logo_geo
გულშემატკივრებმა „ტორპედოს“ მადლობა გადაუხადეს
- +

20 დეკემბერი. 2020. 11:13

 

ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელში გუნდის წევრებს ეროვნულ ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში გამარჯვება და ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება მიულოცეს.

 

„ბევრი ამბობს, რა გიხარიათ და რას აღნიშნავთ, სირცხვილია, „ტორპედო“ დასარჩენად რომ იბრძვისო. მეგობრებო, ის გვიხარია, რომ ამ ჯოჯოხეთური 2 წლის მანძილზე გუნდმა და ფანებმა ყოველი დღე ბრძოლაში გავატარეთ, გადარჩენისთვის ვომობდით და შარშანაც და წელსაც ეროვნულ ლიგაში ადგილი შევინარჩუნეთ, მართალია ბეწვის ხიდზე გავიარეთ, მაგრამ ეს ხიდი რომ არ გადაგველახა, სად აღმოვჩნდებოდით?! არავისზე ნაკლებად არ გვიხარია გუნდის წარმატება და არავისზე ნაკლებად არ ვიცით, თუ სად უნდა იყოს „ტორპედო“ და რა მიზნებისთვის უნდა იბრძოდეს. ყველას გვინდა ისეთი „ტორპედო“, რომელიც ჩემპიონობისთვის და მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. მაგრამ ბოლო 2 წლის მანძილზე „ტორპედოში“ არსებულ გარემოსა და ვითარებაში ეს წარმოუდგენელი და გამორიცხულია. მაგრამ ყველა გუნდს აქვს კრიზისი, რაც „ტორპედოსთვის“ უცხო ნამდვილად არაა“, – წერია „ჩვენ ვართ ტორპედოს“ მიმართვაში.

 

გულშემატკივრებმა გუნდის წევრებს და პერსონალს მადლობა გადაუხადეს:

 

„ვინც ამ ჯოჯოხეთში გუნდისთვის ითამაშა, იმუშავა და დღემდე აქამდე მოიყვანა, ვისი დამსახურებითაც გუნდს ჯერ კიდევ პირში სული უდგას, ჩვენგან მადლობას იმსახურებს. მადლობა თითოეულ ფეხბურთელს, სამწვრთნელო შტაბს, გულშემატკივრებს და ყველა ადამიანს, ვინც მცირე წვლილი შეიტანა ჩვენი გუნდის აქამდე მოყვანაში. ჩვენ ჩვენი გავაკეთეთ და ახლა ჯერი სხვებზეა. იმედია, ისინიც თავიანთ საქმეს ბოლომდე გააკეთებენ, გადავრჩებით და მომავალ სეზონში ისეთი „ტორპედო“ ვიქნებით, როგორსაც ქუთაისი და გუნდის გულშემატკივარი იმსახურებს“.

 

ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნული ლიგის პლეი ოფის პირველი მატჩი თბილისში „გაგრასთან“ მოიგო (2:0), მეორე კი „რამაზ შენგელია არენაზე“ ფრედ დაასრულა (1:1) და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი