logo_geo
სფფ: მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე ფიფა-სგან შესაბამისი რეაგირება მოვითხოვეთ
- +

5 აგვისტო. 2018. 01:27

 

 

„ნიგერიის ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ ვაცნობეთ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს – ფიფას და მისგან შესაბამისი რეაგირება მოვითხოვეთ“, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

 

„საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გვსურს, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ დღეს, 4 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ დაუყონებლივ აცნობა მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს და მოითხოვა მისგან შესაბამისი რეაგირება.

 

კერძოდ, რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს ნიგერიის ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები, ჩვენ ისევე როგორც სხვა მსგავს შემთხვევებში, დროული რეაგირებისთვის აღნიშნული ინფორმაცია და ჩვენი პოზიცია სრულად მივაწოდეთ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს – ფიფას. აგრეთვე შესაბამისი რეაგირებისთვის ინფორმაცია და მოთხოვნა გადაიგზავნა ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციაშიც.

 

ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო, ნებისმიერი მსგავსი ტიპის ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ყველა საშუალებას გამოიყენებს, რათა არ დაუშვას ქართული სახელმწიფოებრიობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული სპორტული ქმედებები“, – აღნიშნულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციაში.

 

სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიგერიის ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები უახლოეს დღეებში ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს.

 

 

big_banner
არქივი