logo_geo
საგოლე გადაცემა და მაღალი შეფასება - კიტეიშვილი ისევ რჩეულებშია
- +

20 დეკემბერი. 2020. 11:32

 

 

ოთარ კიტეიშვილი ისევ გამორჩეული იყო გრაცის „შტურმის“ შემადგენლობაში, რომელმაც ავსტრიის ბუნდესლიგაში „სენტ პოლტენი“ დაამარცხა.

 

მე-12 ტურის შეხვედრას გრაცელებმა საშინაო არენაზე უმასპინძლეს. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი „შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მისთვის უჩვეულო პოზიციაზე, მარცხენა ფლანგის შემტევად ითამაშა.

 

24 წლის ქართველმა ლეგიონერმა შეუცვლელად ითამაშა და მასპინძელთა გოლი სწორედ მისი შესანიშნავი გადაცემით 29-ე წუთზე გავიდა. კიტეიშვილმა ბურთი მცველებს შორის გააძვრინა და მეკარესთან პირისპირ ავსტრიის ნაკრების შემტევი იაკობ იანჩერი დატოვა, რომელმაც შანსი გოლად აქცია.

 

გრაცელებმა მეტოქის კარი კიდევ ორჯერ აიღეს, 3:0 მოიგეს და 12 ტურის შემდეგ 24 ქულით მეორე ადგილზე არიან, ლიდერ „ზალცბურგს“ კი ქულით ჩამორჩებიან. კიტეიშვილს ანალიტიკურმა გვერდმა „სოფა სქორმა“ 10-ბალიან სისტემაში ძალიან მაღალი შეფასება, 7,8 ქულა დაუწერა და ორივე გუნდის მოთამაშეთა რეიტინგში მეორე ადგილზე აღმოჩნდა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი