დუბიაის ტურნირზე ერთეულებში პირველი წრის მატჩის მოგების შემდეგ, დღის მეორე ნახევარში ბასილაშვილმა კიდევ უფრო დიდ გამარჯვებას წყვილების ტურნირის პირველ რაუნდში მიაღწია. მან და ავსტრალიელმა მეტიუ ებდენმა მეორე ნომრად განთესილ მაიკლ ვინუსსა (ახალი ზელანდია) და რავენ კლაასენს (სამხრეთ აფრიკა) ანგარიშით – 7:6(4), 3:6, 10:3 მოუგეს.
ქართველისა და ავსტრალიელის მოგების მნიშვნელობაზე ის ლაპარაკობს, რომ კლაასენისადა ვინუსის წყვილი, შარშან, უიმბლდონის ფინალში იყო და იქ ძმებ ბრაიანებთან დამარცხდა. ვინუსს კი რაიან ჰარისონთან ერთად 2017 წელს „როლან გაროსი“ აქვს მოგებული.
ბასილაშვილისა და ებდენის მეტოქე მეოთხედფინალში მელცერი/ჟიმონჟიჩისა და როჯერი/ტეკაუს წვილებს შორის მატჩში გაირკვევა.
დღის პირველ ნახევარში, ერთეულთა ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა ყოველგვარი დაძაბვის გარეშე, მსოფლიოს მე-12 ჩოგანი, რუსი კარენ ხაჩანოვი ანგარიშით – 6:4, 6:1 დაამარცხა. შეხვედრა სულ რაღაც საათსა და 13 წუთს გაგრძელდა.