logo_geo
მრბოლელი-მილიონერი სიჩქარის რეკორდის დამყარებისას დაიღუპა
- +

11 ოქტომბერი. 2020. 19:04

 

 

 

მრბოლელი და ბიზნესმენი ზეფ აიზენბერგი დიდ ბრიტანეთში ხმელეთზე სიჩქარის რეკორდის დამყარების მცდელობისას დაიღუპა.

 

როგორც Motorsport.uk იტყობინება, სასიკვდილო ავარია ელვინგტონში გაუქმებულ აეროდრომზე მოხდა, სადაც აიზენბერგი კინაღამ დაიღუპა ოთხი წლის წინ. 47 წლის მრბოლელი სიჩქარის რეკორდის დამყარებას მოდიფიცირებული Porsche 911 Turbo S-ით ცდილობდა. მან მაღალ სიჩქარეზე დაკარგა მართვა და ტრასიდან გადავარდა. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აიზენბერგის გადარჩენა სცადა, მაგრამ მრბოლელი მიღებული ტრავმებით ავარიის ადგილას გარდაიცვალა. პოლიციამ ტრაგედიის გარემოებების გამოძიება დაიწყო.

 

1995 წელს, აიზენბერგმა დააარსა კომპანია Maximuscle, რომელიც სპორტული კვების წარმოებით არის დაკავებული. 2011 წელს, მან ეს კომპანია 200 მილიონ დოლარად გაყიდა და ამის შემდეგ, ავტომოტოსპორტით დაკავდა. მან სიჩქარის 70-მდე ეროვნული თუ მსოფლიოს რეკორდი დაამყარა მოტოციკლებით, ავტომობილებითა და კვადროციკლებით. ასევე აიზენბერგი ტელეწამყვანი იყო და უძღვებოდა შოუს speed Freaks (“სიჩქარეზე შეშლილნი”).

 

ოთხი წლის წინ, აიზენბერგი ელვინგტონის აეროდრომზე მძიმე ავარიაში მოხვდა – 370 კმ/სთ სიჩქარით მოძრავ მოტოციკლზე დაკარგა მართვა. მაშინ მან 11 მოტეხილობა მიიღო, მაგრამ ერთი წლის შემდეგ დაუბრუნდა სპორტს და ახალი რეკორდების დამყარება გააგრძელა. გასულ წელს, ზეფმა მსოფლიოს რეკორდი დაამყარა ქვიშაზე – Porsche 911 Turbo-თი საათში 534 კილომეტრი სიჩქარე განავითარა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი