logo_geo
„ჩვენი თაობიდან ვინღა დავრჩით?..“ – „მოხუცი ჯამბაზები“ და ჯემალ ღაღანიძის ამბების კრიალოსანი
- +

29 ივლისი. 2017. 12:13




„ჩემი სოფლიდან - ღანირიდან, რომელიც იმერეთში, სამტრედიის რაიონშია და სამეგრელოს მდინარე ცხენისწყალი ჰყოფს, ერთი დაჯდომა მინდა ბორანზე და... მაშინვე სამეგრელოში ვიქნები", - გამანდო რუსთაველის თეატრის სახალხო არტისტმა ჯემალ ღაღანიძემ, თუმცა ზუგდიდში ჩასასვლელად ბორანი ნამდვილად არ გამოუყებია. "მოხუცი ჯამბაზების" სათამაშოდ თეატრის დასს დაასწრო და განუყრელ მეგობართან და შემოქმედებით პარტნიორთან, საქართველოს სახალხო არტისტ კახი კავსაძესთან ერთად ერთი დღით ადრე მატარებლით ეწვია სამეგრელოს. სპექტაკლი საქართველოს მასშტაბით პირველად გასცდა თბილისს და ეს, უპირველეს ყოვლისა, რუსთაველის თეატრის დირექტორის, ბატონ გია თევზაძისა და გენიალური რობერტ სტურუას საჩუქარი იყო ზუგდიდელებისთვის. ყველაფრის ინიციატორ-ორგანიზატორი კი არასამთავრობო ორგანიზაცია "არტ უნივერსალის" დირექტორი ხატია ჯანაშია იყო. "მოხუცი ჯამბაზებსაც", ისევე, როგორც ყველა მასშტაბურ კულტურულ ღონისძიებას, კულტურის ცენტრ "ოდიშის" დირექტორ ნინო მამფორიას თანადგომით, ამ ცენტრის დარბაზმა უმასპინძლა... და მერე - როგორ! შესანიშნავმა მაყურებელმა მოიყარა თავი და ერთი მობილურიც კი არ გაწკრიალებულა სპექტაკლზე (თბილისური წარმოდგენებისგან განსხვავებით) - მაყურებლისა და არტისტების ასეთი ჰარმონია კარგა ხანია, არსად მიგრძვნია...


https://www.kvirispalitra.ge/images/new_photo/2017/30/jemal1.jpg


ამ დიდ არტისტებთან ორი დღე ერთად გავატარე და საინტერესო ამბების ზღვა დამიგროვდა, ერთი სიამოვნება კი მათი სიყვარულით სავსე კვიმატი შესიტყვება იყო. ბატონი კახი ორპირს გაურბოდა და მანქანაშიც ხშირად ვხურავდით ფანჯარას, მისთვის რომ არ დაებერა. ბატონი ჯემალი ხმადაბლა და ოსტატურად გაკენწლავდა ხოლმე, რასაც ბატონი კახის რიხიანი შეპასუხება მოსდევდა და ასე გრძელდებოდა უსასრულოდ. დაბერვაზე ბატონმა ჯემალმა საქართველოს სახალხო არტისტი, აწ განსვენებული გურამ საღარაძე გაიხსენა, - გურამი გვაკეტინებდა ხოლმე ფანჯარას. პატარა სიოც რომ შემოსულიყო, ვერ იტანდა. საწყალი, ისე გარდაიცვალა, რომ მივედი და საყინულეში ჩაწოლილი ვნახე, გავგიჟდი, - კაცო, ეს გურამია-მეთქი? ეგრე როგორ იქნება-თქო... ეეჰო... - დანანებით დააყოლა და უცებ სხვა ამბავი გაახსენდა, რასაც კიდევ სხვა მოჰყვა და...


https://www.kvirispalitra.ge/images/new_photo/2017/30/jemal.jpg


ჯემალ ღაღანიძე, საქართველოს სახალხო არტისტი:


- ის პერიოდია, "ვოლგა" რომ მყავდა და გზებზე ინსპექტორები მოტოციკლეტებითა და ჭრელი ჯოხებით იდგნენ. იმხანად სახალხო არტისტებს აგარაკები მოგვცეს წეროვანში. მახსოვს, ერთ დილას მე და ჩემი მეუღლე მანქანით მივდივართ და ბუჩქებიდან ინსპექტორმა ჭრელი ჯოხი გადმომიყო. ვიცი, უნდა გავჩერდე და ისიც ვიცი, რომ დამინახავს, მიცნობს და მაშინვე გამიშვებს. გავჩერდი, მანქანიდან გადმოვედი და, - ჩემს ბედს რა ვუთხრაო, - დაიწყო ინსპექტორმა. - დღეს სულ შენისთანები მხვდებიანო. - ვინ შეგხვდა ჩემისთანა-მეთქი? - ვკითხე. - კაცო, 5 წუთის წინ ბორის წიფურიამ ჩაიარა, 5 წუთის შემდეგ ედიშერ მაღალაშვილმა აიარა, ახლა შენ მოდიხარო... ვუთხარი: 5 წუთს კიდევ მოიცადე, გურამ საღარაძე მომდევს უკან-მეთქი. - რა ხდება, კი მაგრამო? - ჩვენი აგარაკებია აქ და კიდევ ბევრი აივლის და ჩაივლის-მეთქი... - აუჰ, ეს სად დავმდგარვარო! - შეიცხადა კაცმა...


ერთხელ ძლივს გადავურჩით სიკვდილს. კახის "გაზ 24" ჰყავდა, "ვოლგა" და მე, გურამ საღარაძე და კახი მანქანებით წავედით კიევში. კახის ქალბატონი ბელა და ბავშვებიც მოჰყავდა - ნანუკა და ირაკლი. ერთ ხიდთან მანქანა იყო გაჩერებული და ჩვენც მის უკან გავჩერდით. უცებ უკნიდან რაღაც დიდი ძალით დაგვეჯახა და წინა მანქანას მიგვყარა. დიდმა "ტრაილერმა" ვერ დაამუხრუჭა თუ საჭე ვერ დაიმორჩილა და კახის მანქანაში ჩადო მარჯვენა საბურავი - ჯერ საბარგულს გადაუარა და მერე სახურავი დაჭეჭყა. ბავშვები ძლივს გამოვიყვანეთ. ბედად, სამივე მანქანა ამუშავდა. ცელოფანები ავაკარით და ოდესისკენ წავედით, მანქანები გემზე რომ აგვეყვანა. გზაში დავიტანჯეთ, ყველა ინტერესდებოდა, რა მოგივიდათო. ბოლოს გამოსავალი მოვიფიქრე: მანქანებს რუსული წარწერები გავუკეთეთ: "სიომოჩნაია გრუპა" და ასე ამოვისუნთქეთ...

 

- ზუგდიდის ძველ გასტროლს იხსენებდით. დიდი ხნის წინანდელი ამბავია?


- ზუგდიდში გასტროლით პირველად დაახლოებით 40 წლის წინ ჩამოვედით მე და კახი, მახსოვს, ქალაქის ცენტრში, სტადიონი რომ იყო, ბატონმა აკაკი ხორავამ იქ ითამაშა "ოიდიპოს მეფე"... ასეა, ბებრებთან გაქვთ საქმე, ბებრებთან (ნეტავ, ბევრი გვყავდეს ასეთი "ბებერი" და კარგად გვექნებოდა საქმე-მეთქი, - გავიფიქრე - ი.ხ.)... ბედნიერია ადამიანი, ვისაც, თუნდაც, რობერტ სტურუას "კავკასიური ცარცის წრე უნახავს"! 30 წლის წინ ვითამაშეთ ზუგდიდში. მას შემდეგ ამ სპექტაკლით 30 ქვეყანა მოვიარეთ. ეს სპექტაკლი 650-ჯერ არის ნათამაშები და გჯერათ, რომ ერთხელაც არ მინახავს, სცენაზე ვიდექი?


თეატრალური განხრით, მართლაც, კარგი ცხოვრება გავატარეთ მეც და კახიმაც. ზუგდიდური გასტროლით კი ძალიან კმაყოფილი ვარ. ხატია ჯანაშიამ მაგარი საქმე გააკეთა. ამ პერიოდში, შვილო, მაგაზე რთული არაფერია, ასეთი ღონისძიება დაგეგმო და გააკეთო. ზუგდიდს კი ისეთი მაყურებელი ჰყავს, გაგიჟდები კაცი. როგორ შეიძლება, აქ თეატრი არ იყოს!


https://www.kvirispalitra.ge/images/new_photo/2017/30/art%20universalis%20direqtor%20xatia%20janashiastan%20ertad.jpg


მაყურებელზე გამახსენდა: თბილისში "ბახტრიონს" ვთამაშობდით და მე საზიზღარ წიწოლას ვასახიერებდი. ერთი ეპიზოდია, სამეული ვართ - ლელა, ანდარეზი და ჩემი პერსონაჟი - ბოროტი, ცუდი კაცი. ანდარეზი ეუბნება ლელას: "იქ მთვარე ჩადის"... ლელამ უნდა უთხრას: "ისევ ამოვალს!" სამჯერ იმეორებენ. მე ბუჩქებში ვარ, თვალყურს ვადევნებ და სამჯერვე უნდა ვუთხრა: "თქვენთვის აღარა!" მესამედ რომ გავიმეორე ჩემი ფრაზა, პარტერიდან ვიღაცამ დაიძახა: თავი დაანებე, რა, კაცი არა ხარო?! რას არ მოისმენ ადამიანი!


კიდევ ერთ ამბავს მოგიყვებით, უსიამოვნო კი არის, მაგრამ - მაინც: ერთხანს კახის ცუდად წაუვიდა საქმე - დაყრუვდა, რა. "მოხუც ჯამბაზებში" გრიმს ერთად ვიკეთებთ ხოლმე. ერთად ვსხედვართ, გვერდიგვერდ. გავიხედე და, ამოიღო პატარა ყუთი, გახსნა, იმ ყუთიდანაც ბრინჯისხელა ორი რაღაც ამოიღო და ორივე ყურში გაიკეთა. მივხვდი, სმენის აპარატი რომ იყო, მაგრამ არაფერი მითქვამს. სამ წუთში მომიბრუნდა და, - რა მითხარიო? - მეკითხება, არადა, ხმა არ ამომიღია. - არაფერი მითქვამს, კახი-მეთქი, - ვუპასუხე და გრიმის კეთება განვაგრძეთ. 3 წუთში ისევ მეკითხება: რა მითხარიო? - არაფერი მითქვამს, კაცო, დამანებე თავი-მეთქი, - ვუპასუხე. მესამედაც იგივე რომ მკითხა, ვეღარ მოვითმინე და, - ალბათ, გუშინდელი ჩანაწერია და იმას უსმენ-მეთქი!


- არაფერი გიპასუხათ?


- არა. როგორც ახლა არ იღებს ხმას და არც კი იღიმის ჩვენს სიცილზე, მაშინაც ასე დუმდა...


https://www.kvirispalitra.ge/images/new_photo/2017/30/jemal2.jpg


იყო პერიოდი, მარჯანიშვილის თეატრის წამყვანი მსახიობები რუსთაველის თეატრში არ შემოდიოდნენ და - პირიქით. მაგალითად, აკაკი ხორავა და აკაკი ვასაძე მარჯანიშვილის თეატრში არ შედიოდნენ. რამდენ ხანს გაგრძელდა ეს, იცით? ეროსი მანჯგალაძისა და რამაზ ჩხიკვაძის თაობა რომ წამოვიდა, ნელ-ნელა, მაშინ აღდგა ხიდი. სერგო ზაქარიაძე იყო ჩვენი დირექტორი და მან ჩაიფიქრა, უნდა შევაერთო ეს თეატრებიო. მერე და მერე, მართლაც ხან ჩვენ ვთამაშობდით მათთან ერთად, ხან ისინი - ჩვენთან. მახსოვს, რუსთაველის თეატრში რეჟისორმა დოდო ალექსიძემ დადგა "ჰამლეტი" და ჰამლეტს ბიჭიკო ჩხეიძე თამაშობდა. მარჯანიშვილელებიდან არავინ მოვიდა სპექტაკლზე. პარტერიდან სცენაზე შესასვლელში პატარა სარკმელია. ანტრაქტის დროს დოდო ალექსიძე იყურებოდა იქიდან და შენიშნა, პიერ კობახიძე, პარტერიდან რომ ამოდიოდა. მაშინვე ჰკითხა: პიერ, ბევრი მტერი მყავს დარბაზშიო? - არა, დოდო, როგორ გეკადრება, მტერი შენ სცენაზე გყავსო...


- ბევრი ახალგაზრდა მოვიდა რუსთაველის თეატრში, თაობების ცვლა კი ყოველთვის მტკივნეულია. თუნდაც, "მოხუც ჯამბაზებში" რამდენი გამოგაკლდათ და ის დიდი არტისტები ნელ-ნელა სხვა, შეიძლება ითქვას, შვილების თაობის ძალიან ნიჭიერმა მსახიობებმა ჩაანაცვლეს. ფაქტია, სპექტაკლი დღესაც საოცრად შთამბეჭდავია.


- ჩვენი თაობიდან ვინღა დავრჩით? - მე, კახი, ზაზა ლებანიძე და სოსო ლაღიძე შემოვრჩით. ცვლა, რა თქმა უნდა, მტკივნეულიც არის და შესამჩნევიც, მაგრამ... ტრადიციას მაინც ინარჩუნებს თეატრი. რამდენი თაობა გამოიცვალა მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრებმა, აქ რეჟისორსაც ვგულისხმობ და მსახიობსაც, მაგრამ სტილისტიკა დღესაც ერთმანეთისგან განსხვავებული აქვთ. ორივეს დიდი, მაგრამ სრულიად განსხვავებული რეჟისორები ჰყავს - თემურ ჩხეიძე და რობერტ სტურუა. თაობის ცვლამ არ უნდა შეცვალოს ტრადიციები და სტილი. მაგალითად, როგორ გავხდით რუსთაველელები მე და კახი, ვერც კი მივხვდით. დაახლოებით ისე, რა მაგალითიც მოიყვანა ჩვენმა აქაურმა მასპიძელმა, ბატონმა ჯემალმა. მან ბრძანა: უწინ ფოსტას ცხენებშებმული დილიჟანით დაატარებდნენ. დილიჟანს უკან ყოველთვის კვიცი მიჰყვებოდა - გარედან აბამდნენ, გზა და ფოსტის ცხენის სამუშაო რომ ესწავლა (მეც მინახავს ჩემს სოფელში). კვიცი რომ გაიზრდებოდა და ცხენის ადგილს დაიკავებდა, იმ მოხუც ცხენს მაინც გააყოლებდნენ ხოლმე, ოღონდ ზედ არ აბამდნენ... არ შეიძლება, წინაპრებს ხაზი გადავუსვათ, თორემ ვერაფერს გავიგებთ და გადავიჩეხებით ისევე, როგორც უპატრონო რემა გადაიჩეხებაო. ჩვენც ნელ-ნელა შევერწყეთ თეატრს, უფროს თაობასთან საუბრებით, თამაშით. ერთ მშვენიერ დღეს კი აღმოვაჩინეთ, რომ, თურმე, მათი ტრადიციები გადმოგვეცა და ჩვენ ვართ ამ თეატრის სტილი.


- ოდესმე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობად წარმოიდგენდით თავს?


- მაგალითად, სერგო ზაქარიაძე მარჯანიშვილიდან რუსთაველის თეატრში რომ გადმოვიდა, უკვე ძალიან დიდი მსახიობი იყო, მაგრამ ჩვენთან, თითქმის, ნულიდან დაიწყო. ამიტომ "მარჯანიშვილში" რაც საუკეთესოდ ითამაშა - "ზვავში" თინიბეგის როლი, რუსთაველში სპეციალურად დაუდგეს, თეატრში რომ "შემოსულიყო"; ბატონი იპოლიტე ხვიჩია ქუთაისში ძალიან მაგრად თამაშობდა დოდო ანთაძის "ქუთათურებს" და მერე სპეციალურად დადგა "რუსთაველშიც", იპოლიტესაც ძალიან ნულიდან რომ არ დაეწყო.


- შვილიშვილის, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძის არტისტიზმს როგორ აფასებთ?


- სანდრიკა კარგი ბიჭია, კარგად მოერგო თეატრს, ნდობა დაიმსახურა. რობიკოს 4 სპექტაკლშია დაკავებული. ეგრე, მისვლისთანავე არავის დაუწყია და თუ ჭკუა ეყოფა, ნელ-ნელა კაცი დადგება.



 

ირმა ხარშილაძე

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი