logo_geo
დრამატული „ელ კლასიკო“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ბარსელონას“ გამარჯვებით დასრულდა
- +

24 აპრილი. 2017. 02:28



ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 33-ე ტურის ცენტრალური დაპირისპირება, მადრიდის "რეალსა" და კატალონიის "ბარსელონას" შორის, მეტად დრამატული გამოდგა და მატჩის დამატებულ ბოლო წუთზე, ლეო მესის მიერ გატანილი გოლით დასრულდა, რამაც ლუის ენრიკეს გუნდს გამარჯვება და სამი ქულა მოუტანა.


28-ე წუთზე, "რეალი" დაწინაურდა, თუმცა, მასპინძელთა სიხარულმა დიდხანს არ გასტანა. 33-ე წუთზე, ლეო მესიმ წონასწორობა აღადგინა.


შეხვედრის პირველ ნახევარში მეტი გოლი აღარ გასულა, მეორე ტაიმი კი ისეთი ტემპით განახლდა, რომ აშკარა გახდა, ის ორი გოლი უკანასკნელი არ იქნებოდა, რომელიც ამ დაპირისპირებაში გავიდა.


73-წ წუთზე, რაკიტიჩმა, ეფექტური დარტყმით "ბარსელონა" წინ გაიყვანა.


სიტუაცია მოედანზე მას შემდეგ უფრო მეტად დაიძაბა, რაც შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, 77-ე წუთზე, მესისთან უხეშობის გამო, მინდვრიდან სერხიო რამოსი გააძევა, თუმცა, ამ ეპიზოდში, რამოსის დასჯა ყვითელი ბარათითაც საკმარისი იქნებოდა. მსაჯმა კი სხვა გადაწყვეტილება მიიღო.


10-კაციანი "რეალი" უფრო გააქტიურდა. ზინედინ ზიდანმა ცვლილება განახორციელა, ბენზემა მოხსნა და მინდორზე ახალგაზრდა ხამეს როდრიგესი გამოიყვანა. ზიდანმა ცვლილება გამოიცნო. ხამეს როდრიგესმა, შემოსვლიდან სამ წუთში წონასწორობა აღადგინა.


თითქოს მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მადრიდელთა დაცვის ხაზი ჩავარდა, კატალონიელები მეტოქესთან 3/5-ზე დარჩნენ. ლეო მესიმ კი შესანიშნავი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:3.


"ბარსელონამ", ამ მოგებით, "რეალთან" სხვაობა შეამცირა. ამ მომენტისთვის, ორივე გუნდს 75-75 ქულა აქვს. ლუის ენრიკეს გუნდმა პირველ ადგილზე გადაინაცვლა, მაგრამ მადრიდელებს ერთი მატჩი აქვთ "სელტასთან" რეზერვში, რომლის მოგების შემთხვევაში, სამ ქულიანი ჰანდიკაპი ისევ აღდგება.


აღნიშნული დაპირისპირების გამართვის თარიღი, ჯერ უცნობია, ამიტომ, სანამ ის თამაში ჩატარდება, თუკი ორივე გუნდი ერთნაირად გააგრძელებს სვლას, კატალონიელები პირველ ადგილზე დარჩებიან.






 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი