logo_geo
პირველი პუნქტი გორია - მასობრივი ფეხბურთის კვირეული დაიწყო
- +

26 სექტემბერი. 2020. 19:33

 

 

გორში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, მასობრივი ფეხბურთის კვირეული (Weplaystrong Together) დაიწყო, რომელიც უეფა-ს მხარდაჭერით იმართება – „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ ღონისძიებაში შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები 60-მდე გოგონა მონაწილეობდა.

 

პროგრამის მონაწილე გოგონებს მთელი წლის განმავლობაში საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სალომე ხუბულური და ქალთა საფეხბურთო გუნდის „გორი იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი რიჩარდ ოიებადე ავარჯიშებენ.

 

საფეხბურთო ფესტივალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები ალექსანდრე იაშვილი და ნიკა ჯღარკავა დაესწრნენ და გოგონებთან ერთად ივარჯიშეს.

 

ალექსანდრე იაშვილი – სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი:

 

„მასობრივი ფეხბურთის ღონისძიებები მთელი კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. ეს პროექტი საქართველოში უკვე მეორე წელია იმართება. ქალთა ფეხბურთის განვითარება ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პირველ ეტაპზე საქართველოს ქალთა ჩემპიონატი ჩამოვაყალიბეთ. ახლა კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემპიონატის მონაწილე კლუბები ახალგაზრდა და ნიჭიერი მოთამაშეებით შეივსონ. აღნიშნული პროექტის მთავარი მიზანი სწორედ ესაა“.

 

სალომე ხუბულური, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი:

 

„მსგავსი პროექტები ფეხბურთში უფრო მეტი გოგონას ჩართულობას უწყობს ხელს. საწყის ეტაპზე პროექტი სახალისო ვარჯიშებს მოიცავს, რაც შეიძლება მეტი გოგონა რომ მოვიზიდოთ. ნელ-ნელა კი, ვარჯიშები პროფესიულ ხასიათს მიიღებს. იმედი გვაქვს, რომ ბევრ ნიჭიერ მოთამაშეს აღმოვაჩენთ და განვითარებაში ხელს შევუწყობთ“.

 

 

big_banner
არქივი