logo_geo
ქართული ფეხბურთის ლეგენდა ვლადიმერ გუცაევი 68 წლისაა
- +

21 დეკემბერი. 2020. 17:03

 

 

დღეს, 21 დეკემბერს, ქართული ფეხბურთის ლეგენდის, თბილისის „დინამოს“ „ოქროს“ თაობის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენლის, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ წამყვანის, ვლადიმერ გუცაევის დაბადების დღეა.

 

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი ვლადიმერ გუცაევი იცავდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981). ექვსჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.

 

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად ვლადიმერ გუცაევს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

 

 

ფეხბურთის თამაში 1965 წელს თბილისის „ნორჩ დინამოელში“ დაიწყო, გ. გაგუას და ჯ. უშვერიძის ხელმძღვანელობით. თბილისის „დინამოშია“ 1971 წლიდან, რომლის ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა იმავე წლის 2 სექტემბერს საკავშირო ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩში ლვოვის „კარპატის“ წინააღმდეგ, რომელიც „ლოკომოტივის“ სტადიონზე გაიმართა. გუცაევი მეორე ტაიმში დავით ყიფიანის ნაცვლად გამოვიდა მინდორზე.

 

ამის შემდეგ დაიწყო მისი 16-წლიანი კარიერა, რომელიც დიდი წარმატებებითაა სავსე. 1973 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საერთაშორისო ტურნირი „კარაველას თასი“ მოიგო, სადაც ტურნირის ფინალში „დინამომ“ ლისაბონის „ბენფიკა“ 3:1 დაამარცხა, გუცაევმა 21-ე და 46-ე წუთებზე ორი გოლი გაიტანა.

 

გუნდთან ერთად სამჯერ საბჭოთა პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, 1977 წლის პირველობაზე – ვიცე-ჩემპიონი, 1978 წელს – საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ხოლო ორჯერ საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი იყო – 1976 და 1979 წლებში. სულ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საკავშირო უმაღლეს ლიგაში 303 შეხვედრა ჩაატარა და 47 ბურთი გაიტანა. ამას გარდა, ევროპულ ტურნირებზე „დინამოს“ ღირსება 34 შეხვედრაში დაიცვა (8 გოლი).

 

1981 წლის 13 მაისს, ვლადიმერ გუცაევმა თავის საფეხბურთო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი თასების მფლობელთა თასის ფინალში გაიტანა – თბილისის „დინამომ“ იენის „კარლ ცაისი“ 2:1 დაამარცხა, გუცაევმა კი 63-ე წუთზე ანგარიში გაქვითა. მატჩის დამთავრებამდე სამი წუთით ადრე ვიტალი დარასელია გამარჯვების გოლის ავტორი გახდა და თბილისის „დინამო“ თასების მფლობელთა თასს დაეუფლა.

 

სისწრაფითა და ტექნიკურობით გუცაევი ყოფილ საბჭოთა კავშირში გამორჩეულად თვითმყოფად ფეხბურთელად ითვლებოდა, რომლის აყვანაც მადრიდის ოთხთა ტურნირის შემდეგ 1981 წელს მადრიდის „რეალს“ სურდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს მის ტრანსფერზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო.

 

1972–1982 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 11 მატჩი ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა. ასევე, იყო საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების წევრი, რომელთან ერთად 1976 წლის ევროპის ახალგაზრდული საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. გუცაევმა თბილისის „დინამოში“ თექვსმეტი საფეხბურთო სეზონი გაატარა. კარიერა 1986 წელს ამავე კლუბში დაასრულა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი