logo_geo
ლოკომოტივის ისტორიული გამარჯვება - მოსკოვის დინამო დამარცხებულია!
- +

18 სექტემბერი. 2020. 02:42

 

 

თბილისის „ლოკომოტივმა“ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია. „რკინიგზელები“ მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე მოსკოვის „დინამოს“ დაუპირისპირდნენ და 2-1 იმარჯვეს.

 

„კრაიოვასთან“ მატჩის მსგავსად, ჭიაბრიშვილის გუნდმა ამ შეხვედრაშიც გამართული ფეხბურთი აჩვენა, საკუთარი პლუსები და მოწინააღმდეგის მინუსები კარგად გამოიყენა და მომდევნო ეტაპზე დამსახურებულად გავიდა.

 

მატჩის პირველი მომენტი თბილისელებმა შექმნეს. მე-5 წუთზე ომარ იმრანმა მეტოქეს ბურთი აართვა და კარისკენ სიხარულიძემ დაარტყა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. მე-15 წუთზე მოსკოველებს გოლის გატანის კარგი შანსი მიეცათ, თუმცა მამარდაშვილმა იყოჩაღა და შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა.

 

26-ე წუთზე უბილავას კარგი თამაშის წყალობით ხელსაყრელ მდგომარეობაში ომარ იმრანი აღმოჩნდა და ბურთი კარისკენაც გაუშვა, მაგრამ მისმა დარტყმამ მიზანს არ უწია. მატჩის დაწყებიდან ნახევარი საათის გასვლის შემდეგ, „დინამოს“ რამდენიმე მომენტი მიეცა. 30-ე წუთზე კომლიჩენკოს დარტყმას სანდოხაძე გადაეფარა, 32-ე წუთზე კარისკენ ბურთი ნჯიემ გაუშვა და „ლოკომოტივის“ უკანახაზელებმა კიდევ ერთხელ იყოჩაღეს. 33-ზე კი სანდოხაძეს ბურთი ხელზე მოხვდა და სახიფათო ჯარიმის შემდეგ, თბილისელთა კარი ჯერ მამარდაშვილმა, ხოლო შემდეგ უბილავამ გადაარჩინა.

 

პირველი ტაიმის ბოლოს სკოპინცევმა, რომელსაც ყვითელი ბარათი ჰქონდა, თბილისელთა წინააღმდეგ იუხეშა, მაგრამ მსაჯმა საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და მას მეორე ყვითელი არ უჩვენა.

 

მატჩის მეორე ნახევარი „ლოკოს“ კარნახით დაიწყო. 52-ე წუთზე თბილისელებმა კარში პირველად დაარტყეს. 54-ზე კი ანგარიში გახსნეს. გაბაძემ კირკიტაძეს ბრწყინვალე პასი გაუკეთა, ამ უკანასკნელის ჩაწოდების შემდეგ კი მეკარემ შეცდომა დაუშვა და ანგარიში სიხარულიძემ გახსნა.

 

2 წუთში „ლოკომოტივს“ ორბურთიანი უპირატესობის მოპოვება შეეძლო. „დინამოს“ მცველების შეცდომების შემდეგ, სამურკასოვი ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ მოსკოველთა მეკარემ კარგად ითამაშა და საკუთარი გუნდი თამაშში დატოვა.

 

76-წუთზე „ლოკომოტივმა“ მეორე გოლი მაინც გაიტანა. შონიამ მოედნის ცენტრში კარგად ითამაშა, რამდენიმე მეტრი გაიარა და კარისკენ დაარტყა. შუნინმა მორიგი შეცდომა დაუშვა, რითიც მამია გავაშელიშვილმა ისარგებლა და „რკინიგზელებს“ კომფორტული უპირატესობა მოუტანა.

 

85-ე წუთზე მოსკოველები სხვაობის შემცირებასთან ძალიან ახლოს იყვნენ. ორდეცის თავურის შემდეგ მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა და საოცარი სეივი შეასრულა.

 

3 წუთში „ლოკოს" მესამე ბურთის შეგდება შეეძლო, მაგრამ მიზნამდე ცოტა დააკლდა. რამდენიმე წამის შემდეგ კი, „დინამომ" თერთმეტმეტრიანი მოიპოვა და სხვაობა 1 ბურთამდე შეამცირა.

 

დარჩენილ დროში რუსებმა შეუტიეს, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს და მომდევნო ეტაპზე „ლოკომოტივი" გავიდა, სადაც „გრანადას" დაუპირისპირდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი