logo_geo
ნიკოლოზ ბასილაშვილმა წლის მატჩში ზვერევს მოუგო და ჰამბურგის ფინალში გავიდა
- +

27 ივლისი. 2019. 19:31

 

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ATP500-ის ტურნირის პირველი ნახევარფინალი გაიმართა, რომელშიც მოქმედი ჩემპიონი, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მეხუთე ჩოგანს, გერმანელ ალექსანდრ ზვერევს ხვდებოდა. ამ მატჩზე იყო დამოკიდებული – შეინარჩუნებდა თუ არა რეიტინგის პირველ ოცეულში ადგილს ქართველი ჩოგბურთელი. ამისთვის მას აუცილებლად სჭირდებოდა თანამედროვე ჩოგბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავის დამარცხება. ნიკამ ეს ამოცანა წარმატებით შეასრულა და ზედიზედ მეორედ გავიდა ჰამბურგის ფინალში.

 

ორივე ჩოგბურთელმა ნახევარფინალამდე თითო სეტი დათმო. ბასილაშვილმა ჯერ 6:4, 6:3 მოუგო ბოლივიელ უგო დელიენს, მერვედფინალში კი როლან გაროსზე მარცხისთვის რევანში აუღო არგენტინელ ხუან იგნასიო ლონდეროს – 6:4, 3:6, 6:3. მეოთხედფინალში მას პრობლემები არ ჰქონია ფრანგი ჟერემი შარდის წინააღმდეგ.

 

ზვერევმა პირველ ორ წრეში ორ-ორ სეტში მოუგო ჩილელ ნიკოლას ხარისა და არგენტინელ ფედერიკო დელბონისს, მეოთხედფინალში კი სასწაული მოახდინა, როცა 2:6, 2:5-დან მოუგო სერბ ფილიპ კრაინოვიჩს – 2:6, 7:5, 6:2.

 

ბუკმეიკერების აშკარა ფავორიტი ამ მატჩში გერმანელი ჩოგბურთელი იყო, მით უმეტეს, მას ორიდან ორი მატჩი ჰქონდა მოგებული ქართველისთვის: 2015 წელს, მარსელის “ჩელენჯერში – 7:6, 6:3 და 2018 წელს, შანხაის “მასტერსზე” – 7:5, 6:4.

 

ის, რომ ქართველს ურთულესი თამაში ელოდა, პირველივე გეიმში გამოჩნდა, რომელიც რვა წუთი გაგრძელდა და ბასილაშვილს ორი ბრეიკ-პოინტის მოგერიება დასჭირდა. ზვერევს მესამე გეიმშიც ჰქონდა ბრეიკ-პოინტი და ისევ ვერ გამოიყენა შანსი, პარტიის მეორე ნახევარში კი ინიციატივა თანდათან გადავიდა ბასილაშვილის მხარეს. ახლა უკვე მას ჰქონდა გერმანელის ზედიზედ სამ გეიმში ბრეიკ-პოინტი და მესამე ცდაზე შანსი ხელიდან არ გაუშვა.

 

მეორე სეტი მოქმედი ჩემპიონის უპირატესობით დაიწყო და ქართველი ძალიან მიუახლოვდა ფინალს, როცა მეოთხე გეიმში კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და 3:1 დაწინაურდა. საჭირო იყო საკუთარი მოწოდების შენარჩუნება და ფინალი გარანტირებული იქნებოდა. მაგრამ ზვერევმა მომდევნო გეიმში თავისი პირველი ბრეიკი შეასრულა და სტატუს-ქვო აღადგინა. ეს გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა სეტში – გერმანელმა ინიციატივა მოიპოვა, კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება და შემდეგ სეტზეც ჩააწოდა.

 

საჭირო გახდა მესამე სეტის თამაში, რომელშიც, წესით, ფსიქოლოგიური უპირატესობა წინა დღეს შესრულებული ქამბექის გათვალისწინებით, ზვერევს უნდა ჰქონოდა. და ასეც მოხდა იმის მიუხედავად, რომ პირველი ბრეიკი ბასილაშვილმა შეასრულა და ისევ წინ გავიდა. მაგრამ ამ უპირატესობის შენარჩუნება ნიკამ ვერ შეძლო – ამის შემდეგ, მეტოქის ოთხ გეიმში ზვერევმა 11 ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და ორი ბრეიკი შეასრულა. გერმანელმა 0:3-დან ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო და 5:3 დაწინაურდა. ბასილაშვილი განწირული ჩანდა – მეცხრე გეიმში მისმა მეტოქემ ორი მატჩბოლი მოიპოვა. და აქედან დაიწყო ქართველი ჩოგბურთელის ქამბექი – მან ორივე მატჩბოლი მოიგერია, შემდეგ გეიმში ბრეიკი შეასრულა და მატჩზე არ ჩააწოდებინა ზვერევს, მე-11 გეიმში კი ორი ბრეიკ-პოინტიდან დაიძვრინა თავი და წინ გავიდა – 6:5.

 

სრულიად ლოგიკურად და სამართლიანად, მატჩის ბედი ტაი-ბრეიკს უნდა გადაეწყვიტა. 2019 წელს, ბასილაშვილს 16-ჯერ მოუწია საჩოგბურთო ლატარიის თამაში და უარყოფითი ბალანსი ჰქონდა – შვიდი მოგება და ცხრა წაგება.

 

მე-13 გეიმი ნიკასთვის კარგად დაიწყო – პირველი მინი-ბრეიკი მან შეასრულა, მაგრამ 1:2-დან ზვერევმა ზედიზედ ოთხი ქულა აიღო და 5:2 დაწინაურდა. ბასილაშვილმა ისევ გაიბრძოლა და ზედიზედ ოთხი გათამაშების მოგებით მატჩბოლი მოიპოვა – 6:5. ნიკამ ეს შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და 6:4, 4:6, 7:6(5) გაიმარჯვა. მატჩი სამი საათი და 10 წუთი მიმდინარეობდა.

 

ახლა, ბასილაშვილი “ცოცხალ” რეიტინგში მე-18 პოზიციაზეა. კვირას, ფინალის მოგების შემთხვევაში, ის ორშაბათიდან მე-16 ადგილზე დაბრუნდება. გადამწყვეტი მატჩში ქართველის მეტოქე ესპანელი პაბლო კარენო ბუსტა ან რუსი ანდრეი რუბლიოვი იქნება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი