logo_geo
ათკაციანმა ბათუმის „დინამომ“ სტუმრად „სამტრედია“ დაამარცხა
- +

30 ნოემბერი. 2020. 16:54

 

 

„ეროსი მანჯგალაძე – არენაზე“ ეროვნული ლიგის მე-17 ტურის შეხვედრა გაიმართა – „სამტრედიამ“ მეორეადგილოსანი ბათუმის „დინამო“ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ 64 წუთი რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა და იგებდა, 1 ქულის მოპოვებაც ვერ შეძლო.

 

ბათუმის „დინამოს“ ძირითადი შემადგენლობის ოთხი მოთამაშე დააკლდა – გია მანჯგალაძე, ბენჯამინ ტეიდი, გოდფრი ობოაბონა, გიორგი ნავალოვსკი, რამაც გუნდი საგრძნობლად დაასუსტა. ამას გარდა, პირველი ტაიმი სამტრედიელებისთვის იღბლიანად დაიწყო. ბათუმელთა მცველმა მამუკა კობახიძემ 25-ე წუთზე, მეკარესთან პირისპირ დარჩენილი მასპინძელთა თავდამსხმელი ლუკა იმნაძე წესების დარღვევით შეაჩერა – არბიტრმა მას მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა (პირველი მე-16 წუთზე მიიღო) და მოედნიდან გააძევა, ხოლო მასპინძელთა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ლაშა თოთაძემ უნაკლოდ შეასრულა.

 

სამტრედიელები ამის შემდეგ მთელი გუნდით უტევდნენ და ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, რადგან რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნეს. მაგრამ ვერ ისარგებლეს და ამის გამო მეორე ტაიმში ძალიან მკაცრად დაისაჯნენ. 10 კაცით დარჩენილმა ბათუმელებმა მთელი ძალებით შეუტიეს და 63-ე წუთზე წონასწორობაც აღადგინეს: თორნიკე გრიგალაშვილის ფლანგური გადაცემა გიორგი ნიქაბაძემ გაატარა და კარის წინ მარტო დარჩენილმა ჯაბა ჯიღაურმა ზუსტად დაარტყა 1:1.

 

ამის შემდეგ გატანა ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი მხოლოდ ბათუმელებმა გამოიყენეს – 90+3-ე წუთზე ლაშა შერგელაშვილის პასით, ლადო დვალიშვილმა მასპინძელთა კარი აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:2 ბათუმელთა სასარგებლოდ, რომელმაც ხასიათი აჩვენა. 17 ტურის შემდეგ „სამტრედიამ“ 19 ქულით დარჩა და პლეი ოფის მონაწილეობის საფრთხე საბოლოოდ ვერ აირიდა, ხოლო ბათუმის „დინამოს“ 32 ქულა დაუგროვდა და ლიდერ „დინამო თბილისთან“ ჩამორჩენა 2 ქულით შეამცირა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი