logo_geo
ლევან მაისაშვილი: ველოდებოდით შეცდომებს, მაგრამ არა ამდენს
- +

24 ოქტომბერი. 2020. 02:27

 

 

 

2020 წლის პირველ ტესტს-მატჩში „ბორჯღალოსნები“ შოტლანდიას სტუმრად, „მარიფილდზე“ დაუპირისპირდნენ და შეხვედრა დიდი ანგარიშით დათმეს – 48:7. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე თამაში ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა შეაფასა.

 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების დამრიგებელმა ლევან მაისაშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლებმაც მასპინძელთა მოლში და სხვა სათამაშო კომპონენტებში უპირატესობა გამოიწვია:

 

„რა თქმა უნდა, კმაყოფილები ვერ ვიქნებით. ლოგიკურია და ველოდებოდით შეცდომებს, რადგან დიდი ხანია არ გვითამაშია, მაგრამ არა ამდენს. ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, რომ პირველივე წუთებზე დაშვებული შეცდომებით თამაშის მართვა დავკარგეთ, რაც ვეღარ დავიბრუნეთ. მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენი კარნახით მოვახერხეთ მატჩის წაყვანა, მაგრამ დროით მხოლოდ მცირე მონაკვეთში. ავიღეთ ბევრი ჯარიმა, შესაბამისად ბურთის ფლობა და მოედანი გვქონდა ძალიან ცოტა და მატჩი ლოგიკური შედეგით დასრულდა.

 

პირველ ტაიმში 76% ბურთის და მოედნის ფლობა მოწინააღმდეგის იყო. მეორე ტაიმში შევძელით რაღაც მონაკვეთი რო შეგვეტია, მაგრამ აქ დაგვემთხვა მცირე ტრავმები, ცოტა უდისციპლინობაც, რამაც საბოლოოდ გადატეხა ეს თამაში. აშკარად დომინირებდნენ მოლში. ბევრი ცვლილება გვაქვს გუნდში, არიან ახალგაზრდა მოთამაშეები. ეს მომენტი მოსალოდნელი იყო, მაგრამ მაქვს რაღაც იმედგაცრუებები და ცოტა მეტს მოველოდი. ყოველი თამაში შანსია, რომ განსხვავება მოვნახოთ პირველი ეშელონის გუნდებსა და „რაგბი ევროპის“ გუნდებს შორის.

 

ჩვენ, მთლიანი შემადგენლობით, სულ ორი ვარჯიში გვქონდა ამ მატჩისთვის მოსამზადებლად. სრული გუნდი გვყავდა მხოლოდ ორშაბათს და სამშაბათს და საკმარისად ვერ მოვასწარით მოლზე და სხვა კომპონენტებზე ვარჯიში. მეორე მიზეზი ის არის, რომ ბევრი ცვლილებები გვაქვს შემადგენლობის კუთხით – მეორე ხაზი მთლიანად შეცვლილია და პირველ ხაზშიც იყო გადანაცვლებები. ლოგიკური შედეგია და ვთვლი, რომ შემდეგი მატჩებისთვის ამის გამოსწორების დრო გვაქვს.“ - განაცხადა ლევან მაისაშვილმა.

 

შოტლანდიელთა მთავარი მწვრთნელი გრეგორ თაუნსენდი მატჩის შედეგით კმაყოფილი იყო და განაცხადა, რომ მისი გუნდი მომდევნო კვირას უელსთან გასამართი შეხვედრისთვის კარგად მოემზადა:

 

„ჩვენი მორკინალებისთვის რთული მატჩი იყო. ეპიზოდებში მორაგბეები ბურთს ხელში ვერ იმაგრებდნენ და ისე ვერ შევუტიეთ, როგორც გვინდოდა, მაგრამ მთლიანობაში ძალიან კარგად ვითამაშეთ. ვიცოდით, რომ ფიზიკურად რთული შეხვედრა იქნებოდა და შემდეგი მატჩისთვის (უელსთან) კარგად მოვემზადეთ.

 

ამ მატჩში ბევრი რამ ვისწავლეთ. საქართველოს ჰქონდა კარგი მონაკვეთები – თუნდაც ლელოს ეპიზოდი. უნდა გავაანალიზოთ ეს და დაცვაში უკეთ ვითამაშოთ. მორკინალებმა დიდი გამოცდილება მიიღეს – ბევრი შერკინება და მოლი იყო. ეს ჩვენს მორაგბეებს ძალიან წაადგებათ. უელსთან, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, კარგად მომზადებულები ვიქნებით.“ - განაცხადა გრეგორ თაუნსენდმა.

 

შოტლანდია მომდევნო მატჩს 31 ოქტომბერს გამართავს და „ექვსი ერის“ გადადებული ტურის შეხვედრაში უელსს დაუპირისპირდება. რუსეთთან მატჩის გადადების გამო „ბორჯღალოსნებს“ „შემოდგომის ერთა თასის“ დაწყებამდე თამაში არ აქვს. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ინგლისს 14 ნოემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაუპირისპირდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი