logo_geo
კვიპროსში გოლეადორი ქვილითაიას დატოვება სურთ
- +

3 დეკემბერი. 2020. 11:40

 

 

გიორგი ქვილითაიას მიერ ფამაგუსტას „ანორთოსისში“ ნაჩვენები შედეგი ძალიან ჰგავს მისთვის რეკორდულ სეზონს, რომელიც 2015 წელს „დინამო თბილისში“ ჰქონდა და 24 გოლი გაიტანა. „ანორთოსისში“ ყოველ 91 წუთში ერთი გოლი გააქვს, როდესაც „დინამოში“ ამას 84 წუთში ახერხებდა.

 

ამიტომ სურს „ანორთოსისს“, რომ ქვილითაია დაიტოვოს, რადგან ჩემპიონობას უმიზნებს.

 

„ეს ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი“, – ასეთია გამოცემა „kathimerini“-ის ჟურნალისტის აზრი, რომელმაც ქართველ თავდამსხმელს წერილი მიუძღვნა.

 

„ის კვიპროსის ჩემპიონატის ყველაზე ძლიერი თავდამსხმელია და „ანორთოსისის“ გულშემატკივრებს თავი ისე შეაყვარა, გუნდიდან ზაფხულში წასული დურიში და კაჭარავა მათთვის შორეულ მოგონებებში დატოვა. „ანორთოსისში“ ქვილითაიას სპექტაკლებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ფამაგუსტას გუნდის ქომაგებს უკვე აინტერესებთ, შეძლებენ თუ არა ფამაგუსტელები მომდევნო წლებში ქართველი ფეხბურთელის დატოვებას. ეს ადვილი არ იქნება. მაგრამ წელს ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში, „ანორთოსისის“ ადმინისტრაციას ქვილითაიას დასატოვებლად მზაობა გაუადვილდება. საპირისპირო საქმეზე ფიქრიც არ გვინდა“, – წერია კვიპროსულ გამოცემაში.

 

„Kathimerini“-ის ჟურნალისტი ქართველი თავდამსხმელის დატოვების გზებზე წერს:

 

„გიორგის ბელგიურ „გენტთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება. ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი ისევ „ანორთოსისში“ ან სხვა გუნდში იჯარით გაუშვან. ახლა, ალბათ, საუბარი იქნება ბელგიელებისთვის ხელსაყრელი სატრანსფერო ფასის შეთავაზებაზე. იგი „ანორთოსისში“ თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს, ჩვენს კუნძულზე ცხოვრება და ყველაფერი ის მოსწონს, რაც მას უკავშირდება. ეს შეიძლება გახდეს ძალიან მყარი არგუმენტი უახლოეს თვეებში „გენტთან“ გასამართ მოლაპარაკებებში. სავარაუდოდ, ამ საკითხის დაზუსტება მომავალ გაზაფხულამდე გაჭიანურდება. მაგრამ ფამაგუსტას გუნდი აპირებს, იგი თავის შემადგენლობაში ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს, რადგან ქვილითაია ამად ღირს“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი