისი. 2018. 21:15

 

 

2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი წრის ბოლო მატჩში საქართველო ავსტრიას დაუპირისპირდა. ილიას ზუროსის გუნდმა მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა, „G“ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და მეორე ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

 

დაპირისპირება მასპინძლების უპირატესობით დაიწყო. პირველი მეოთხედი მათ 8 ქულიანი უპირატესობით – 26:18 მოიგეს. მეორე მეოთხედში საქართველო კიდევ უფრო გააქტიურდა და პერიოდი 25:15 დაასრულეს. საგულისხმოა, რომ თორნიკე შენგელიამ ორმაგი დუბლი მატჩის პირველივე ნახევარში მოაგროვა. მის ანგარიშზე 22 ქულა და 11 მოხსნა იყო.

 

ყველაზე დაძაბული დაპირისპირების მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელსაც ავსტრიელები 7 წუთის მანძილზე იგებდნენ. ილიას ზუროსმა დროული ტაიმ-აუტი აიღო და საქართველოს ნაკრები შეტევაში კვლავ მწყობრად ათამაშდა. ქართველი კალათბურთელები სამ ქულიანებ ტყორცნებს ძალიან მაღალი პროცენტით ისროდნენ და ავსტრიელებმა მასპინძელთა იერიშებს სათანადო დაცვა ვერ დაუპირისპირეს.

 

მსგავსი სცენარით წარიმართა მატჩის ბოლო მეოთხედიც და საბოლოო ჯამში საქართველოს ნაკრებმა 98:73 იმარჯვა.

 

მასპინძლების შემადგენლობაში საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 24 ქულა, 12 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. კარგად გამოიყურებოდნენ ტად მაკფადენი და გიორგი ცინცაძეც – მათ 14-14 ქულა მოაგროვეს.

 

სტუმართა შორის საუკეთესო 18 ქულითა და შვიდი გადაცემით მარვინ ოგუნსიპე იყო.

 

საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ წრეში ასპარეზობას სექტემბერში დაიწყებს. გუნდი 6 შეხვედრას ითამაშებს, რომელთაგან სამს შინ ჩაატარებს.

 

 

big_banner
არქივი