საკალათბურთო კლუბი „ბასკონია“ ესპანეთის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. დუშკო ივანოვიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალში „ბარსელონას“ მოუგო, ანგარიშით 69:67 და ამ გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა „ბასკონიას“ ქართველმა ლიდერმა თორნიკე შენგელიამ.
მოედანზე გატარებულ 33 წუთში მან 14 ქულა ჩააგდო და 4 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარებაც მიითვალა. მეოთხე პერიოდში შენგელიამ „ბარსელონას“ ლიდერ ნიკოლა მიროტიჩს მეხუთე პერსონალური მიაღებინა. „ბასკონიას“ რიგებშივე მოთამაშე საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა წევრმა მეტ ჯენინგმა 8 ქულა ჩააგდო.
„ლიგა ენდესას“ საჩემპიონო თასი თორნიკე შენგელიამ ჩაიბარა, როგორც გამარჯვებული გუნდის კაპიტანმა. დაჯილდოვების ცერემონიალზე „ბასკონიას“ ქართველი ლეგიონერი საქართველოს დროშით გავიდა.