logo_geo
2019 წლის შეჯამება: ოთარ კიტეიშვილი
- +

30 დეკემბერი. 2019. 14:42

 

 

„გახარებული ვარ კიტეიშვილის წინსვლით, სწორედ ასეთი უნდა იყოს ახალბედა, რომელსაც გუნდში ადგილის დამკვიდრება სურს. შემადგენლობაში 11 კიტეიშვილი რომ მყავდეს, მშვიდად ვიქნებოდი“, - ეს სიტყვები საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს ეკუთვნის. სლოვაკი სპეციალისტი და არა მხოლოდ ის, 23 წლის ფეხბურთელის პროგრესით აღფრთოვანებულია. თუ 2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენთა შორის რომელიმე ფეხბურთელის ადგილი მოიძებნება, ეს სწორედ გრაცის „შტურმის“ ქართველი შემტევი ნახევარმცველი გახლავთ.

 

ავსტრიაში მოთამაშე უნივერსალს, რომელსაც ჩამშლელი თუ შემტევი ნახევარმცველის და ცრუ ფორვარდის პოზიციაზე თამაში თანაბრად კარგად გამოსდის, შთამბეჭდავი წინსვლა აქვს და დროთა განმავლობაში, კიტეიშვილი საქართველოს ნაკრების თამაშის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად იქცა.

 

2019 წელი „დინამო თბილისის“ ყოფილი ფეხბურთელისთვის განსაკუთრებული იყო. კიტეიშვილმა გრაცის „შტურმთან“ ერთად მეორე სეზონი დაიწყო და თავისი გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა. ძირითადის კი არა, ავსტრიული კლუბის თამაში ქართველი ნახევარმცველის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია.

 

 

კიტეიშვილის წარმატება არც ავსტრიული პრესის ფურცლებს გამორჩენიათ, სადაც ქართველი ფეხბურთელი „შტურმის“ სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვდა და მას შემდეგი სიტყვებით ახასიათებენ:

 

„კიტეიშვილი საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა და თავის ეროვნულ გუნდს ქულების მოპოვებაში დაეხმარა. 23 წლის ნახევარმცველმა პირველი რთული სეზონის შემდეგ, “შტურმში” თავი დაიმკვიდრა, თუ ის გაზაფხულიდან კიდევ უფრო მოუმატებს, ავსტრიის ბუნდესლიგაში მისი დარჩენა საეჭვო იქნება“, - წერს ავსტრიული გამოცემა laola1.

 

მართლაც, ქართველი ფეხბურთელის გარეშე უკვე როგორც „შტურმის“, ისე ნაკრების თამაში თითქმის წარმოუდგენელია. ბოლო სანაკრებო შეხვედრებში, დანიისა და ირლანდიის ნაკრებთან მოპოვებულ ქულებში კიტეიშვილის წვლილი უდიდესი იყო. მან კრისტიან ერიქსენს გასაქანი არ მისცა, იდეალურად შეასრულა დაცვითი ფუნქციები და თანაგუნდელებს შეტევაშიც ზუსტი გადაცემებით ამარაგებდა.

 

 

23 წლის ფეხბურთელს მიმდინარე წელს სათამაშო პოზიციიდან გამომდინარე საკმაოდ კარგი სტატისტიკა აქვს. ყველა ტურნირზე მან „შტურმის“ მაისურით 39 მატჩში ითამაშა, ტრავმის მიზეზით ერთადერთი გამოტოვა და სათადარიგო სკამიდან მოედანზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში შევიდა. ამ პერიოდში მან 8 გოლის გატანა და 6 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

 

ქართველი ფეხბურთელისგან, რომელიც სხვადასხვა ავსტრიული გამოცემის ტურის თუ თვის სიმბოლურ გუნდშიც რამდენჯერმე მოხვდა, 2020 წელს კარიერაში ახალი ნაბიჯის გადადგმას უნდა ველოდოთ. წინ ერთა ლიგის დასკვნითი ფაზაა, სადაც ქართველი გულშემატკივარი ისტორიული წარმატებას ელის. აქ გამარჯვების შემთხვევაში, შესანიშნავ ფორმაში მყოფი ქართველი ფეხბურთელის ავსტრიის ბუნდესლიგაში დარჩენის შანსი საგრძნობლად შემცირდება, კიტეიშვილს კარიერის უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში გაგრძელების შესაძლებლობა ექნება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი