logo_geo
საზარელი ამბის დრამატული დეტალი - „მაინც ვერ მიპოვით, მამა, მეშინია”...
- +

25 იანვარი. 2019. 15:53

 

28 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა ემილიანო სალამ ოჯახის წევრებს და მეგობრებს თვითმფრინავიდან „Watsapp“-ით ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც ამბობს, რომ თვითმფრინავის საქმე ცუდადაა, თვითონ კი ძალიან შეშინებულია.

 

„კარდიფ სიტის“ თავდამსხმელი ორშაბათს საღამოს ნანტიდან კარდიფში პატარა, კერძო თვითმფრინავით მიფრინავდა, რომელიც რადარებიდან გაქრა. დიდი ალბათობით „ჯეტი“ (Piper PA-46 Malibu) ჩამოვარდა. სწორედ ამაზე მიუთითებს დრამატული ხმოვანი შეტყობინება, რომელიც სალამ „Watsapp“-ით ახლობლებს გაუგზავნა. როგორც ჩანს, შეტყობინება მას მერეა გაგზავნილი, რაც თვითმფრინავს პრობლემები შეექმნა.

 

„კარდიფში უნდა ჩავსულიყავი, ხვალ იქ ვარჯიში იწყება. ხალხო, ეს ჩემი ახალი გუნდია. ბოლო დღეებში ნანტში ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი საქმე მქონდა. საქმეები არა და არ გამოილია! კარდიფში მივფრინავ. თვითმფრინავში ვარ და საქმე ისეა, რომ ნაწილებად დაიშლება…  მაინც ვერ მიპოვით, მამა, მეშინია... იმ შემთხვევაში, თუ უახლოესი საათნახევრის განმავლობაში ჩემგან არაფერს გაიგებთ: არ ვიცი, გამოგზავნიან თუ არა ვინმეს, რომ მიპოვონ, მაგრამ მაინც ვერ მიპოვიან. მამა, ძალიან მეშინია. ისე მეშინია…“ - ეს სიტყვები სავარაუდოდ უკანასკნელია, რაც ემილიანო სალამ თქვა.

 

ემილიანოს მამამ, ორასიომ გაზეთ „კლარინს“ დაუდასტურა, რომ აუდიოჩანაწერში ნამდვილად მისი შვილის ხმაა.

 

მაშველებს ემილიანო სალას და ეკიპაჟის სხვა წევრების გადარჩენის იმედი აღარ აქვთ.

 

„არა მგონია, რომ ვინმე ცოცხალი იყოს. ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ დაიკარგა თვითმფრინავი. ის სრულიად გაქრა, შეტყობინების გარეშე. ვფიქრობ, ზღვის ტემპერატურისა და სხვადასხვა გარემოებების გამო, ძალიან შემცირდა შანსი, რომ ვინმე ცოცხალი ვიპოვოთ“, - აცხადებს ჯონ ფიჯერალდი, რომელიც სამაშველო ოპერაციას ხელმძღვანელობს.

 

არგენტინული ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა კი ემილიანოს პოვნის იმედს არ კარგავს.

 

„იმედს არ ვკარგავ, ჯერ იქნებ ცოცხლები არიან!“ - აღნიშნავს მარადონა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი