logo_geo
„სანამ დაიღუპებოდა, თითქოს დამილაგა ცხოვრება“ - პოპულარული „ლუნას“ უცნობი ისტორია
- +

6 დეკემბერი. 2016. 17:04




„ლუნამ შეცვალა მთელი ჩემი ცხოვრება... ახლა ორი მე არის ჩემში, ქეთი ხუციშვილი და ლუნა მაზიაშვილი. ხან ქეთი ვარ, ხან ლუნა", - ამბობს ქეთი ხუციშვილი „ნიუპოსტთან" საუბრისას.


- სანამ ლუნა გამოჩნდებოდა, სად იყო და რას აკეთებდა ქეთი?


- სახლში იყო ქეთი, შვილთან ერთად. არც მოსაწყენი ცხოვრება მქონია, არც აქტიური, ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობდი. პაროდია, სიმღერის დამუშავება, ცეკვა - ეს ყველაფერი დღის განრიგში შედიოდა. ჩემს თავთან ვმუშაობდი... არ ვეძებდი ახალ ურთიერთობებს, ძალიან მავსებდნენ ჩემს გარშემო მყოფნი, პირველ რიგში ჩემი და, რომლის დამსახურებითაც ვარ დღეს სერიალში. მე კმაყოფილი ვიყავი, როგორც ვიყავი, პრეტენზიები ნამდვილად არ მქონდა, მაგრამ ახლა საერთოდ სხვა ეტაპი დადგა ჩემს ცხოვრებაში.


- როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?


- როდესაც ჩემი ვიდეოები ინტერნეტის საშუალებით გავრცელდა, დამიკავშირდნენ და დამიბარეს კასტინგზე... ერთ-ერთ სოფელში ჩემს მეუღლესთან ერთად უნდა მემღერა. ჩემს მეუღლეს სერიალში ჩემი ბიძაშვილი ვახო ოქრუაშვილი ანსახიერებს, ერთად გვქონდა ვიდეო ჩაწერილი და ისიც ნახა „ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა. შემდეგ მეორედ დამიკავშირდნენ, ისევ სოფელში, იქ ცოცხლად შევასრულე ჯანსუღ კახიძის „გოგოვ, ნატვრა მათქმევინე", იქაც ემოციები მოჰყვა. ამ სიმღერას შემდეგ უკვე წამოვიდა ლუნა მაზიაშვილი.


- რა შეგრძნება იყო, როცა პირველად დაგიკავშირდნენ და გითხრეს, უნდა მოხვიდე კასტინგზეო?


- რისკი იყო ჩემთვის, ამიტომ უარი ვთქვი ჩემს დასთან, მეშინოდა ამ პასუხისმგებლობის, გადამღებ ჯგუფთან მუშაობა, ჩემთვის იყო სრულიად უცხო, არანაირი შეხება არ მქონია. შესაბამისად, შიშიც მქონდა, ვფიქრობდი, თუ როგორ მიმიღებდა საზოგადოება, ამ რისკზე წასვლის მეშინოდა, მაგრამ ისევ ჩემმა დამ მიბიძგა. და გავრისკე.

 

- პირველი ეპიზოდი ალბათ მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდება.


-კი... მართლაც ასეა... ერთ-ერთ სოფელში წაგვიყვანეს, საშინლად ციოდა, ამომაცვეს ფლოსტები, აჯაჯულ-მიჯაჯული ვიყავი და ... გადამწყვეტ მომენტში გადავიქეცი ლუნად, ეს წამებში მოხდა. არასოდეს დამავიწყდება პირველი სცენა, ემოციაში იმდენად ვიყავი შესული, რომ ძლივს გამოვედი. კიდევ მინდოდა, იმპროვიზაცია ყოფილიყო ჩემი მხრიდან...


- როდესაც ასეთი რეაქცია და ძალიან დადებითი შეფასება მოჰყვა ამ ყველაფერს, მერე რა მოხდა შენში? როგორ შეხვდი ამას?


- ემოციურად, თან ძალიან... შინაგანად ვარ ძალიან ემოციური, ყველაფერი გულთან მიმაქვს. სიხარულიც, ტკივილიც, ყველაფერი... წარმოიდგინეთ, რამხელა რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ჩვეულებრივი ცხოვრებით რომ ცხოვრობ და უცებ ასეთი ცნობილი ხდები. ვერ ავიტანე... გამიჭირდა მიღება. მეტირებოდა, მეღიმებოდა... ბედნიერებისგან ვიყავი ცუდად. დაუჯერებლად ვარ, ახლაც ... ყველა მცნობს, ბავშვი, მოხუცი, ახალგაზრდა... ყველა აბსოლუტურად... ახლა მე გზაში ვარ და ვეწევი ამ ჩემს ყოფას....


სასწაული სითბო მოდის მათგან... თვალები, ღიმილი... დამინახავენ და ეცინებათ.... წარმოიდგინეთ რამხელა ბედნიერებაა, მე ვგვრი ადამიანებს სიხარულს... ღიმილს...


თქვენ ლუნა ხართ, ხო? მეკითხებიან გაბრწყინებული თვალებით... მერიდება, თითქოს მცხვენია, ხალხი რომ მცნობს. კიდევ ვერ შევეგუე. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, ამხელა დადებით ემოციას თუ მივიღებდი. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ყველას და მადლობა ფორმულა კრეატივს.


- როგორ ფიქრობ, ეს ყოველივე ბედისწერაა?


- ალბათ, ასეც არის, სწორედ აი, ამ ასაკში უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი და ცხოვრებამ მომიტანა. ერთ სიმღერას რომ დავამუშავებდი, ერთი კვირა მყოფნიდა ის ემოცია. ელემენტარულ რაღაცაში ვპოვებ ბედნიერებას, მავსებს. არასოდეს ვეძებდი დიდ რაღაცას, ამიტომაც ეს ჩემთვის იმდენად სასწაული იყო, რომ პირდაპირი მნიშვნელობით ტირილამდე მივდივარ... უცებ ბრახ და სამივე სფერო რაც ჩემია, ის მოვიდა. არ მიოცნებია ამ ყველაფერზე, თვითონ მოვიდა, ალბათ, რაც გავეცი ეს სიყვარული, იმ სფეროში, რაც მე მიყვარდა, ბუმერანგივით უკან დამიბრუნდა. მე როდესაც საკუთარ თავთან ვრჩები, ამ ახსნას ვუძებნი ამ ყველაფერს. რაც გულით მინდოდა, რაც გულით მიყვარდა, ცხოვრებამ მომიტანა ეს ყველაფერი და ცხოვრებას ვუხდი ამისთვის დიდ მადლობას. მეც მინდა, რომ კარგად შევხვდე და იგივე ემოცია დავუბრუნო.


- და ამ ყველაფერში დას „ადანაშაულებთ"


-კი (იცინის). ყველაფერი ჩემი დის „ბრალია". ორი წლით უფროსია ჩემზე. არ მომეშვა... ჯერ ვიდეოები განათავსა ინტერნეტში.... ჰოდა, შემაყვარა ლუნა...


- ეს ერთი და გყავთ?


- პატარა და ლიკა დაღუპული მყავს, 24 წლის იყო. შეყვარებულთან ერთად ავტოავარიაში მოყვა. ყოველთვის ვგრძნობ ჩემი დის მხარდაჭერას, რეალურად ვგრძნობ ჩემს დას. სიცოცხლეში ისეთი რაღაცები მითხრა ჩემზე ... სანამ დაიღუპებოდა ორი წლით ადრე, თითქოს დამილაგა ცხოვრება... რაც მითხრა, დეტალურად ახდა ყველაფერი...


ჩემი პატარა დაც მღეროდა, უფროსიც მღერის, სამ ხმაში ვშლიდით სიმღერებს დები, ბავშვობიდან ვმღეროდით. ჩვენთან უყვარდა ყველას მოსვლა. იშლებოდა სუფრები და სულ სიმღერების ხმა გადიოდა ჩვენი სახლიდან.


- მშობლებიც მღერიან?


-კი... დედა გიტარასა და ფორტეპიანოზე უკრავს და ძალიან მაგრად მღერის. მამასაც ძალიან კარგი ხმა აქვს.


- შვილს თუ გამოყვა დედის ნიჭი?


- გიორგიც მღერის, აბსოლუტური სმენა აქვს, ჩემს შვილთან ერთად დიდი სიამოვნებით ვიმღერებდი რამეს, ძალიან მინდა. ვიმღერებდი ან ქართულს, ან ესპანურს, ან ბოშურს...


- გიორგი როგორ შეხვდა დედის პოპულარობას?


- არაემოციურად. ჩემგან განსხვავებით ბევრად უფრო გაწონასწორებულია, არ არის ჩემსავით ემოციური, მაგრამ იმ კლიპის შემდეგ შემოვარდა - რა ხდება, დედა, ჩვენს თავსო?


- ქეთი, ერთი შვილი გყავს?


- პირველი შვილი დაღუპული მყავს. სამი თვის ნინო. ძალიან დიდი სტრესი გადავიტანე. ვირუსი შეხვდა და ვერაფრით ვუშველეთ. სამი წლის მერე გიორგი დაიბადა და ისეთი დიდი ბედნიერება მივიღე, რომ ბედნიერებისგან ძალიან ცუდად გავხდი, წნევა ძლივს დამიგდეს ექიმებმა. ახლა 14 წლის არის.


- ქეთი, რატომ ხარ მარტო?


- მარტო ვარ, თუმცა იყო ჩემს ცხოვრებაში ისეთი ნაბიჯებიც, რომელიც მეგონა, რომ იქნებოდა, მაგრამ მერე არ აეწყო, არ ვიცი, ვისი ბრალი იყო, ჩემი თუ სხვისი, არავის არაფერს ვაბრალებ ცხოვრებაში. მაგრამ მაინც აღმოჩნდა ისე, რომ ასე ვარ ახლა.


- ანუ, იყო იმედგაცრუება...


-კი იყო...


- დეპრესიაც?


- არა... არანაირად, დეპრესია არ მქონია. ძალიან ლოგიკურად და გააზრებულად ვუყურებ ცხოვრებას. არ ვცხოვრობ ზღაპრულ სამყაროში, რეალურად ვუყურებ ყველაფერს. ამიტომ, დეპრესია არ მქონია, თუმცა მოწყენილობა, ტკივილი მქონდა... მაგრამ შინაგანი ხასიათი ისეთი მაქვს, რომ თავს ყოველთვის ვაიძულებ კარგად ყოფნას, ვეუბნები შენ არ ხარ მარტო, შენ გყავს შვილი და ამიტომ უნდა იყო კარგად. მარტო ჩემს თავს არ ვეკუთვნი. არ ვარ ეგოისტი ამ კუთხით.

 

- ყოფილ ქმარს როგორ გაიხსენებ?


- ჩემს ყოფილ ქმართან ერთად 9 წელი ვიცხოვრე. ბაღშიც ერთად დავდიოდით. მეხუთე კლასამდე სკოლაშიც ერთად ვიყავით და სკოლაში ვუყვარდი. მერე ისე მოხდა, რომ მე სხვაგან გადავედი საცხოვრებლად და სკოლაც შევიცვალე.


მერე ისევ შევხვდით ერთმანეთს, შემთხვევით იუსტიციის სახლში. 18 წლის ვიყავი, რომ გავყევი...


მეგონა, ვიცნობდი, მაგრამ თურმე, არ ვიცნობდი. რამდენიმეწლიანი ცხოვრების შემდეგ, ვიგრძენით, რომ არ ვიყავით ერთმანეთისთვის. ის სხვა პლანეტაზე იყო, მე სხვაზე. ჩვენ არ ვიყავით ერთად ბედნიერები. რთულია ასეთ ყოფაში ცხოვრება. ამიტომ, გადავდგი ეს ნაბიჯი და ვუთხარი სიმართლე. ძალიან კარგად მიიღო ეს ყველაფერი და წავიდა, იმის მერე აღარ მინახავს, აღარც მე და აღარც ჩემს შვილს.


- რა გჭირდება სრული ბედნიერებისთვის?


- შინაგანი სიმშვიდე... არ ვაძლევ ხოლმე საკუთარ თავს იმის უფლეებას, რომ ბოლომდე მივენდო ბედნიერებას, საკუთარ თავს გამოვუძებნი ხოლმე სანერვიულოს. ასე მგონია, რომ იმაზე მეტი მაქვს, რასაც ვიმსახურებდი, მაშინებს ეს მომენტი, მაგრამ, ისევ მეორე მე შემომძახებს ხოლმე და მაფხიზლებს...


მაბედნიერებს თითოეული ადამიანის გამოხედვა, მზერა, ღიმილი, ჩალაპარაკება - აი, ეს ლუნაა, სასწაულ ემოციას მგვრის, ყველა ადამიანი მიყვარს, ვინც ჩემს მიმართ ასეთ დადებით ემოციას გამოხატავს. ხალხნო, ძალიან მიყვარხართ, მადლობა თქვენ, მადლობა ცხოვრებას, მადლობა ფორმულაკრეატივს და მადლობა საერთოდ მთელ სამყაროს.



 

 

 

 

დეა თავბერიძე

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი