logo_geo
მიხეილ ჩხენკელი: 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა ქართული სპორტის კიდევ ერთი დიდი გამარჯვებაა
- +

4 დეკემბერი. 2020. 11:02

 

 

 

2023 წელს, საქართველოში 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა ქართული სპორტის კიდევ ერთი დიდი გამარჯვება და აღიარებაა საერთაშორისო სარბიელზე. ამასთან, ჩვენი, ყველას ერთად გაწეული შრომის შედეგი“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი უეფა-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის ერთობლივმა ძალისხმევამ განაპირობა ის აღიარება, რომელიც დღეს მოვიპოვეთ. აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი ჩატარდება ბათუმის ახლად აშენებულ სტადიონზე. ცხადია, ბათუმის საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით აგებულმა არენამ დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ უეფა-სგან ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მივიღეთ. მთლიანობაში, ევროპირველობას თბილისის, ბათუმისა და ფოთის 4 სტადიონი უმასპინძლებს, რაც ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრისთვის უდიდესი საჩუქარი გახლავთ“. - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

 

საქართველო 2023 წელს, რუმინეთთან ერთად, უეფა-ს 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.

 

ევროპის 24-ე ჩემპიონატის ფინალური მატჩი ბათუმში, ახლად აშენებულ არენაზე გაიმართება. ევროპის ჩემპიონატზე 16 ევროპული ნაკრები ითამაშებს. საქართველოში ორი ჯგუფის მატჩები - თბილისში, ბათუმსა და ფოთში ჩატარდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი