logo_geo
ნიდერლანდების ნაკრების ექს-ფორვარდი - „ერედივიზიე“ ბევრს შეიძენს, თუ რომელიმე კლუბი არველაძეს შანსს მისცემს
- +

4 მარტი. 2021. 14:56

 

პიტერ ჰუისტრამ ნიდერლანდურ გამოცემა „Voetbal International“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შოთა არველაძე იმსახურებს შანსს ნიდერლანდების რომელიმე ტოპ-კლუბი გაწვრთნას.

 

„მე დარწმუნებული ვარ, რომ „ერედივიზიე“ (ნიდერლანდების ჩემპიონატი) ბევრს შეიძენს, თუ რომელიმე კლუბი შოთა არველაძეს შანსს მისცემს. შეგიძლიათ ის ტოპ-კლუბებიდან ნებისმიერ გუნდში დანიშნოთ. არველაძემ იცის ნიდერლანდური საფეხბურთო კულტურა, მაგრამ მას საკუთარ მიმართულებასაც ამატებს,“ – განაცხადა პიტერ ჰუისტრამ.

 

ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ქართველის დადებით მხარეებზე ილაპარაკა:

 

„მაგალითად, შოთა ძალიან ძლიერია ჯგუფური პროცესების წარმართვაში. საერთოდ, ქართველები ოჯახის მოყვარული ხალხია, რაც შოთას სამწვრთნელო სტილიდანაც ჩანს. მასთან მუშაობამ ძალიან გამამდიდრა. შოთას ადვილად შეუძლია, ნიდერლანდებში წარმატებით იმუშავოს“.

 

გასული წლის ბოლოდან, 54 წლის პიტერ ჰუისტრამ უზბეკეთის ჩემპიონ ტაშკენტის „პახტაკორში“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ქართველი სპეციალისტი ჩაანაცვლა. ისინი ერთმანეთს გლაზგოს „რეინჯერსიდან“ იცნობენ, სადაც ერთად თამაშობდნენ. შემდეგ კი შოთამ უზბეკური კლუბი რომ ჩაიბარა, ნიდერლანდელი ასისტენტად მიიწვია.

 

ჰუისტრა ნიდერლანდების ნაკრების წევრი იყო და მისი ფორმით რვა მატჩი ჩაატარა. თავადაც სურს ნიდერლანდებში გრძელვადიანი პერიოდით დაბრუნდეს და ფიქრობს, რომ საზღვარგარეთ მუშაობის დიდი გამოცდილება მიიღო. ჰუესტრამ სამწვრთნელო კარიერა იმედისმომცემად დაიწყო, როდესაც „გრონინგემი“ ჩაიბარა და მეხუთე ადგილზე გაიყვანა. ამის შემდეგ იგი თავისი ქვეყნის საფეხბურთო რადარებიდან გაქრა და საზღვარგარეთ კარგი კარიერა აიწყო. ჰუისტრამ იმუშავა ბელგიაში, შოტლანდიაში, იაპონიაში, ინდონეზიასა და სლოვაკეთში. უზბეკეთში, შოთა არველაძის ასისტენტად ბოლო სამი წლის განმავლობაში მუშაობდა.

 

https://1tv.ge/news/niderlandebis-nakrebis-eqs-forvardi-eredivizie-bevrs-sheidzens-tu-romelime-klubi-arveladzes-shanss-miscems/

 

big_banner
არქივი