logo_geo
გარინჩა - ხალხის სიყვარული
- +

2 სექტემბერი. 2019. 23:14

 

მანუელ ფრანცისკო დოს სანტოსი, ალბათ, ეს სახელი არაფერს გეუბნებათ, მაგრამ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში იციან ლეგენდარული ფეხბურთელის გარინჩას შესახებ.

 

ბრაზილიელებისთვის დამახასიათებელია ბურთზე კონტროლი და მისი შეუდარებელი ფლობა, მაგრამ გარინჩა მაინც განსაკუთრებული ფენომენი იყო. ის ბავშვობიდან აკვირვებდა ყველას თუ როგორ ახერხებდა ასე მოხდენილად ბურთის თამაშს ბიჭი, რომელსაც დაბადებიდან ერთი ფეხი მეორეზე 6 სანტიმეტრით მოკლე ჰქონდა.

 

ოპერაციის მიუხედავად, ექიმებმა ვერ შეძლეს ნაკლის გამოსწორება. ქირურგების ჩარევამ წარუმატებლად ჩაიარა და მედიკოსებმა ბიჭს ფეხბურთის თამაში კატეგორიულად აუკრძალეს, თუმცა, მომავალმა ვარსკვლავმა მათი რჩევა თუ მოთხოვნა არაფრად ჩააგდო და კვლავინდებურად გააგრძელა ბურთის გორება. გავიდა წლები, პატარა ბიჭუნა გაიზარდა და მუშაობა ერთ-ერთ ფაბრიკაში დაიწყო.

 

ერთ დღეს კლუბ „ბოტაფოგოს“ ახალგაზრდული კლუბის მწვრთნელი მეგობართან ერთად სასმელს შეექცეოდა. სახლისკენ მიმავალმა ეზოში მოთამაშე ბიჭები დაინახა, რომელთაგანაც ერთ-ერთი განსაკუთრებულად გამოირჩეოდა. ბიჭი მეტოქეებს ძალიან მარტივად ატყუებდა და ბურთს პრაქტიკულად არ კარგავდა. ამასთან ერთად აშკარა იყო, რომ თამაშის დროს კოჭლობდა.

 

„ბოტაფოგოს“ ახალგაზრდული კლუბის მწვრთნელმა ყველაფერი სიმთვრალეს დააბრალა და სახლისკენ გაეშურა, თუმცა პატარა ბიჭზე ფიქრმა არ მოასვენა. მეორე დღეს იგი კვლავ გაეშურა იმავე ადგილას და როდესაც იგივე სცენარი დახვდა ბიჭს სინჯებზე წაყვანა შესთავაზა.

 

ბოტაფოგოს მაშინ ყველასათვის ცნობილი ფეხბურთის სპეციალისტი ჟენტილ კარდოზო წვრთნიდა. როდესაც მწვრთნელმა, მოთამაშეებმა და ვარჯიშზე მყოფმა მაყურებლებმა გარინჩა დაინახეს, მასზე სიცილი დაუწყიათ. ამის მიზეზი კი მისი კოჭლობა იყო, თან ფეხბურთელის ფორმაში ისეთი ადამიანი იყო გამოწყობილი, რომელიც წონასწორობასაც კი ვერ იცავდა. ხარხარისა და დაცინვის შემდეგ, გარინჩასთვის უკითხავთ, თუ რომელ პოზიციაზე შეეძლო თამაში, გარინჩას თამამად უთქვამს, რომ ყველგან ითამაშებდა, მხოლოდ კარს ვერ დაიცავდა. მისი შემოწმება კი იმდროინდელი ბრაზილიის ნაკრების წევრისთვის, იმ დროისთვის საკმაოდ კარგ მცველად აღიარებული ნილტონ სანტოსისთვის დაუვალებიათ. ამის შემდეგ დაიწყო დიდი სანახაობა მოედანზე, მას თავში მეტად თავხედური იდეა მოუვიდა: განთქმული მცველისთვის ბურთი ფეხებს შუა გაეტარებინა. შესაფერისი მომენტი მალე დადგა და თვითმხილველთა გასაოცრად, მან წამში თავბრუ დაახვია დიდ ნილტონს. გარინჩამ არამარტო ლეგენდარული მცველი, არამედ მთელი გუნდი მოატყუა და მაყურებლის თვალში დაამცირა კიდეც ისინი. გასახდელში გასულ გარინჩასთვის გუნდის ექიმს უთქვამს, რომ სანტოსისთვის ასეთი რამის გაკეთება არ უნდა გაებედა, რომ მასზე იყო დამოკიდებული მიიღებდნენ თუ არა გარინჩას გუნდში. მაგრამ სანტოსმა გარინჩაზე წყნა არ ჩაიდო გულში და ის გუნდში აყვანეს. ამის შემდეგ დაიწყო მისი ბრწყინვალე კარიერა ბრაზილიის ნაკრებში. მის თამაშს აღტაცებაში მოჰყავდა მაყურებელი. კარგი ფეხბურთელის გარდა, ის ძალიან ჰუმანური, კეთილი და გულუბრყვილო ყოფილა. ალბათ, ბევრმა არც კი იცის, რომ Fair Play-ის პრინციპებს ფეხბურთში სწორედ გარინჩამ დაუდო საფუძველი.

 

1960 წლის 27 მარტი იდგა, „ბოტაფოგოს“ მეტოქე მცველს ბურთის მოგერიებისას ფეხი დაუცდა და იღრძო. ბურთით მეკარესთან პირისპირ გარინჩა დარჩა. მაგრამ გოლის გატანის ნაცვლად მან პაუზა გააკეთა, მოედანზე გაშხლართულ უკანახაზელს შეხედა და ბურთი აუტში გადააგდო.

 

ბრაზილიის ნაკრებში გარინჩა 1955-66 წლებში გამოდიოდა, სულ 50 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. ორჯერ, 1958 და 1962 წლებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ბოტაფოგოსთან ერთად მაშინდელი საკონტინეტთაშორისო თასი მოიგო, ორჯერ ქვეყნის, სამჯერ კი შტატის ჩემპიონი გახდა.

 

ის ფულს არასდროს აყენებდა ადამიანობაზე მაღლა. ამით კი ბოროტად სარგებლობდნენ და მას ძალიან დაბალ ხელფასს უხდიდნენ, რის გამოც მას ცუდ პირობებში უწევდა ცხოვრება. მასთან მისული სტუმრები გაოცებული იყვნენ თუ რატომ ცხოვრობდა ასეთ ქოხში და რატომ არ გადადიოდა მისთვის შესაფერის სახლში. გარინჩა ასეთ კითხვაზე პასუხობდა, რომ საამისოდ ახლა დრო არ გააჩნდა.

 

ტრიუმფალური იყო მისი გამოსვლა ასევე 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. მიუხედავად იმისა, რომ პელე მაშინ ტრავმირებული იყო და გუნდს ვერ ეხმარებოდა, ეს დანაკლისი გუნდს არ უგრძვნია, რადგან გუნდის ლიდერობა გარინჩამ იტვირთა და ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

 

1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მას მუხლის ტრავმა გაურთულდა, რის გამოც იძულებული გახდა, რომ დიდი ფეხბურთიდან წასულიყო.

 

ყველასგან მივიწყებული ლეგენდა, უსახლკაროდ დარჩენილი და ღვიძლის უკურნებელი სენით შეპყრობილი, სიღარიბეში 1983 წლის 20 იანვარს გარდაიცვალა. მარაკანას სტადიონიდან პაუ გრანდემდე სამგლოვიარო პროცესია 100000-მა ადამიანმა გააცილა, საფლავზე კი მადლიერების ნიშნად ხალხმა მას ასეთი წარწერა გაუკეთა: „მადლობა იმისთვის, რომ არსებობდი!“

 

მის ლეგენდარულ სტატუსზე ისიც მიუთითებს, რომ ბრაზილიის უდიდეს და ყველაზე ცნობილ სტადიონ მარაკანაზე მასპინძელი გუნდის გასახდელს „გარინჩა“ ჰქვია, რადგან მას ძალიან უყვარდა ამ სტადიონზე თამაში.

 

„პელე“-ს სახელით კი სტუმართათვის განკუთვნილ ოთახს მოიხსენიებენ.

 

 

 

big_banner
არქივი