logo_geo
მარკუს გიზდოლი: ვერ ვიმუშავებ ქვეყანაში, რომლის ლიდერიც პასუხისმგებელია აგრესიაზე შუა ევროპაში
- +

2 მარტი. 2022. 15:22

 

 

მარკუს გიზდოლმა განმარტა, რატომ დატოვა მოსკოვის „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი. რუსული კლუბის გერმანელმა მწვრთნელმა გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო მიიღო.

 

გიზდოლმა განაცხადა, რომ მას არ შეუძლია იმუშაოს ქვეყანაში, რომლის ლიდერიც ევროპის შუაგულში აგრესიულ ომზეა პასუხისმგებელი – ამის შესახებ ექსკლუზიურად გერმანულ გამოცემა „ბილდთან“ ისაუბრა.

 

„ჩემთვის ფეხბურთის მწვრთნელობა საუკეთესო სამუშაოა მსოფლიოში, მაგრამ მე არ შემიძლია გავაგრძელო საქმიანობა ქვეყანაში, რომლის ლიდერი პასუხისმგებელია აგრესიაზე შუა ევროპაში. ეს არ შეესაბამება ჩემს ფასეულობებს, რის გამოც მოსკოვის „ლოკომოტივის“ მწვრთნელის თანამდებობა დაუყოვნებლივ დავტოვე“, – ციტირებს გამოცემა „ბილდი“ გიზდოლის სიტყვებს.

 

გერმანელი მწვრთნელის თქმით, მას რუსეთში საქმიანობა დისკომფორტს შეუქმნიდა:

 

„მე არ შემიძლია მოსკოვში ყოფნა, ფეხბურთელების მომზადება და მათგან პროფესიონალიზმის მოთხოვნა, როდესაც რამდენიმე კილომეტრში იძლევიან ბრძანებებს, რომლებსაც დიდი ტანჯვა მოაქვს მთელ ერისთვის. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა და მის სიმართლეში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“,

 

მარკუს გიზდოლი მოსკოვის „ლოკომოტივის“ მწვრთნელი 2021 წლის ოქტომბრიდან იყო. 52 წლის სპეციალისტი მანამდე მუშაობდა „შალკეში“, „ჰოფენჰაიმში“, „კიოლნსა“ და „ჰამბურგში“.

 

საინტერესოა, რომ რუსულ გამოცემებში გიზდოლის სიტყვები („არ შემიძლია გავაგრძელო საქმიანობა ქვეყანაში, რომლის ლიდერი პასუხისმგებელია აგრესიულ ომზე შუა ევროპაში“) ასე შეცვალეს „მე არ შემიძლია გავაგრძელო საქმიანობა ქვეყანაში, რომლის ლიდერი პასუხისმგებელია სამხედრო სპეცოპერაციაზე შუა ევროპაში“. იქვე მითითებულია – ფორმულირება შეიცვალა რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პოზიციის შესაბამისად.

 

 

big_banner
არქივი