logo_geo
ვლადიმირ ვაისი: საქართველოდან გამარჯვებული ვერა, მაგრამ სუფთა სინდისით წამოვედი
- +

3 დეკემბერი. 2020. 12:18

 

 

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სლოვაკურ გამოცემა sport.sk-თან ჩვენი გუნდის თავკაცის პოსტის დატოვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

 

„საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობა გამოწვევა იყო, განურჩევლად იმისა, თუ როგორ დასრულდა ეს – წარმატებით თუ არა. მიზნის მისაღწევად, ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა – ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 წავაგეთ. თითქმის ხუთი წელი ვიმუშავე საქართველოს ნაკრებთან – ეს დიდი დროა როგორც სამწვრთნელო კარიერაში, ასევე ცხოვრებაში. მე და ჩემმა თანაშემწეებმა საქართველოს ნაკრები გამარჯვებულმა ვერ დავტოვეთ, მაგრამ სუფთა სინდისით წამოვედით და ვფიქრობ, რომ ჩვენი კვალი დავტოვეთ. ცხოვრება კი გრძელდება”, – განუცხადა ვაისმა გამოცემას.

 

მან ასევე აღნიშნა ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრების მარცხი გარკვეულწილად COVID-19-მაც განაპირობა.

 

„სამწუხაროდ, ახლა ყველასთვის რთული პერიოდია და სპორტში ამას ყველა ხვდება. მაყურებლის გარეშე თამაშის დროს ემოციები იკარგება. ეს თავად გამოვცადე. გადამწყვეტ მატჩში მაყურებლის გარეშე მოგვიწია თამაში და მათ გარეშე ვერაფერი შევძელით. გულშემატკივარი ძალიან საჭიროა საერთაშორისო ასპარეზზე და, ალბათ, ყველაზე მეტად – ეროვნული ნაკრების დონეზე. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მჯერა, რომ რამდენიმე თვეში ვითარება გამოსწორდება, ვაქცინა მოიძებნება, კორონავირუსს დავამარცხებთ და სტადიონებზე ხალხი დაბრუნდება”, – აცხადებს სლოვაკი სპეციალისტი.

 

ვაისი საქართველოში ჩამოსვლამდე წვრთნიდა „სლოვან ბრატისლავას“, „პეტრჟალკას არტმედიას“, ხოლო ოთხი წლის განმავლობაში – სლოვაკეთის ეროვნულ გუნდს, რომელიც სამხრეთ აფრიკაში 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა. 2012-2015 წლებში ავარჯიშებდა ყაზახეთის ალმატის „კაირატს“. ახლა ის საკლუბო ფეხბურთში დაბრუნებაზე ფიქრობს.

 

„როდესაც ხუთი წელი მუშაობ ნაკრების მწვრთნელად, ყველაფერზე დასაფიქრებლად საკმარისი დრო გაქვს, რადგან წლის განმავლობაში რამდენიმე მატჩია. მე ისევ სლოვაკეთში ვცხოვრობდი და არა საქართველოში, ამიტომ ოჯახთან ერთად პრაქტიკულად სახლში ვიყავი და მხოლოდ მატჩებზე და საწვრთნელ შეკრებებზე დავდიოდი. საკლუბო დონეზე დაბრუნება მსურს, მაგრამ ვნახოთ რა შემოთავაზებები იქნება, რადგან მილიონი მწვრთნელია, მაგრამ ამდენი კარგი კლუბი არაა. მსურს ვიპოვო გზა, რომელიც სხვა სიმაღლეზე ამიყვანს და სიხარულს მომიტანს”, – აღნიშნა სლოვაკმა სპეციალისტმა.

 

ვაისი საქართველოს ნაკრებში 2016 წლის თებერვლიდან 2020 წლის ნოემბრამდე მუშაობდა. სლოვაკი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის ფინალში გავიდა, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში, რომელიც თბილისში ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარდა, 0:1 დამარცხდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი