logo_geo
ვანო ზარდიაშვილი: რასაც „რუსთავი 2“ კადრულობს, მარაზმია !
- +

11 ივლისი. 2017. 23:44

 

 

„რასაც „რუსთავი 2" კადრულობს, ამას უკვე ყველაზე მდაბიო ოროსანი ტელევიზიაც არ კადრულობს, რომ გახდეს ყვითელი პრესა და ვითომ ჩუმად გადაღებული ფოტოებით „ისპეკულიანტოს". იმდენად არარეალურ საკითხებზე მსჯელობენ, უკვე სასაცილოა. მავანთათვის  დეპუტატობა იმას ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ მეგობრებზე, ნათლულებზე, ეკლესიაზე და სახელმწიფოებრივ მოვალეობებზე... ასეთ სახელმწიფოს ვაშენებთ? მე ვერ გამოგადგებით ამ ბინძურ სქემეებში!", - ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის მიერ მომზადებულ რეპორტაჟს გამოეხმაურა. როგორც აღნიშნული ტელევიზიის მომზადებულ სიუჟეტშია ნათქვამი, „კურიერმა" ერთ-ერთ რესტორანში გადაღებული ფოტო მოიპოვა, სადაც ლევან მურუსიძის შემცვლელი, გიორგი მიქაუტაძე უმრავლესობის დეპუტატთან ვანო ზარდიაშვილთან  და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესთან მიხეილ ჩინჩალაძესთან ერთად არის აღბეჭდილი. როგორც რეპორტაჟიდნ ირკვევა, ერთსაათიანი საუბარი მთაწმინდაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი სხდომის წინ შედგა. ზარდიაშვილი „რეპორტიორისთვის" მიცემულ ინტერვიუში ადასტურებს, რომ შეხვედრა ნამდვილად შედგა, თუმცა არა მთაწმინდის რესტორანში, არამედ სხვა ადგილას და გვერდით მაგიდასთან სავახშმოდ „რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი ჟურნალისტის  ყოფნის შესახებ ჰყვება.


ვანო ზარდიაშვილი:  ეს შეხვედრა შედგა  არა მთაწმინდის რესტორანში, არამედ რესტორან „კოლხეთში". გვერდით მაგიდასთან იჯდა „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი  მარიამ გაფრინდაშვილი.  მარიამი  შესვლისთანავე დავინახე და მივესალმე კიდეც. როგორ ფიქრობთ, როცა ზუტად ვიცოდი, რომ გაფრინდაშვილი,„რუსთავი 2"-ის ის ჟურნალისტი გახლდათ, რომელიც სასამართლო თემებზე მუშაობს, ჩვენს გევრდით  მაგიდასთან იყო და მე ასეთი  „საიდუმლო სერობა" მოვაწყე? ეს არ იყო ფარული და დახურული სივრცე. ეს შეხვედრა შედგა ღია ტერასაზე, სადაც 600-მდე მოქალაქე იჯდა. არაფერ საიდუმლო სერობაზე არ იყო საუბარი. უბრალოდ ვვახშმობდით. იმდენი ჭკუა გვყოფნის, რომ თუ რაიმე საიდუმლოზე ვსაუბრობთ, მარიამ გაფრინდაშვილის გვერდით არ ვილაპარაკოთ.


სხვათაშორის, აქვე გეტყვით, რომ 13 ივლისს, ქობულეთში ევროსაბჭოს დაფინანსებით ვიკრიბებით სასამართლო სისტემის რეფორმასა და სტრატეგიებთან დაკავშირებით. სადაც ვიქნებით მეც, ეკა ბესელიაც, გვენეტაძეც, ევროსაბჭოს წარმომადგენელიც, ძირითადი მნიშვნელოვანი პარტნიორები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და მათი თანდასწრებით ვსაუბრობთ, ვმსჯელობთ არსებულ საკითხებზე, გამოწვევებზე. დასამალი უნდა მქონდეს რამე? მინდა მოვუწოდო „რუსთავი 2" -ის ჟურნალისტებს და არასამთავრობოებს - გამოუშვან ფოტოგრაფები, ნორმალურ ფორმაში გადაგვიღონ ფოტოები... გიმეორებთ:  ეს არ არის დახურული ურთიერთობები. პირადად მე, როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, მევალება ყველა სახელმწიფო ორგანოს საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა.  ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.


მოვუწოდებ პროვოკატორ ნიკა გვარამიას, გამოუშვას თავისი ჟურნალისტები და 13 ივლისის შეხვედრაც გადაიღოს, სადაც ოფიციალურად ვხვდებით და ევროსაბჭო აფინანსებს ჩვენს შეხვედრას. მე დღის განრიგსაც გამოგიგზავნით და გამოაქვეყნეთ, რა შეხვედრაზეც არის საუბარი.

 

- თქვენი და თქვენი მეუღლის ირგვლივ ბოლო დროს ძალიან ბევრი ინფორმაცია გავრცელდა. ოპონენტები ხშირად უსვამენ ხაზს თქვენი მეუღლის თანამდებობას, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტის უფროსია. რამდენად იქონია გავლენა თქვენმა ფაქტორმა მის თანამდებობაზე?


- რაც შეეხება ჩემს მეუღლეს თინათინ აბრალავას, რომელიც შეფასების დეპარტამენტში მუშაობს დღეს და ამაზე აპელირებენ ჩვენი ოპონენტები, არასამთავრობო სექტორი და ნიკა გვარამია. ჩემი მეუღლე მუშაობს იქ უკვე 8-9 წელია. მას ყველაფერი საფეხურ-საფეხურ აქვს გავლილი, სტაჟირებიდან დაწყებული... სხვადასხვა დროს იყო კანცელარიის სპეციალისტი, არქივის თანამშრომელი, წამყვანი სპეციალისტი და ა.შ. მიაღწია დეპარტამენტის უფროსობას. ვიდრე მე სასამართლო სისტემაში დავიწყებდი მუშაობას, თიკა უკვე იქ მუშაობდა. თავის საქმეს აკეთებდა იდეალურად და მასთან მიმართებაში პრეტენზია არავის ჰქონია და რადგან ჩემი მეუღლეა, მუშაობის უფლება არ აქვს თუ როგორაა საქმე?


ნიკა გვარამიას და ნაციონალური მოძრაობის ერთადერთი მიზანია, რომ ხელისუფლება იყოს წარუმატებელი, რომ მათ წისქვილზე დაასხან წყალი, საზოგადოებას მოუნდეს მათი დაბრუნება ხელისუფლებაში. სწორედ ამიტომ, ხელოვნურად ქმნიან შეთქმულების თეორიებს, რომ თითქოს ვიღაცა რაღაცას მართავს და პროცესებშია ჩარეული. რატომღაც გვარამიასთვის არ ყოფილა პრობლემა, - როდესაც იგი იყო იუსტიციის საბჭოს წევრი, პავლე კუბლაშვილი იყო იურიდიული კომიტეტის წევრი და კოტე კუბლაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე!  რატომღაც გვარამიასთვის და „რუსთავი 2" - სთვის პრობლემა არ იყო, როდესაც აღნიშნული ტელევიზიის საქმეს გვარამიას მიმართ მაია კოპალეიშვილი იხილავდა  და აცილების საფუძველიც კი არ გახდა... რატომღაც პრობლემა არ იყო, რომ ნიკა გვარამიას ჯგუფელი ქეთევან ერემაძე იყო ასევე მისი სასამართლოს მოსამართლე და ესეც არ იყო აცილების საფუძველი... თურმე ჩემი ნაცნობობა და მეგობრობა მოსამართლესთან არის პრობლემა და კანონდარღვევა. სამწუხაროდ, ნიკა გვარამია და „ნაციონალური მოძრაობა" მარაზმში არიან და სირცხვილია!

 

- არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები ბრალს გდებენ, თითქოს სასამართლო სისტემის მუშაობაზე  გავლენა გაქვთ...


- იგივე შეგვიძლია ვთქვათ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც ცალსახად ისხდნენ კორუმპირებული მამუკა ახვლედიანის გვერდით! დაწერეთ სიტყვა-სიტყვით: დიახ, ისინი ისხდნენ მამუკა ახვლედიანის გვერდით, რომელსაც 7 მილიონის ქონება უპოვეს და არასამთავროებს კითხვის ნიშანი არ გასჩენიათ! ასევე კითხვის ნიშანი არ გასჩენიათ, როდესაც იგივე მამუკა ახვლედიანი ნიკა გვარამიას ეახლა და ანგარიშს აბარებდა მიმდინარე საქმეზე. და ახლა მე  იმ ურთიერთობას მაყვედრიან, რომელსაც თავადაც ვაღიარებ. დიახ, ყოველთვის ვამბობდი, რომ მყავს მეგობრები და ძალიან მარტივი მოცემულობაა, რომ დღევანდელი თაობის იურისტები ყველა ვიცნობთ ერთმანეთს - ადვოკატებიც, პროკურორებიც, მოსამართლეებიც, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც და ამაში პრობლემა არ არის.


მარაზმია ეს ყველაფერი! დიახ, ჩემი კარი მუდმივად ღიაა და შემიძლია ნებისმიერ ადამიანს შევხვდე და გავცე ნებისმიერ კითხვებზე პასუხი!


 

 

 

 

big_banner
არქივი