logo_geo
კახა კაშია: კლუბს ახალი „სისხლი“ სჭირდება, გვეყოლება სერბი ფიზმომზადების მწვრთნელი
- +

6 იანვარი. 2021. 11:12

 

 

„საბურთალოს“აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშია განაცხადა, რომ ახალ გუნდს აყალიბებენ.

 

„შარშან, სხვა და სხვა გარემოებებმა შეგვიშალა ხელი და ვერ გვქონდა ის შედეგი, რაც დავისახეთ, თუმცა ამაში ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. 2020 წელს რამდენიმეჯერ მოგვიწია მწვრთნელის შეცვლა, რამაც ძალიან დაგვაზარალა. ამავდროულად, ძალიან ხშირი იყო ტრავმიანობა. გავაკეთეთ ანალიზი და გამოვიტანეთ დასკვნები. დაახლოებით ორი თვეა, რაც ახალგაზრდა მწვრთნელთან, ლევან კორღალიძესთან ერთად გრძელვადიანი გეგმები დავსახეთ. ჩვენ მისი გვჯერა და გვეიმედება. ყოველთვის დგება კლუბის ცხოვრებაში დრო, როდესაც ახალი სისხლია საჭირო. ასეა ახლა ჩვენთან და ახალ კლუბს ვაყალიბებთ“, – განაცხადა კაშიამ.

 

„საბურთალოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა დაადასტურა, რომ კლუბი მეკარე ლაზარე კუპატაძემ დატოვა:

 

 „ჩვენი აკადემიის აღზრდილებს, რომლებიც წლებია „საბურთალოს” ღირსებას იცავენ, საშუალებას ვაძლევთ, რომ საქართველოს ან უცხოეთის წარმატებულ კლუბებში იასპარეზონ. მიუხედავად იმისა, რომ კუპატაძეს კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს, გვსურს კარიერა უცხოეთში გააგრძელოს, რადგან მისი განვითარებისთვის უკეთესი იქნება. წარმატებების შემდეგ, ბევრ კლუბში ხდება ცვლილებები, ასეა ახლა ჩვენ შემთხვევაშიც. ლევან კორღალიძისა და კლუბის გეგმები რამდენიმეწლიანია. ვცდილობთ, ფეხბურთელებს დავეხმაროთ და ევროპაში გზა გავუხსნათ. „საბურთალოში“ ნიჭიერი თაობა მოდის, ეს ჩვენ გვახარებს და გვაიმედებს. ხდება გუნდის გადახალისება, კლუბს ახალი სისხლი სჭირდება. არ არის გამორიცხული, ცვლილებები კიდევ მოხდეს“.

 

კაშიამ ახალწვეულებზეც ილაპარაკა, მათ შორის, ერთი სერბი მწვრთნელიც იქნება:

 

„დავიბრუნეთ ოთო გოშაძე და გიორგი ჯინჯოლავა, რომლებიც ჩვენი აკადემიის აღზრდილები არიან. დავიმატეთ ლიგა-2-ის საუკეთესო ფეხბურთელები – თომა ტაბატაძე და რაფიქ ამინუ. ჩვენი გუნდის ღირსებას დაიცავენ გიორგი ლაცაბიძე, გიორგი ჯგერენაია და გიორგი ერისთავი. ეს საბოლოო სია არ არის, ფეხბურთელების დამატებაზე კიდევ ვმუშაობთ. ფაქტობრივად დასრულებულია მოლაპარაკება და ჩვენთან იმუშავებს ფიზმომზადების სერბი სპეციალისტი – მილოვან მატიასევიჩი, რომელიც ქართველებისთვის ნაცნობი სპეციალისტია. იმედია, კოვიდთან დაკავშირებული საკითხები მალე მოგვარდება და სერბი სპეციალისტი უახლოეს დღეებში შემოუერთდება კლუბს“.

 

„საბურთალოს” დირექტორის თქმით, შემადგენლობის რადიკალური განახლების მიუხედავად, მომავალ სეზონში გუნდის მიზნები უცვლელია:

 

„მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ყოველ წელს ლიდერთა შორის ვიყავით, როგორც ეროვნულ ლიგაში, ასევე მაშინდელ პირველ ლიგაშიც. ჩვენ, მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი და ამბიციური კლუბი ვართ. რა თქმა უნდა, მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ, რადგან გვსურს, ევროტურნირებზე სისტემატურად ვიასპარეზოთ. ევროპაში თამაში დიდი გამოწვევა და გამოცდილებაა. თუმცა, გეზს არ ვცვლით და პირველ გუნდში აკადემიის ახალგაზრდებს ისევ დავაწინაურებთ. გასულ სეზონში ასეთი რამდენიმე ფეხბურთელი იყო – გიორგი გოჩოლეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი, თემურ გაბუნია, შოთა ნონიკაშვილი, გეგი გეგუჩაძე, თორნიკე მეგრელიშვილი. მიუხედავად პატარა ასაკისა, ამ ფეხბურთელებს მიეცათ საშუალება, რომ ეროვნულ ლიგაში ეთამაშათ. იმედია, კლუბის იმედებს გაამართლებენ და რამდენიმე წელში თავიანთ სიტყვას იტყვიან“.

 

წყარო:

https://1tv.ge/news/saburtalos-direqtori-klubs-akhali-siskhli-schirdeba-gveyoleba-serbi-fizmomzadebis-mwvrtneli/

 

 

big_banner
არქივი