logo_geo
ლიკა ქავჟარაძე: როცა მყვარებია, ყველა სიყვარული ტრაგიკულად დასრულებულა...
- +

13 ოქტომბერი. 2017. 14:05


„ოჯახში შექმნილი სიტუაციის გამო ვიყავი ცუდად და რაც კი შემემთხვა, ყველაფერი სწორედ ოჯახის გამო ხდებოდა... იდეალურ სიყვარულს ვეძებდი და ალბათ, გარკვეულწილად, ამის ბრალიც იყო"


ის ლეგენდად უნდა ქცეულიყო, მთელი ეპოქა შეექმნა, მსოფლიოს უძლიერესი და უმდიდრესი ადამიანების მუზა გამხდარიყო... ამისთვის ყველაფერი ჰქონდა. ღმერთმა ღვთიური სილამაზე და სრულყოფილება უბოძა, მაგრამ ამ შესაძლებლობებიდან ლიკა ქავჟარაძემ ვერაფერი გამოიყენა. თითქოს ბედისწერამ დასაჯა... იქნებ ლიკა შეცდა? ახლა ამ კითხვაზე ყველას თავისი პასუხი და არგუმენტი აქვს. ამბობენ, რომ მას ავადმყოფობამ შეუშალა ხელი... ლიკა ყველაფერს სიყვარულს აბრალებს... იმდენად ლამაზი იყო, რომ, როგორც ჩანს, მამაკაცებისგან თავი ვერ დაიხსნა, კარიერას „უღალატა" და ფორტუნამაც ზურგი აქცია. თუმცა, ეს ხომ ისეთი თემაა, სადაც სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს.


ლიკა ქავჟარაძემ პირად ცხოვრებაზე „პრაიმტაიმს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა...


- როგორ გახსენდებათ თქვენი კარიერის დასაწყისი?

- ლაღი ბავშვობა არ მქონია. ხუთი წლიდან მუსიკას ვსწავლობდი, 12 წლიდან დამეწყო კინოკარიერა და ასე ვუთავსებდი ერთმანეთს მსახიობობასა და მუსიკას. სანამ „ნატვრის ხეში" გადამიღებდნენ, მანამ ხუთ ფილმში მქონდა მონაწილეობა მიღებული და აქედან გამომდინარე დამამტკიცეს როლზე. როდესაც ჩემს ნამუშევარს პირველად ვუყურებდი, არასოდეს არ მომწონდა.

 

- „ნატვრის ხემ" აღიარება მოგიტანათ, ალბათ, არც ისე იოლი იყო იმ პერიოდში პოპულარობა?

- გეთანხმებით, ძალიან ძნელი იყო. ქუჩაში რომ გავდიოდი, თითით საჩვენებელი ვიყავი. აი, ეს ის არ არის, ვინც ვირზე იჯდაო. რატომღაც ყველა ვირზე ჯდომის ეპიზოდს იხსენებდა. მქონდა ისეთი პერიოდი, როცა ქუდითაც კი დავდიოდი, რომ ხალხს არ ვეცნე.


- ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი გყავდათ?

- კი, ძალიან ბევრნი იყვნენ. უამრავი წერილი მომდიოდა მთელი საბჭოთა კავშირიდან, ძირითადად ყველა სიყვარულს მიხსნიდა.


- როგორ იგერიებდით თაყვანისმცემლებს?

- იცით, რა? მე არც მქონდა დრო, რომ ვინმესთან ურთიერთობა მქონოდა.


- პირველად როდის შეგიყვარდათ?

- საბავშვო ბაღში. შემდეგ უკვე, როცა 14 წლის ვიყავი. დავინახე ბიჭი ეზოში და ერთი ნახვით შემიყვარდა, ურთიერთობა ვერ დავამყარეთ, რადგან ძალიან გაუბედავი გრძნობა იყო.

 

- ანუ ცალმხრივად გიყვარდათ?

- არა, ორმხრივი იყო, იმასაც ვუყვარდი, მაგრამ კონტაქტს ვერც ერთი ვერ ვბედავდით. მარტო ვიზუალური კონტაქტი გვქონდა.


- იმ ბიჭის სახელიც არ იცოდით?

- როგორ არ ვიცოდი, ოთარ ნიშნიანიძე იყო, მაგრამ, ხომ გეუბნებით, იმდენად წმინდა სიყვარული იყო, რომ ვერც ერთი ამის თქმას კი არა, ერთმანეთის გაცნობასაც ვერ ვბედავდით


- და შემდეგ მეუღლე შეგიყვარდათ, არა?

- დიახ, ასეა, ჩემი პირველი ვირტუალური სიყვარული დრომ წაიღო, მერე გავიცანი ჩემი მეუღლე. ეს იყო ბათუმში. თუმცა მე ის ფიქრებით შევიყვარე, ბიცოლაჩემმა მითხრა, რომ ვუყვარდი, მე კი ვფიქრობდი და ასე შემიყვარდა, თორემ დიდად შეხვედრები და ურთიერთობა არ გვქონია.


- ვის უკავშირდება თქვენი პირველი კოცნა?

- ჩემი პირველი კოცნა ჩემს პირველ მეუღლეს უკავშირდება. ეს იყო ზამთარში, უნივერსიტეტის ბაღში. სიმართლე გითხრათ, არ მომეწონა, ჩემს ფანტაზიაში კოცნა სხვაგვარად წარმომედგინა, მაგრამ იმედები გამიცრუვდა.

 

- როგორ გადაწყვიტეთ დაქორწინება?

- ტრადიციულად დავქორწინდით.

 

- ალბათ, ულამაზესი პატარძალი იყავით?

- არ ვიცი, ვერ გეტყვით.


- გათხოვების მერე, როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება?

- გათხოვების მერე ვავადმყოფობდი. მქონდა დეპრესიები.


- ძალიან ბევრს საუბრობენ თქვენს ავადმყოფობაზე. საინტერესოა, სინამდვილეში რა სჭირს ლიკა ქავჟარაძეს?

- იცით, რა? ფსიქიკურად ვარ ცუდად.

 

- რა მიზეზით?

- ექიმები ამბობენ, რომ ეს იყო მშობიარობის სტრესი. ზოგი ამბობს, რომ ეს არის არაბედნიერი ცხოვრების გამო. ზოგიერთი ამბობს, რომ გაციებული ვიყავი და მენინგიტის შედეგად გავხდი ცუდად.


- თქვენ როგორ ფიქრობთ?

- მე ვფიქრობ, რომ ავად არასწორი ცხოვრების გამო ვიყავი.


- რას უწოდებთ არასწორ ცხოვრებას?

- ოჯახური მდგომარეობა მქონდა ასეთი.

 

- თავს არ გრძნობდით ბედნიერად?

- არა, თავს ნამდვილად არ ვგრძნობდი ბედნიერად.

 

- კონფლიქტები გქონდათ მეუღლესთან?

- არა, კონფლიქტი არ გვქონია, უბრალოდ, ჩვენ დამოუკიდებელი ცხოვრება არ გვქონდა, ყველა ერეოდა ჩვენს ცხოვრებაში და ა.შ.

 

- ალბათ, ამ ყველაფრის ფონზე სიყვარულიც გაქრა...

- დიახ.

 

- თქვენ უკვე დეპრესიაში იყავით, როდესაც ოჯახი დაანგრიეთ. არ გიფიქრიათ იმაზე, რომ უფრო მეტი სტრესის ქვეშ აღმოჩნდებოდით ოჯახის დანგრევის შემდეგ?

- არა, არა, მაგაზე არ მიფიქრია, რადგან უკვე ვგრძნობდი, რომ სწორედ ოჯახში შექმნილი სიტუაციის გამო ვიყავი ცუდად. და რაც კი შემემთხვა, ყველაფერი სწორედ ოჯახის გამო ხდებოდა.

 

- რა შეგემთხვათ, ქალბატონო ლიკა, იქნებ უფრო კონკრეტულად გვითხრათ?

- უსიყვარულობა, სხვა სიყვარულის მოთხოვნა.

 

- ანუ იმის სურვილი გქონდათ, რომ სხვა ვიღაც გყვარებოდათ?

- დიახ.

 

- და ამ სიყვარულის ობიექტი თუ არსებობდა?

- კი, არსებობდა.

 

- ვინ იყო?

- ამდენი გულახდილობაც არ შემიძლია.

 

- მერე შედგა ეს სიყვარული?

- კი, შედგა, მაგრამ მალევე დასრულდა.

 

- ანუ თქვენს ცხოვრებაში ყველა სიყვარული, რომელიც მოვიდა, ტრაგიკული იყო?

- გეთანხმებით, ასე იყო. როცა მყვარებია, ყველა სიყვარული ტრაგიკულად დასრულებულა.


- რატომ?

- არ ვიცი, ვერ გეტყვით. საერთოდ, ყოველთვის მაქსიმალისტი და მომთხოვნი ვიყავი, ყოველთვის იდეალურ სიყვარულს ვეძებდი და ალბათ, გარკვეულწილად, ამის ბრალიც იყო.

 

- დღეს როგორ მდგომარეობაში ხართ?

- ძალიან კარგ მდგომარეობაში ვარ.

 

- იპოვეთ იდეალური სიყვარული?

-კი, ვიპოვე.

 

- არადა, ამბობენ, რომ ქმარს გაშორდით...

- მართალი ხართ, ქმარს გავშორდი, მე და ლევან შანიძეს დღეს არაჩვეულებრივი მეგობრული ურთიერთობა გვაქვს.

 

- რას ნიშნავს თქვენთვის იდეალური სიყვარული?

- როდესაც უკვე გაქვს გამოცდილება, მაშინ უნდა შეეცადო, არ იყო ისეთი მაქსიმალისტი, როგორიც იყავი და რაღაც დათმობებზე უნდა წახვიდე.


- თქვენ რა დათმეთ?

- იცით, რა? რაღაც დიდი და განსაკუთრებული არ დამითმია. უბრალოდ, როცა ადამიანს არ შეუძლია, უნდა გაუგო და მიიღო ისეთი, როგორიც არის.


- რით განებივრებენ მამაკაცები?

- ყურადღებით, სიყვარულით, სითბოთი, კომპლიმენტებით, საინტერესო საუბრებით.


- ძნელია თქვენი გულის მოგება?

- კი, ძალიან ძნელია.


- თქვენი ქალური სისუსტეები რა არის?

- იცით, რა? შეიძლება. ვიღაცამ მაწყენინოს და გული დამწყდეს, თორემ სხვა ქალური სისუსტეები არ მაქვს. ვფიქრობ, რომ ძლიერი ქალი ვარ და ცხოვრებამ გამაძლიერა.

 

- თქვენზე ამბობენ, რომ სასმელი გიყვართ...

- კი, სასმელი ძალიან მიყვარს, გუშინ დავლიეთ და ახლაც გადავკარი „პახმელიაზე".


- რა უნდა გააკეთოს მამაკაცმა, თქვენი გული რომ მოიგოს?

- ალბათ, ძალიან ყურადღებიანი უნდა იყოს და მე უნდა მიყვარდეს სიგიჟემდე.


- დღეს რა დოზით გიყვართ?

- შეიძლება ითქვას, რომ დღეს ვარ სიგიჟემდე შეყვარებული.

 

- თქვენი რჩეული თქვენზე პატარაა თუ დიდი?

- ჩემზე დიდია, ცნობადი სახეა, ოღონდ თავის სფეროში.


- ვინ არის?

- ვერ გეტყვით, რადგან მას არ უნდა, რომ ვთქვა.

 

- როგორ გაიცანით?

- ამ ადამიანს ბავშვობიდან ვიცნობდი, უბრალოდ, ახლა აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთი მოგვწონს, როგორც ქალსა და მამაკაცს, და ერთად ყოფნა გვინდა.

 

- როგორ ფიქრობთ, ეს თქვენი უკანასკნელი სიყვარულია?

- კი, ნამდვილად ასეა. დარწმუნებული ვარ, ის ადამიანი, რომლის გვერდითაც ახლა ვარ, ცხოვრების ბოლომდე მეყვარება.


- რა სიურპრიზებს უკეთებთ თქვენს შეყვარებულს?

- მე მას ჩემი თავი ვაჩუქე.


- თვითონ რით განებივრებთ?

- თვითონ ძალიან ყურადღებიანია, საჩუქრებს მიკეთებს, სულ მირეკავს, მეხუმრება, ძალიან ჯანსაღი იუმორის პატრონია. ხანდახან მაშინებს ხოლმე, მეუბნება, წავედიო და იცის, რომ ამაზე ვნერვიულობ, რადგან მინდა, დარჩეს.


- სად დადიხართ გასართობად ერთად?

- იცით, რა? არ უყვარს ხოლმე გამოჩენა, მეუბნება, რომ მე ლამაზი ვარ და თვითონ უშნოა.

 

- არადა, დარწმუნებული ვარ, ძალიან სიმპათიური მამაკაცი იქნება...

- ოოო, კი ძალიან სიმპათიურია, ოღონდ მართლა.

 

- კარგით, რა... ვინ არის, მითხარით.

- (ფიქრობს) მამუკა მათიაშვილი.


- ძალიან კარგი. იმედია, ქორწილში დაგვატიჟებთ.

- ქორწილი არ უნდა.


- რატომ?

- რა ვიცი, ასე ურჩევნია.


- როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება ლიკა ქავჟარაძე წლების შემდეგ?

- ყოველთვის ვეცდები, რომ ლამაზი ვიყო და ფორმა შევინარჩუნო.

 

- საკუთრ თავს სექსუალურ ქალად მიიჩნევთ?

- კი, აბა, როგორ? ვფიქრობ, რომ ძალიან სექსუალური ვარ. მამუკაც მეუბნება, რომ ძალიან სექსუალური ვარ.


- მამუკა არ ეჭვიანობს, ასეთი ლამაზი ქალი რომ ჰყავს გვერდით?

- კი, როგორ არა, ძალიან აზიატია. თუ ვიღაცას დაველაპარაკე, გიჟდება. მე კი ვკვდები სიცილით.



ავტორი: მარი გულორდავა


(გაზეთი „პრაიმტაიმი" N30-ის არქივიდან 2009 წ.)


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი