logo_geo
გია ჟორჟოლიანი: კმაყოფილი არც ჩვენ ვართ და დისკუსიას კიდევ გავაგრძელებთ
- +

7 ოქტომბერი. 2017. 17:06


- ბატონო გიორგი, პრეზიდენტთან შეხვედრაზე, როგორც სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი და უმრავლესობის წარმომადგენელი, იმყოფებოდით?


- „ოცნებაში" არიან სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები. მე, როგორც ერთ-ერთი პარტიის თავმჯდომარე, ვიმყოფებოდი შეხვედრაზე.


- როგორი განწყობა იყო პრეზიდენტთან შეხვედრის დროს?

 

- შინაარსობრივი საუბარი იყო, მშვიდი.


- შინაარსობრივი საუბარი იყო?

 

- დიახ, შინაარსობრივი საუბარი იყო, მშვიდი და არა - კონფრონტაციული.


- მხარეებმა რა პოზიციები დააფიქსირეს?

 

- მხარეები რას ნიშნავს, პრეზიდენტმა და საპარლამენტო უმრავლესობამ?


- დიახ, ერთი მხრივ, პრეზიდენტი, მეორე მხრივ კი - უმრავლესობა ხომ ისხედით კონსტიტუციასთან დაკავშირებით სასაუბროდ?

 

- პრეზიდენტს თავისი დამოკიდებულება აქვს. კონკრეტულად, რა საკითხებთან დაკავშირებით გამოიყენებს ვეტოს, ამაზე მსჯელობა არ ყოფილა. უმრავლესობის პოზიციები პრინციპულია. ხომ არ შეიძლება, საკითხზე მსჯელობა თავიდან დავიწყოთ.


- შეიძლება პრეზიდენტი და უმრავლესობა კიდევ ერთხელ შეხვდნენ, თქვენი მხრიდან პოზიცია შეიცვალოს და რაღაც ცვლილებებზე შეთანხმდეთ?

 

- ჩვენი პოზიციები ასახულია კონსტიტუციაში. კონსტიტუცია მიღებულია. ამის გარდა, ბევრ საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობაში შეთანხმება მიღწეულია და ორი ცვლილება განხორციელდება. ეს ეხება ბლოკების საკითხსა და ბონუსს. შეთანხმებულია ბლოკების დაშვება ერთჯერადად 2020 წლისთვის. ჩვენ ბლოკების წინააღმდეგი ვართ, მათ შორის, 2020 წლისთვისაც. პარტიების განვითარებისთვის მიზანშეწონილია, თავიანთი იდეებით, პლატფორმით გამოვიდნენ და ეკლექტური ბლოკები არ იყოს, სადაც სხვადასხვა პოზიციაზე მდგომი პარტიები არიან გაერთიანებული. ჩვენ ასეთი ბლოკების წინააღმდეგი ვართ, მაგრამ იმისთვის, რომ შეთანხმება მიღწეული იყოს, ჩვენც მხარი დავუჭირეთ ბლოკების შექმნას.


თუ პრეზიდენტი ვეტოს ფორმით ამ ორ საკითხს წარმოადგენს, მაშინ, ცხადია, უმრავლესობა მხარს დაუჭერს და ახლავე იქნება მიღებული. თუ პრეზიდენტი ამ ორ საკითხს ვეტოს სახით არ წარმოადგენს, მაშინ ჩვენ ამ ორი საკითხის ინიცირებას მოვახდენთ და ცვლილებას მივიღებთ.


- ბონუსი საერთოდ აღარ იარსებებს თუ გადანაწილების წესი შეიცვლება?

 

 - ბონუსი საერთოდ აღარ იარსებებს. ვინც გადალახავს ბარიერს, მიღებული ხმების მიხედვით, მანდატები პროცენტულად გადანაწილდება.


- პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი წავიდა ვენეციის კომისიასთან შესახვედრად.

 

- ძალიან კარგი.


- რადგან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ვენეციის კომისიის სხდომაზე წავიდა, შეიძლება ვიფიქროთ, რომ პრეზიდენტთან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა შეხვედრა უშედეგო იყო.

 

- რას ნიშნავს, უშედეგო იყო?


- ე.ი. რაიმეზე ვერ შეთანხმდით? კომპრომისი...

 

- გითხარით, რომ რაიმეზე უნდა შევთანხმებულიყავით? ეს იყო ორი ინსტიტუტის, პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა. იყო მსჯელობა და ანალიზი. იქ მსჯელობა, შენ რას გააკეთებ, მე რას გავაკეთებ, არ ყოფილა.


- პარტიები აფიქსირებენ, რომ...

 

- ვინ არიან პარტიები, კონკრეტულად მითხარით. 200-ზე მეტი პარტიაა რეგისტრირებული.


- პარტიები, რომელთა წარმომადგენლები პრეზიდენტთან იკრიბებიან.

 

- პრეზიდენტმა ცალსახად თქვა, რომ თავის გარშემო არავითარი პარტიების შემოკრებას არ ცდილობს. ის პრეზიდენტია და ყველას ელაპარაკება. მითხარით, რას ამბობენ.


- კონკრეტულად, მაგალითად, ალასანიას ყოფილი პარტიის წარმომადგენელი შავგულიძე აცხადებს, რომ ისინი არანაირ კომპრომისზე არ წავლენ, გინდა თუ არა, მოვითხოვთ, 2020 წლისთვის არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდესო.

 

- რა კომპრომისზე უნდა წავიდეს, გადაწყვეტილება მიღებულია, რომ 2020 წლისთვის არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. ჩვენ ამ საკითხზე პრინციპული პოზიცია გვაქვს. უმრავლესობაში ეს საკითხი არ განიხილება.


ვფიქრობ, მთავარი პოზიტიური შედეგი ამ შეხვედრას ჰქონდა - ჩვენი მხრიდანაც და პრეზიდენტის მხრიდანაც დაფიქსირდა. წინააღმდეგობები შეიძლება არსებობდეს. თქვენ პარტიები ახსენეთ. 200-ზე მეტი პარტიაა საქართველოში. კონსტიტუციის მიღების წესი არ გულისხმობს იმას, რომ ყველა პარტია გამოიკითხოს და, პარტიები რასაც იტყვიან, ის მიიღო. კანონში გაწერილი და კონსტიტუციურად განსაზღვრულია საკონსტიტუციო კანონების მიღების წესი. ჩვენ იმ წესის შესაბამისად ვმოქმედებთ და არა იმის, რომელიმე პარტია თუ დადგება და რაღაცას იტყვის.


ამიტომ, თქვენ რომ მეუბნებით, კონკრეტულმა პარტიამ გააკეთა განცხადებაო, შეიძლება კიდევ ვიღაცამ რაღაც თქვას, ამიტომ კონსტიტუცია არ მივიღოთ? კონსტიტუცია მიიღება გარკვეული წესებით. იმ წესებით ვმოქმედებთ ჩვენ. თუ სხვა რამ ეწერებოდა იმ წესებში, სხვანაირად ვიმოქმედებდით. 200 პარტიაა, გამოკითხვა დავიწყოთ? ხალხმა არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა უმრავლესობა. ახლა მიღებული კონსტიტუცია არის კომპრომისების შემდეგ უმრავლესობაში შემავალ პარტიებს შორის. კონკრეტულად, ჩვენს პარტიასაც ჰქონდა წინადადებები. ნაწილი მთლიანად გაითვალისწინეს, ნაწილი - ნაწილობრივ. ჩვენ კიდევ არ ვართ კმაყოფილი და კიდევ გავაგრძელებთ დისკუსიას.


- რა ჩანაწერთან დაკავშირებით არ ხართ კმაყოფილი?

 

- კერძოდ, ეს ეხება 94-ე მუხლს. ყველა პარტია რომ გამოვკითხოთ, ვერასოდეს ვერაფერს მივიღებთ. რაც შეეხება პროცესს, პროცესი ღია უნდა იყოს, რაც უზრუნველყოფილი იყო. 94-ე მუხლის თაობაზე გარდამავალ დებულებებშია გადატანილი. ჩვენ გავაგრძელებთ დისკუსიებს. დისკუსიები დახურული კი არ არის, ამით საქართველოს ისტორია კი არ დასრულებულა. იმოქმედონ იმ წესით, როგორც კანონითაა განსაზღვრული და არა ულტიმატუმებით, თუ თქვენ არ მოგვისმენთ, მაშინ კონსტიტუცია არ არის ლეგიტიმურიო. სასაცილოა.


- სარჩევნო კანონით, 2024 წლიდან მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადავალთ. გამოდის, რომ პიროვნება, რომელსაც არ უნდა არცერთ პარტიაში გაწევრიანება, არც პარტიის შექმნის შესაძლებლობა აქვს, მაგრამ უნდა პოლიტიკაში მონაწილეობა, ვერანაირ მონაწილეობას ვერ მიიღებს, ვერ გახდება დეპუტატი. ეს, ფაქტობრივად, პიროვნების დისკრიმინაცია არ გამოდის?

 

- თქვენი მოსაზრება ბევრი დეპუტატისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ისინი სწორედ ამ მიზეზით ეწინააღმდეგებოდნენ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ამ პოზიციის დეპუტატები დღესაც არიან და თქვენც ხართ. ამ ადამიანებს შეუძლიათ, გააგრძელონ მსჯელობა, კიდევ დააყენონ ეს საკითხი. კონსტიტუცია ისე არ მიიღება, გინდა თუ არა, ეს ნორმა ჩავწეროთო.


სხვა პარლამენტში სხვა უმრავლესობა იქნება არჩეული და შეიძლება სხვა გადაწყვეტილება მიიღონ. ეს გადაწყვეტილებაც კანონიერია. თქვენ რომ ამბობთ, დისკრიმინაციააო, სრული დისკრიმინაცია არ არის. თუმცა, ვიღაცები მიიჩნევენ, რომ დისკრიმინაციაა. თუ თქვენც ასე მიგაჩნიათ, შეგიძლიათ იმსჯელოთ. თუ არ მიიღებენ, გინდა თუ არა, კონსტიტუცია უნდა შეჩერდეს, ასე არ არის.

 

 

გულიკო ბალაძე


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი