logo_geo
შოთა არველაძე: გუბერნატორები ფეხბურთს ვერ განავითარებენ
- +

16 დეკემბერი. 2020. 16:52

 

შოთა არველაძეს პოპულარულმა რუსულმა სპორტულმა ინტერნეტ-გამოცემა „სპორტსმა“ ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა – სხვადასხვა თემებთან ერთად, საქართველოს ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს, ამჟამად კი ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარ მწვრთნელს კითხვა პოსტსაბჭოურ თემატიკაზეც დაუსვა.

 

„ალკმაარი“ პროვინციული კლუბია, მაგრამ ფეხბურთის მიზნობრივი განვითარების პროგრამით. ამ ჰოლანდიური კლუბის ხელმძღვანელებმა ცოტა ხნის წინ ბეისბოლის ლიგის გუნდ „ოკლენდიდან“ ცნობილი სპეციალისტი ბილი ბინი დაიქირავეს. ამის ფონზე, რატომ გამოიყურება ბევრი პოსტსაბჭოთა კლუბი ამორფულ მასად, იმის გააზრების გარეშე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ფეხბურთი – რას ფიქრობ?“ არველაძემ ამ კითხვასაც უპასუხა.

 

„ვინ ფიქრობს ამაზე? ხშირ შემთხვევაში ფეხბურთი გამგებელზეა დამოკიდებული. ისიც მაშინ პატრონობს გუნდს, თუ მას ფეხბურთი უყვარს. თუ მას უყვარს კრივი ან, ვთქვათ, გოლფი, შემდეგ ფეხბურთი კვდება, რადგან არავის აინტერესებს. მეორეს მხრივ, თუ იგივე გუბერნატორს უყვარს ფეხბურთი, თავის ამბიციებს რთავს. იწყებს არა იმით, რაც საქმეს სჭირდება, არამედ როგორც მას სურს. და ის ფიქრობს: „მე ყველანაირი გზით უნდა მოვიგო”. ქართველებს ასეთი ანდაზა გვაქვს – „მადლი ჰქენი, ქვაზე დადე, გზად გაივლი, წინ დაგხვდება“. ამ შემთხვევაში ყოველთვის, ვინმე მეორეც დადებს ქვას და გზა ასე აშენდება. როდესაც ცირკი შენდება, მუშებს არ აქვთ ამბიცია, რომ სცენაზე მომთვინიერებლის ან ჯამბაზების ნაცვლად გავიდნენ. ან როდესაც თეატრი შენდება, მშენებელს შექსპირის პიესის დადგმა არ სურს. ეს არ ხდება, როდესაც ადამიანი, რომელიც თეატრის მშენებლობაში ფულს დებს, არ ამბობს: „რატომ თამაშობს მეფე ლირს აჰმედი და არა ვასია?“ იმიტომ, რომ ზოგიერთ ხელმძღვანელს უბრალოდ უყვარს ფეხბურთი, არ შეიძლება, ფეხბურთის მართვაზე პრეტენზია ჰქონდეს“, – ამბობს არველაძე.

 

მისი თქმით, ფეხბურთის ნიუანსების ცოდნის გარეშე, წარმატებული კლუბის აშენება შეუძლებელია:

 

„პირველად ფეხბურთის გასახდელში ექვსი წლის ასაკში მოვხვდი. ახლა 47 წლის ვარ. და გასახდელში იგივე მოთამაშეთა გამომეტყველებაა, იგივეა ემოციები, სკამები, თეორიული განხილვის დაფის მაგნიტები – ეს ერთი და იგივეა. არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრებაში არასდროს ყოფილან გასახდელში, შეცვლა არ გაუკეთებიათ, არ იციან, ფეხბურთის შიგნით რა ხდება. ასეთი ხალხი მოდის და ამბობს: „შეცვლა რატომ არ გააკეთე?“ - განაცხადა შოთა არველაძემ.

 

არველაძემ იმაზეც ილაპარაკა, რატომ არ არის ასე ევროპაში:

 

„მათ აქვთ საკუთარი ფეხბურთის განვითარების პროგრამა. ჰოლანდიაში შაბათ-კვირის განმავლობაში 64 000 თამაშის ორგანიზებას ახერხებენ – ეს მხოლოდ ფეხბურთში. 64 000 ერთ კვირაში! ჩვენს ქვეყნებში, პრობლემების გამო, სხვადასხვა რამ ხდება: ან მინდორის პრობლემებია, არაა წყალი, სასწრაფო დახმარება დროულად არ მოვიდა, ან ბურთი არ არის, მსაჯი სასტვენის გარეშე მოვიდა ან ფეხბურთელი – ბუცის გარეშე. არაფრის გამოგონება არაა საჭირო. გააკეთე და თუ არ გამოვიდა – ეს საქმე პროფესიონალებს მიანდე. ამიტომ, იაპონელები და კორეელები ყოველთვის თამაშობენ მსოფლიო ჩემპიონატებზე, მაგრამ უზბეკეთი – არა. თუმცა, უზბეკური მიწა ნიჭიერი ფეხბურთელებით მდიდარია“, - განაცხადა არველაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი