logo_geo
დიდი მატჩის წინ - ყველაფერი, რაც მუნდიალის ფინალზე უნდა იცოდე
- +

15 ივლისი. 2018. 16:36

 

პარიზში ნოტრ-დამის სიახლოვეს, სენას ნაპირზე, ძველი ნივთები იყიდება, რომელთაც ისტორიული მნიშვნელობა აქვთ. ბევრ სხვადასხვა ნივთს შორის თვალში მოგხვდებათ 1998 წლის 9 ივლისის „ეკიპის“ გამოცემა. გარეკანზე მოზეიმე ლილიან ტურამი წარწერით „Heroiques“ ფრანგების გმირულ გამარჯვებას აღნიშნავს.  გაზეთის ისტორიულ მნიშვნელობას ის ფაქტი განაპირობებს, რომ წინა საღამოს სწორედ ტურამის გოლებით საფრანგეთმა ნახევარფინალში ხორვატიას სძლია და თავის ისტორიაში პირველი ფინალი გაინაღდა.

 

20 წლის შემდეგ საფრანგეთს და ხორვატიას კიდევ უფრო დიდი მატჩში უწევთ ერთმანეთთან დაპირისპირება. 2018 წლის 15 ივლისს ისინი უკვე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში შეხვდებიან  ერთმანეთს.

 

გზა ფინალამდე

საფრანგეთის ნაკრებმა ტურნირი ყველაზე სტაბილურად გაიარა.  ყველაზე სუსტად დეშამის გუნდი სასტარტო მატჩში გამოიყურებოდა ავსტრალიის წინააღმდეგ. ამ მატჩის შემდეგ დეშამმა სათამაშო სქემა შეცვალა,  ძირითადში ოლივიე ჟირუ გამოჩნდა, ბარსელონას უსმან დემბელე სკამზე დაჯდა, შუა ხაზში კი კორენტინ ტოლისო ფიზიკურად უფრო ძლიერმა და ხისტმა ბლეზ მატუიდიმ ჩაანაცვლა.

 

საფრანგეთისგან განსხვავებით ხორვატიამ თავისი საუკეთესო თამაში ჯგუფურ ეტაპზე აჩვენა. არგენტინასთან 3-0 მოგებული შეხვედრის შემდეგ, ხორვატებმა პლეი ოფის პირველ ორ ეტაპზე მათზე უფრო სუსტ დანიასა და რუსეთთან იწვალეს. ორივე შემთხვევაში მათ მხოლოდ პენალტების სერიაში იმარჯვეს. ამას კი ასევე რთული გამარჯვება მოჰყვა ინგლისის ნაკრებთან.

 

სტანდარტული და არასტანდარტული ფინალისტი

საფრანგეთი სრულად აკმაყოფილებს მსოფლიო ჩემპიონობისთვის აუცილებელ პირობას - კარგად თამაშობს დაცვაში.  ფინალამდე ექვსიდან ოთხ თამაშში მათ გოლი საერთოდ არ გაუშვეს. სანაკრებო ტურნირებზე, სადაც გუნდებს პლეი ოფში ერთი  თამაშის ჩატარება უწევთ, გოლის არგაშვება ყველაზე მნიშვნელოვანია. გუნდებს  ცოტა დრო აქვთ ანგარიშის გასათანაბრებლად და პლეი ოფში ნოლზე თამაში გადამწყვეტი ფაქტორია.

 

ისტორიული პარალელი: წინა სამმა მსოფლიოს ჩემპიონმა (იტალია 2006, ესპანეთი 2010, გერმანია 2014) ფინალამდე ჯამურად ჩატარებულ პლეი ოფის 9 შეხვედრაში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა.

 

ფრანგებისგან განსხვავებით ხორვატია ფინალისტისთვის უჩვეულოდ ბევრ გოლს უშვებს. პლეი ოფის სამ შეხვედრაში ბალკანელებმა უკვე ოთხი გოლი მიიღეს. მეტიც, ყველაზე უცნაური ის არის, რომ ხორვატებმა ამ სამივე შემთხვევაში პირველი გოლი გაუშვეს, თუმცა შემდეგ თამაშის მოტრიალება შეძლეს. დიდი სანაკრებო ტურნირების ისტორიაში პლეი ოფში პირველი მიღებული გოლის შემდეგ თამაშის მოტრიალება ურთულესი ამოცანაა.

 

იქამდე სანამ ხორვატია ინგლისთან თამაშს შემოატრიალებდა, 20 წლის მანძილზე მუნდიალის ნახევარფინალს მუდამ ის გუნდი იგებდა, რომელიც ანგარიშს ხსნიდა.  20 წლის წინ პირველი გაშვებული გოლის შემდეგ ნახევარფინალი  ფრანგებმა მოიგეს და ეს სწორედ ხორვატიასთან შეხვედრაში შეძლეს.

 

ტაქტიკური მონახაზი

ფრანგების თითქმის მთელი გუნდი დაცვაზეა ორიენტირებული. მათი განაპირა მცველები წინ არცთუ ისე აქტიურად მიდიან, მათი წინ წასვლის შემთხვევაში კი დეშამის გუნდის მთელ დაცვით კონსტრუქციას იდეალურად აზღვევს ნგოლო კანტე. კანტე მსოფლიოში საუკეთესოა ალბათ დაცვითი ტიპის საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე. მასთან ერთად მცველებისთვის შეტევაში ჩართვა ბევრად უფრო იოლია. კანტესთან ერთად პოგბა და მატუიდი,  ფრანგების ორი სხვა ცენტრალური ნახევარმცველიც, უფრო მარტივად  მიდის წინ და ტოვებს თავის პოზიციას.

 

 

კანტესთან ერთად საფრანგეთს თითქმის არ რჩება სივრცეები.  ხორვატებს  თავისუფალი სივრცის პოვნა ფრანგების ნახევარზე ძალიან გაუჭირდებათ. კანტეს მიერ შესრულებული შავი სამუშაოს დასახასიათებლად ყველაზე კარგად ურუგვაისთან მატჩში მისი სტატისტიკაც მეტყველებს. ფრანგების საყრდენმა  ყველაზე მეტი იმოძრავა და თითქმის ორჯერ მეტი აჩქარება გააკეთა, ვიდრე მის გვერდით მოთამაშე პოლ პოგბამ.

 

 

კანტეს გარდა ფრანგების ორი სხვა შუა ნახევარმცველი - ბლეზ მატუიდი და პოლ პოგბა - ფიზიკურად ძალიან ძლიერი მოთამაშეები არიან.  დეშამმა პოგბა ნაწილობრივ გაათავისუფლა შეტევით თამაშში მონაწილეობისგან, ნახევარდაცვიდან შეტევაში ბურთის გადატანას ახლა უკვე უფრო მეტად გრიზმანი უზრუნველყოფს, ვიდრე პოგბა. ეს კი იუნაიტედის ვარსკვლავს საშუალებას აძლევს სრულყოფილად კონცენტრირდეს დაცვითი ფუნქციების შესრულებაზე.

 

მნიშვნელოვანია  უაღრესად მშრომელი და მოძრავი ბლეზ მატუიდის ფაქტორიც. მატუიდი ნომინალურად მარცხნივ თამაშობს, თუმცა, რეალურად, ცენტრშია შემოწეული - ეს  ფრანგებს მოედნის ცენტრში თითქმის ყველა მეტოქესთან უპირატესობას აძლევს. მარცხნივ ფრანგებს გამოკვეთილი ნახევარმცველი არ ჰყავთ. თუმცა, მატუიდის მობილურობიდან გამომდინარე იგი ყოველთვის ასწრებს შეტევის დროს მარცხნიდან დაეხმაროს თავის გუნდს და, ფაქტობრივად, ერთდროულად ორ პოზიციას ავსებს.

 

მოედნის ცენტრი, ტრადიციულად, ხორვატებისთვის უძლიერესი სათამაშო რგოლია.  თუმცა, ლუკა მოდრიჩს, ხორვატთა ლიდერს და მის თანაგუნდელებს დიდი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ფინალში მათ წინააღმდეგ დაცვით ასპექტში ჩემპიონატის ფიზიკურად ყველაზე ძლიერი სამეული ითამაშებს. თუკი კანტე, მატუიდი, პოგბას ტრიო მოდრიჩის ნეიტრალიზაციას შეძლებს, ხორვატია თითქმის უშანსოდ დარჩება.

 

დეშამი შეგნებულად ცდილობს, რომ მეტოქეს შეტევის დროს ფლანგებიდან თამაში აიძულოს. ფრანგების ორივე ცენტრალური მცველი ძალიან კარგად თამაშობს თავით.  რაფაელ ვარანიც და სამუელ უმტიტიც საჰაერო ორთაბრძოლების დროს ერთ-ერთი საუკეთესო არიან თავის პოზიციაზე. დაცვითი ფუნქციების გარდა, სწორედ ვარანის და უმტიტის თავურებმა მოუტანეს ფრანგებს გადამწყვეტი გამარჯვებები ურუგვაისა და ბელგიასთან შეხვედრებში.

 

ის, რომ დეშამის გუნდის წინააღმდეგ ჩაწოდებებით შეტევა უპერსპექტივოა, ჩემპიონატის სტატისტიკითაც დასტურდება. ჩაწოდებული ბურთები თითქმის ყოველთვის ფრანგი მცველებს ნადავლი ხდება.

 

ხორვატებთან მატჩში ვარანი-უმტიტის დუეტს ღირსეული მოწინააღმდეგე ეყოლება. მარიო მანჯუკიჩი  ასევე ერთ-ერთი საუკეთესოა საჰაერო ორთაბრძოლებში, ათლეტურია ივან პერიშიჩიც, რომლის გოლმა ინგლისთან ხორვატებს ანგარიში გაათანაბრებინა. მიუხედავად ამისა, ფრანგებთან მხოლოდ ფიზიკური ძალისა და ათლეტურობის იმედზე შეტევაზე აქცენტის გაკეთება დიდად პერსპექტიული მაინც არ უნდა იყოს.

 

 

ფრანგებს არ ეშინიათ დაცვიდან თამაშის. პირიქით, მასირებულ და პოზიციურ დაცვაში ძალიან კარგად გრძნობენ თავს. გუნდში რაოდენობრივად უფრო მეტი დაცვაზე ორიენტირებული ფეხბურთელია და ისინი უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს კონტრშეტევებზე თამაშის დროს, ვიდრე პოზიციური შეტევისას. ნახევარფინალური შეხვედრა ამის საუკეთესო მაგალითი იყო. ბელგიას მატჩის 60 პროცენტი ჰქონდა ბურთი, შეხვედრის დიდი ნაწილი საფრანგეთის კარის სიახლოვეს წარიმართა (29 % ბურთი საფრანგეთის მესამედზე, 23 %- ბელგიის მესამედზე), ამის მიუხედავად, ბელგიამ მხოლოდ 9-ჯერ დაარტყა კარის მიმართულებით, საფრანგეთმა კი -19-ჯერ.

 

ეს იმას ნიშნავს, რომ დაცვაში ჩამჯდარ საფრანგეთთან შეტევა ძალიან რთულია, ფრანგები კი, პირიქით, შეტევაზე გადასულ მეტოქეს კონტრშეტევებზე ძალიან კარგად იჭერენ. ამაში მათ ისიც ეხმარება, რომ ორი ძალიან სწრაფი მოთამაშე -კილიან მპაბე და ანტუან გრიზმანი - ჰყავთ.

 

ამ ვითარებაში ხორვატიამ უფრო ლოგიკური იქნება, რომ სცადოს მეორე ნომრად თამაში, არ დაუტოვოს ფრანგებს სივრცეები და აიძულოს დეშამის  გუნდი მატჩის დიდი ნაწილი პოზიციურ შეტევებში გაატაროს. ფრანგებმა ამ ტიპის შეხვედრაში უკვე იწვალეს საკმაოდ სუსტ ავსტრალიის ნაკრებთან. 2 წლის წინ წაგებულ ევროპის ჩემპიონატის ფინალშიც პორტუგალიამ მეორე ნომრად თამაში ამჯობინა და  ფრანგები აიძულა პოზიციურ შეტევებში ჩართულიყვნენ.

 

ეს სტრატეგია უფრო კარგად ერგება ხორვატიის დაცვის თავისებურებებს. თუკი ხორვატია შეუტევს ძალიან სწრაფი კილიან მბაპე ხორვატთა რიგებში ყველაზე სუსტი რგოლის, მათი მარცხენა მცველის, სტრინიჩის, წინააღმდეგ აღმოჩნდება. სივრცეში დაზღვევის გარეშე კი მბაპეს შეჩერება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. სტრინიჩის გარდა, ღია სივრცეში თამაში უჭირს  ლოვრენსაც.

 

თუმცა, პოზიციურ დაცვაში 188 სანტიმეტრის სიმაღლე ლოვრენი ძალიან ძლიერია,  კარგად თამაშობს თავით და უშეცდომოა ორთაბრძოლებში. თუკი, საფრანგეთს პირველ ნომრად თამაში მოუწევს, ძირითადი ოპცია ოლივიე ჟირუზე გაკეთებული ჩაწოდებები იქნება, ლოვრენი კი კარგად იცავს ჩაწოდებებს და ჟირუს მასზე  ძალითა და გაბარიტებით არანაკლებ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

 

ხორვატების პრესინგი

ხორვატებისთვის მეორე ოპცია  შეიძლება იყოს, რომ ისინი არა მეტოქის, არამედ თავის ძლიერ მხარეებზე კონცენტრირდნენ და არ შეცვალონ ჩვეული თამაში. ხორვატების თამაშში ყველაზე ძლიერი მხარე მათი პრესინგია. ხორვატების სამივე შემტევი - ივან პერიშიჩი, მარიო მანჯუკიჩი და ანტე რებიჩი - ძალიან ძლიერია ფიზიკურად, ბევრს მოძრაობს და აქტიურად აპრესინგებს მეტოქის დაცვას.

 

ინგლისის ნაკრები სამი ცენტრალური მცველით თამაშობს და ბურთს უკანა ხაზში დიდი ხანი ათამაშებს, თუმცა ხორვატების პრესინგმა ინგლისელებს ბურთის გათამაშების და შეტევის მოკლე პასით დაწყების საშუალება არ მისცა.  ხორვატების პრესინგის შედეგად, ინგლისმა  63 გრძელი პასი გააკეთა და დაცვის ხაზიდან პირდაპირ შეტევაში გადასვლა სცადა. გრძელი გადაცემების უმეტესობა იკარგებოდა. ხორვატების ორივე მცველი (ლოვრენი, ვიდა) ძალიან კარგად თამაშობს თავით და თუ ხორვატებმა მოახერხეს საფრანგეთიც აიძულეს გრძელი პასებით დაიწყოს შეტევა, ეს მათთვის მომგებიანი სტრატეგია იქნება.

 

ამ შემთხვევაში ზლატკო დალიჩს, ხორვატთა მთავარ მწვრთნელს, რისკზე წასვლა მოუწევს. თუკი, ფრანგები ხორვატული პრესინგიდან ამოსვლას შეძლებენ, მათ კონტრშეტევების საშუალება ექნებათ. 

 

ხორვატების პრესინგისთვის წარმატება ორ უმნიშვნელოვანეს ფაქტორზე იქნება დამოკიდებული - ანტუან გრიზმანსა და ხორვატების ფიზიკურ მომზადებაზე.

 

გრიზმანის როლი

მუნდიალის წინ ვწერდით, რომ საფრანგეთისთვის  ერთ-ერთ მთავარ პრობლემად შეიძლება მათი პრესინგიდან ამოსვლა იქცეს. დეშამს გუნდში არ ჰყავს მოდრიჩის და ან თუნდაც რაკიტიჩის ტიპის ტექნიკური ნახევარმცველი, რომელსაც უკან ჩამოსვლა და ბურთის გათამაშება შეუძლია.  მოედნის ცენტრში ფრანგებს დაცვაზე ორიენტირებული ჩამშლელები ჰყავთ. არც მათი განაპირა მცველები, განსაკუთრებით კი, ლუკა ერნანდესი, არ გამოირჩევა, დაცვიდან შეტევაში გადასვლის უნარით.

 

დიდიე დეშამმა ეს პრობლემა კარგად გადაჭრა. მან ისარგებლა იმით, რომ ანტუან გრიზმანს ძალიან ბევრი და სწრაფად მოძრაობა შეუძლია. გრიზმანი საფრანგეთის ნაკრების სტრუქტურისთვის გადამწყვეტი მოთამაშეა. იგი მკაცრი ტაქტიკური დავალებებისგან თავისუფალია და მოედანზე სიტუაციურად განლაგდება. მოწინააღმდეგის პრესინგის დროს გრიზმანი უკან იწევს და ბურთის დაცვიდან ამოტანაში ეხმარება. მისი ტაქტიკურად შეზღუდვა თითქმის შეუძლებელია, რადგან გრიზმანი მუდამ არასტანდარტულად მოძრაობს.

 

ბელგია მთელი ტურნირის მანძილზე ძალიან კარგად აპრესინგებდა, თუმცა საფრანგეთთან სწორედ გრიზმანის წყალობით მათი პრესინგი უშედეგო აღმოჩნდა. ფრანგები წყნარად ამოდიოდნენ დაცვიდან და ქმნიდნენ სახიფათო მომენტებს კონტრშეტევების დროს.

 

გრიზმანის უკან ჩამოწევა დეშამის მთავარი სიახლეა. 2 წლის წინ, ევროპის ჩემპიონატზე, გრიზმანი უკან არ ჩამოდიოდა, რადგან ფრანგებს იგი შეტევის დროს სჭირდებოდათ და ფაქტობრივი თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა. წელს კი ფრანგებს უკვე გუნდში ჰყავთ კილიან მბაპე და გრიზმანს შეუძლია გამთამაშებლის ფუნქციებიც შეითავსოს.  მისი დინამიურობიდან გამომდინარე იგი ნახევარდაცვასაც ეხმარება და თავდასხმასაც.

 

გადაღლილობის ფაქტორი

პრესინგის თამაშს ძალიან ბევრი ფიზიკური ენერგია სჭირდება. დაღლილობის ფაქტორი ფინალის წინ უმნიშვნელოვანესია.  მუნდიალზე გუნდებს 3-4 დღეში ერთხელ უწევთ თამაში და ენერგიის აღდგენა ძირითადი პრობლემაა. ამ ფონზე ხორვატია პირველი გუნდია ისტორიაში, რომელმაც ფინალს სამი დამატებითი დროის ფონზე მიაღწია.

 

ფრანგებს დამატებითი დრო ტურნირზე ჯერ არ უთამაშიათ. ჯამში ხორვატიას პლეი ოფში საფრანგეთზე 90 წუთით მეტი აქვს ნათამაშები. ამას ემატება ის დიდი მენტალური ენერგია, რომელსაც პენალტების დარტყმა მოითხოვს. ხორვატიას ამ ჩემპიონატზე უკვე მოუწია ორი პენალტების სერიის მოგება.

 

სპეციალისტები ჯერ კიდევ ინგლისთან თამაშის სკეპტიკურად იყვნენ განწყობილები, თუ როგორ შეძლებდნენ ენერგიის აღდგენას ბალკანელები ნახევარფინალისთვის. ამ ფონზე, თუ როგორ ეყოფათ ფინალში ხორვატებს ენერგია,  უმნიშვნელოვანესი საკითხია. მით უმეტეს, რომ ხორვატებს არცთუ ისე გრძელი სათადარიგო სკამი აქვთ და ლიდერების შეცვლის რესურსი ნაკლებად გააჩნიათ.

 

დაღლის პრობლემას  ხორვატები  ფანატიზმამდე მისული თავდადებითა და მონდომებით ჭრიან.

 

 

ივან რაკიტიჩს ინგლისთან ნახევარფინალის წინა საღამოს მაღალი სიცხე ჰქონდა, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია მოედანზე გამოსულიყო და ჩვეულად მაღალი კლასის თამაში ეჩვენებინა.

 

ფსიქოლოგიური უპირატესობა

თითქმის ყველა ლოგიკური კრიტერიუმის მიხედვით საფრანგეთი ფავორიტია, თუმცა ფსიქოლოგიური უპირატესობა ხორვატების მხარეზეა. მათ დასაკარგი უფრო ნაკლები აქვთ - ის, რაც მათ შეძლეს, უკვე გმირობაა. შესაბამისად ისინი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე ითამაშებენ. საფრანგეთს, პირიქით, ორი წლის წინ, სახლში წაგებული ევროპის ჩემპიონატის ფინალში წაგება ამძიმებს. დეშამის გუნდი პორტუგალიასთან შეხვედრაში მაშინაც ფავორიტი იყო, თუმცა დასანანი მარცხი იწვნია.

 

გარდა ამისა, ხორვატებმა ამ მუნდიალზე უკვე რამდენჯერმე გამოსცადეს ემოციური წნეხი, მათ შორის პენალტების სერია. ფრანგები კი თითქმის არცერთხელ არ მოხვედრილან იმ სიტუაციაში, როდესაც თამაში მათი სცენარით არ მიდის. ანგარიშში უკანაც ისინი მხოლოდ ერთხელ იყვნენ არგენტინასთან შეხვედრაში და იქაც ანგარიში სულ რამდენიმე წუთში გათანაბრდა.  უცნობია, თუ როგორი იქნება დეშამის გუნდის რეაქცია შესაძლო ემოციურ სტრესზე.

 

შემადგენლობები

ორივე გუნდი, სავარაუდოა, რომ შემადგენლობაში ცვლილებებს არ მიმართავს. ორივე მწვრთნელი, განსაკუთრებით კი, დიდიე დეშამი, მოგებული შემადგენლობის შენარჩუნების მომხრეა.

ხორვატების რიგებში ერთადერთი, შესაძლოა, მარცხენა მცველის პოზიციაზე სუსტად მოასპარეზე სტრინიჩის ადგილი პივარიჩმა დაიკავოს. ამ ცვლილებას დალიჩი თამაშის დროსაც მიმართავს ხოლმე. კითხვის ნიშნის ქვეშ არის ივან პერიშიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, თუმცა ხორვატთა ერთ-ერთი ლიდერი თამაშს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოტოვებს, თუ მოედანზე გასვლას ფიზიკურად ვერ შეძლებს.

 

 

 

საინტერესო ფაქტები

 

ხორვატია თავის ისტორიაში დიდი სანაკრებო ტურნირის პირველ ფინალს თამაშობს. აქამდე ბალკანელთა ყველაზე დიდი მიღწევა 1998 წლის მესამე ადგილი იყო.

 

საფრანგეთი მსოფლიოს ჩემპიონატებზე  ბოლო 20 წლის ყველაზე წარმატებული ნაკრებია -1998 წლიდან ისინი უკვე მესამე მუნდიალის ფინალს თამაშობენ (1998, 2006, 2018).

 

ხორვატია პირველი გუნდია ისტორიაში, რომელმაც ფინალს სამი დამატებითი დროის შემდეგ მიაღწია. ჯამში მათ საფრანგეთზე 90 წუთით მეტი აქვთ ნათამაშები.

 

20 წლის წინ საფრანგეთი-ბრაზილიის ფინალში ფრანგებს დიდიე დეშამი კაპიტნობდა.  კვირას მას შანსი აქვს უკვე მწვრთნელის რანგში მოიგოს მსოფლიო ჩემპიონატი.

 

წარმატების შემთხვევაში დეშამი იქნება მეოთხე, ვინც მსოფლიოს ჩემპიონობა, როგორც მოთამაშის, ასევე მწვრთნელის რანგში შეძლო. აქამდე ამის მიღწევა გერმანელმა ფრანც ბეკენბაუერმა  და ბრაზილიელებმა მარიო ზაგალომ და კარლოს ალბერტომ მოახერხეს

 

ეს ამ გუნდების მხოლოდ მესამე ოფიციალური შეხვედრაა: 1998 წელს მუნდიალის ნახევარფინალში ფრანგებმა ხორვატიას 2-1 სძლიეს, ხოლო, 2004 წელს კი ევროპის ჩემპიონატზე შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა.

 

თუკი დეშამი არ შეცვლის შემადგენლობას ფრანგებს ხორვატებთან 6 მოთამაშე ეყოლებათ, რომლებმაც 2 წლის წინ ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშეს: ლორისი, პოგბა, მატუიდი, უმტიტი, გრიზმანი დაა ჟირუ.

 

 

 

წყარო: popsport.com

big_banner
არქივი