logo_geo
ლაშა გურგულიანი მსოფლიოს ჩემპიონია
- +

25 მაისი. 2019. 19:35

 

პროფესიონალმა ქართველმა მოკრივე ლაშა გურგულიანმა გუშინ ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში გამართულ საჩემპიონო ბრძოლაში W B F Super Welterweight კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

 

ქართველის მეტოქე ბერძნული წარმოშობის ეგვიპტელი, 27 წლის ანდრეას ვალავანისი იყო. ბრძოლამ ეგვიპტეში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან ეგვიპტური კრივის ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საუკეთესო ეგვიპტელ მოკრივეს ჰქონდა შანსი მსოფლიო ჩემპიონის ქამრისთვის ებრძოლა. თუმცა გურგულიანი სრულად კონცენტრირებული გავიდა რინგზე და თავისი გამარჯვება ეჭვქვეშ არ დაუყენებია.

 

12-რაუნდიან დაპირისპირებაში მან რამოდენიმეჯერ დაანოკდაუნა მეტოქე, მაგრამ ვალავანისმა ბოლომდე გაუძლო. საბოლოოდ კი ქართველმა ქულებით მოიპოვა გამარჯვება და მსოფლიო ჩემპიონის საპატიო ქამარიც მოირგო.

 

„ძალიან ბედნიერი ვარ. შრომა და მონდომება დამიფასდა და შევძელი მსოფლიო ჩემპიონის ქამრის მოპოვება. საკმაოდ ძლიერი მეტოქე მყავდა და ბრძოლაც მის მშობლიურ ქალაქში იყო, თუმცა ყურადღება არაფრისთვის მიმიქცევია, მხოლოდ ბრძოლაზე და ჩემპიონობაზე ვფიქრობდი. მიხარია რომ 26 მაისის ზეიმს დაემთხვა ჩემი წარმატება და ამ გამარჯვებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს ხალხს და ქართული კრივის ქომაგებს ვუძღვნი!“ – აცხადებს ჩემპიონი.

 

ლაშა გურგულიანი საქართველოში ხვალ, 26 მაისს ბრუნდება.

 

 

big_banner
არქივი