logo_geo
გიორგი მიქაუტაძე: მჯერა, ყველაფერი გამოგვივა და საქართველოს ვასახელებთ
- +

17 მარტი. 2021. 10:51

 

გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში სადებიუტო მატჩისთვის ემზადება – საფრანგეთში დაბადებული ბელგიური „სერენის“ 20 წლის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ვილი სანიოლმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებისთვის მიიწვია.

 

20 წლის თავდამსხმელმა, რომელიც ბელგიის პროქსიმუსლიგის საუკეთესო ბომბარდირებშია, საქართველოს ნაკრებში პირველი გამოძახებით სიხარულს არ დამალა.

 

„ძალიან გახარებული და ამაყი ვარ, საქართველოს ნაკრებში გამოძახებით. მიხარია, რომ მექნება ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა. გულშემატკივრებს ლამაზ თამაშს ვაჩვენებთ. მჯერა, რომ ერთად ყველაფერი გამოგვივა და ვასახელებთ საქართველოს – ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – აცხადებს გიორგი მიქაუტაძე.

 

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრების დებიუტანტი გიორგი მიქაუტაძე ლიონის „ოლიმპიკის“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. პირველი პროფესიონალური კონტრაქტი 2019 წლის დეკემბერში „მეცთან“ გააფორმა, პირველი დღის მატჩი „ნიცასთან“ ითამაშა.

 

2019-2020 წლების სეზონში თავდამსხმელმა სარეზერვო გუნდის ნაციონალურ 2-ში დაბრუნებაში თავისი წვლილი შეიტანა. 2020 წლის ივნისში გიორგი „მეცის“ პარტნიორ კლუბში, ბელგიის მეორე დივიზიონის „სერენში“ (რომელიც მეორე ადგილზეა) დამაჯერებელ სეზონს ატარებს – მან 18 მატჩში 18 გოლით გამოიჩინა თავი. ორიოდე კვირის წინ გიორგიმ „მეცთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა.

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები შესარჩევ ციკლს შვედებთან 25 მარტს სტოკჰოლმში მატჩით დაიწყებს, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს გუნდი საბერძნეთს სალონიკში ესტუმრება. მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ

წყარო : wyaro
big_banner
არქივი