logo_geo
ოქრიაშვილმა გოლი ორსულ მეუღლეს მიუძღვნა
- +

17 თებერვალი. 2021. 12:25

 

 

თითქმის 8 წლის შემდეგ, თორნიკე ოქრიაშვილი დუბლი შეასრულა. „ანორთოსისისა“ და საქართველოს ნაკრების შემტევი მთავარი მოქმედი გმირი იყო კვიპროსის ჩემპიონატის 25-ე ტურის შეხვედრაში, რომელიც პარალიმნის „სტადიო ტასოს მარკუზე“ გაიმართა. თემურ ქეცბაიას გუნდმა გასვლაზე „ენოსისი“ სტუმრად ოქრიაშვილის დუბლით დაამარცხა – 1:2.

 

საინტერესოა, რომ 2020 წლის 8 ნოემბრის შემდეგ, თორნიკე ოქრიაშვილმა „ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა. ბოლოს კი ოქრიაშვილმა ორი გოლი ძალიან დიდი ხნის წინ გაიტანა. ეს 2013 წელს მოხდა, როდესაც უკრაინის პრემიერლიგელი იყო და „მარიუპოლის“ ფორმით, დავით თარგამაძესთან ერთად თამაშობდა.

 

ეს მატჩი 2013 წლის 17 მარტს გაიმართა. უკრაინის ჩემპიონატის 21-ე ტურში „მარიუპოლი“ სახლში კიევის „არსენალს“ მასპინძლობდა. უცნაური დამთხვევაა, რომ ის მატჩიც 2:1 დასრულდა, ისიც „ანორთოსისისა“ და „ენოსისის“ მატჩის სცენარით წარიმართა და ქართველმა შემტევმა მაშინაც გოლები ამჟამინდელი თანამიმდევრობით გაიტანა. 62-ე წუთზე პენალტი გამოიყენა. 73-ე წუთზე „არსენალმა“ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ 78-ე წუთზე კი ოქრიაშვილმა „მარიუპოლს“ გამარჯვება მოუტანა.

 

ოქრიაშვილმა „ენოსისთან“ გატანილი პირველი გოლი მეუღლეს მიუძღვნა, რომელიც ორსულადაა და მესამე შვილს ელოდება. თორნიკეს ორი შვილი ჰყავს და ორივე ბიჭია. ახლა ოქრიაშვილების ოჯახი გოგოს მოლოდინშია.

 

მატჩის დასრულების შემდეგ, ოქრიაშვილმა გუნდის გულშემატკივრებს მიმართა: „მე ვიცი, რომ ყველა სტადიონზე ყოფნა გინდათ, რომ მხარი დაგვიჭიროთ. ამ დღეს ჩვენც ნამდვილად მოუთმენლად ველოდებოდით. დღეს ორი გოლი გავიტანე და ისინი თქვენც მოგიძღვენით. იმედი მაქვს, რომ ჩვენ სეზონის დარჩენილ ნაწილსაც ასე გავაგრძელებთ“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი