logo_geo
გიორგი გილიგაშვილი: ჩემმა მზემ, გულწრფელი ვარ...
- +

6 ნოემბერი. 2017. 18:00



ბოლო დროს ინტერნეტსივრცეში საოცრად პოპულარულია ფრაზა „ჩემმა მზემ", რომელიც გადაცემა „პრაიმ-შოუში" სტუმრად მიწვეულმა ახალგაზრდა მსახიობმა გიორგი გილიგაშვილმა საუბრისას გამოიყენა. საზოგადოების ნაწილმა ამაზე ხუმრობა დაიწყო, თუმცა მეორე ნაწილმა გიორგის ეს დარბაისლური საუბარი მოიწონა.

 

„ალია" გიორგი გილიგაშვილს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაიწერა:


- თქვენ სერიალ „ტიფლისში" მონაწილეობდით, სიმღერებსაც წერთ, თუმცა დიდი პოპულარობა „პრაიმ-შოუში" თქვენს მიერ ნათქვამმა ფრაზამ „ჩემმა მზემ" მოგიტანათ...


- ეს „ჩემმა მზემ" ჩემი სიტყვები არ არის, ჩვენი წინაპრების სიტყვებია და ქართველს ზრდილობა სისხლში, ჯიშში აქვს. ბოლო საუკუნეების ნაგავი არის ის, რა სიბილწეც შემოვიდა ქართულ ზეპირსიტყვიერებაში, მით უმეტეს, საკუთარი სიწმინდის - დედის გინება, ეს არის სიკვდილი, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ძმებმა მითხრეს, რომ ცუდი სიტყვების ნაცვლად, „ჩემმა მზემ"-ს ვიყენებთო. მე ძალიან მახარებს ეს ყველაფერი და დიდება უფალს, თუ ეს ჩემი ბრალია, ღვთის წყალობით, მაგრამ არა მგონია, ეს ჩემი ბრალი იყოს, ეს მათი „ბრალი" და დამსახურებაა, რომ ეს გაიგეს. მე არც მქონია ვინმეს სწავლა განსაზღვრული, მაგრამ თვითონ გაახსენდათ ეს ფრაზა, გაიხსენა ჩემმა ქალაქმა და ქვეყანამ. დამერწმუნეთ, ეს 4 ათასი წლის წინანდელი ფრაზაა და ჩემმა მზემ, მართლა - როგორც მზე არის უკვდავი და ყველაზე თანამედროვე მნათობი დედამიწაზე, ისეთი თანამედროვე ფრაზაა ესეც, ვამბობ. ყველა ის ზრდილობიანი და საოცარი სიყვარულით სავსე ფრაზა მიყვარს, რაც ქართულ ზეპირსიტყვიერებაშია, თითოეულ ბგერას ვეფერები და ვეალერსები.


- აღნიშნულ გადაცემაში საუბარი იყო ქართველი ფეხბურთელის გურამ კაშიას ლგბტ სამკლაურის ირგვლივ, სადაც თქვენი პოზიცია ნაწილობრივ კი დააფიქსირეთ, თუმცა როგორც ჩანს, საკმარისი დრო არ გქონდათ აზრის ვრცლად გამოსახატად. ახლა რომ მითხრათ, როგორია თქვენი პოზიცია ზოგადად ლგბტ საკითხებთან, ლგბტ საზოგადოებასთან დაკავშირებით?


- ამ შემთხვევაში, თქვენ თუ გაიგეთ იმ გადაცემაში ჩემი ნათქვამიდან ჩემი დამოკიდებულება?


- სუსტი არ უნდა დაჩაგრო.


- დიახ და კიდევ რა გაიგეთ?


- ბევრი არაფერი, სულ სამწუთიანი ჩანაწერია და ამიტომ გეკითხებით ახლა, რომ იქნებ უფრო ვრცლად მითხრათ თქვენი შეხედულებების შესახებ?


- გულწრფელი ვარ და გეუბნებით - შემინდოს უფალმა მე ცოდვილს და მე ახლა უცბად ვიწყებ საუბარს, რომ შენ ხარ ამ ცოდვით დაავადებული, შენ კი ამ ცოდვით... ჩემი სარწმუნოება არის ყველაზე მართალი, ტოლერანტული, ყველაზე შემწყნარებელი და ყველაზე სიყვარულით სავსე - თავად სიყვარული არსია არსისა. აქედან გამომდინარე, თუ მე გესაუბრებით სარწმუნოების პათოსით, გეტყვით, რომ ადამიანს არ აქვს უფლება, განიკითხოს, „არ განიკითხო და არ განიკითხები" და თუ ვინმეს ამ შემთხვევაში უნდა, რომ სუსტი არ დაიჩაგროს და ამის გამოხატვა უნდა - მე ნებისმიერ უმცირესობებს ვგულისხმობ, არამხოლოდ მათ - გეუბნებით, ყველამ გულზე ჯვარი დაიკიდოს, ეს იქნება სოლიდარობაც, თანადგომაც და ღვთისკენ სავალი გზა. ეს ახალი სიმბოლიკები, რაც იქმნება დროთა განმავლობაში, არის წარმავალი სიმბოლიკები. ჯვარი უფლისა, კიდევ გეუბნებით, არის ის, რაც უკვდავყოფისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ ვინმეს უნდა, სიკეთეს გამოუცხადოს სოლიდარობა, მე სიკეთეს და სიყვარულს ვქადაგებო, მაგრამ ის უკვე ფარისევლობა იქნება, თუკი ერთს გამოხატავ და მეორეს აკეთებ. ჩემი ცხოვრების კრედო ათი მცნებაა, მე ვამბობ, რომ ქრისტესი ვარ, დიდება მის სახელს და ჩათვალეთ, ათი მცნება არის ჩემი მრწამსი. ყველამ თვითონ იცოდეს, მე თავად ვეცდები, საკუთარ თავში გავერკვე - ამ ათ მცნებას ჩემი ცხოვრების წესი ეთანხმება? ან მე მსურს, რომ ვეთანხმებოდე ათი მცნების კანონებს? კანონები, რომლებიც არის იმისათვის, როგორ დარჩეს ადამიანად და რომ არ გააცხოველოს ამ ცხოველურმა სამყარომ.


- ამ ბოლო დროს ძალიან თვალსაჩინო გახდა ლგბტ საკითხების პროპაგანდის თემა. ამასობაში, ავტორიტეტული ამერიკელი ფსიქიატრები ამბობენ, რომ არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულებები, რომ ჰომოსექსუალობა დაბადებიდან თანდაყოლილი, ბიოლოგიურად განსაზღვრული მდგომარეობაა და რომ აღზრდის გარემო დიდ როლს თამაშობს იმაში, ადამიანი ჰომოსექსუალად ჩამოყალიბდება თუ ტრადიციული ორიენტაციის ადამიანად. ახლახან გახდა ცნობილი რომ საქართველოს ბაღებში ახალი სტანდარტი მიიღეს, რომლის მიხედვითაც ბავშვების გენდერული ნიშნით გამორჩევა არასწორია და აღმზრდელებმა ისინი გოგონა/ბიჭუნას ნაცვლად, „ბავშვებად" უნდა მოიხსენიონ. ამას როგორ შეაფასებთ?


- მე ვეთანხმები თქვენს მიერ ნათქვამი ფსიქიატრების ცოდნას და მეც გეუბნებით ასე. სამწუხაროდ, ეს თემა ღრმად არ მაქვს შესწავლილი, მაგრამ ჩემი ფიქრით და ჩემი მცირე ცოდნით, რაც გამაჩნია - ბავშვს როგორ გაზრდი, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. საერთოდ, როგორც მე ვიცი, კაცში უფრო მეტი მამაკაცური ჰორმონია, ქალში უფრო მეტი ქალური ჰორმონი და რისი თქმა მსურს: კაცშიც არის ქალური რაღაც მცირედი და პირიქით და ეს ბალანსი, რა თქმა უნდა, ირღვევა, როდესაც შენ, მიუხედავად ბავშვის გენდერული არსისა, მას გაუგებარ მიმართულებას აძლევ. ბავშვის თვითგამორკვევაზე, მის ფსიქიკაზე მცირე ტრავმები ეს ყველაფერი ნაყოფს რა თქმა უნდა, გამოიღებს და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი იქნება არანორმალური. დიდება უფალს, ადამიანი თუ იბადება ვაჟად, უნდა იყოს ვაჟი. უფალმა შექმნა ადამი და ევა, მესამე „საშუალო სქესი" არ შეუქმნია, ხომ? მამაღმერთი ამბობს - „იყავი ან ცივი, ან ცხელი, ნელთბილს ამოვანთხევ ჩემი პირიდან". როცა ცივი ხარ, შენ განსხვავებას იგრძნობ, თუ შენ სარწმუნოებაში მოგინდება ყოფნა, რომ ის სხვა მხარეა და თუ გადახვალ და ახვალ იმ კიბეზე; თუ კიბეზე ხარ, მაშინ დაცემასაც იგრძნობ და განსხვავებას მიხვდები, მაგრამ თუ შუაში ხარ, მშვენიერო, ამ შემთხვევაში ვერც ერთს იგრძნობ, ვერც მეორეს, ფარისევლად დარჩები და ასე მოკვდები, კი არ გარდაიცვლები. თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ არ უნდა განიკითხო. თუ ისინი გამოდიან და ამბობენ, რომ აი, ჩვენ ასეთები ვართ, მე ვამბობ - ჩემმა მზემ, ვეცდები, რომ მე ვიყო მაგალითი, შენ ეცადე, რომ შენ იყო მაგალითი. აი, იმ ძმებს ვეუბნები, ვისაც დავუშვათ, ბილწი სიტყვით შეუძლია მიმართვა სულით დაავადებული ადამიანის, ან სხვა მსოფლმხედველობის ადამიანის მიმართ. მე მათ ვეუბნები - ძმაო, თუ მასეთი ძმა ხარ და შენი ბაგენი სიმართლეს ამბობენ, იყავი თავად სიმართლე! ანათე ლამპარივით და მომავალი თაობაც დაინახავს ამას და ხანდაზმული თაობაც! ისინი მერე განარჩევენ თეთრსა და შავს და შენსკენ წამოვლენ, რადგან ანათებ!

 

- ახლა თქვენს შესახებაც მინდა, მომიყვეთ: რას საქმიანობთ დღეს? სამომავლო გეგმები როგორი გაქვთ? გვითხარით, ვინ ხართ?


- რა გითხრათ... ვინ ვარ და კაი ბიჭი ვარ, ახლა ასე უნდა გითხრათ? (იცინის) კაი ბიჭობაც ისეთი საკითხია - როგორც კაცს არ სჭირდება სამკაულად წინ „კაი", ასეა აქაც. საკუთარ თავზე ძალიან მეძნელება ხოლმე საუბარი... მოდით, ამას გეტყვით, რომ იურისტი ვარ, ვმუშაობ პროფესიით საოცარ ადგილას - ჩემს ეზოში ანძა დგას, საოცარი ხედი იშლება... დაბლა ჩემი ქალაქია, მამადავითია... დაბადებული ვარ ვაჟა-ფშაველასა და ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეზე... ჩავდივარ ხოლმე მამადავითის ტაძარში და მოკლედ, ეს ცხოვრება მთელი პოეზიაა, რა გითხრათ...

 

- იურისტად კონკრეტულად რა კუთხით?


- სამოქალაქო სამართლის მიმართულებით, ხელშეკრულებებზე ვმუშაობ ერთ-ერთ ორგანიზაციაში, სახელმწიფო შპს-ში.

 

- სამსახიობო კარიერის გაგრძელებაზე თუ ფიქრობთ? გაქვთ რაიმე შემოთავაზებები ამ მხრივ?


- დიდი სიამოვნებით ვაპირებდი, მაგრამ არავის აღარ დავჭირდი, ჩემმა მზემ, ძველმოდური ხარო, მითხრეს... „დოლჩე და გაბანას" ტანისამოსის ყიდვას ვაპირებდი მერე, რომ დამემტკიცებინა ჩემი თანამედროვეობა (იცინის).

 

- თქვენი ოჯახის შესახებ რა შეგიძლიათ, გვითხრათ?


- მყავს ყველაზე ლამაზი დედა, ყველაზე ძლიერი მამა - ვის მამასაც დაარტყამს, ამერიკაში გააფრენს (იცინის). მყავს ორი მშვენიერი და და ერთი საოცრად სიმპათიური ძმა. მყავს უმაგრესი კაცი კიდევ, ჩემი დის მეუღლე - ლევან მაზმიშვილი, ერთი ყარაჩოხელი იყო და ისიც ჩემი ოჯახის წევრი გახდა.

 

- ოჯახის წევრებსაც თქვენნაირი ლამაზი საუბრის მანერა აქვთ, თუ თქვენ ხართ ასეთი გამორჩეული?


- არა, ოჯახში ჩემზე თანამედროვედ საუბრობენ, ისინი სხვა ტერმინებს იყენებენ საუბარში.


- აუცილებლად უნდა გკითხოთ ესეც - თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?


- კოკა ყანდიაშვილის გადაცემა „რა ხდება?" გამახსენდა ახლა...

 

- დანიიდან რომ რეკავდნენ ეთერში, ხომ?


- დიახ, დიახ და მეც ვაპირებდი, ახლა დანიაში დამერეკა - რა ხდება ჩემთან-თქო? (იცინის) არავის არ მოვწონვარ, ჩემო კარგო, რა ვქნა?


- როგორ უყურებთ „მეგობარი გოგოს" საკითხს და რამდენად მისაღებია თქვენთვის, საყვარელ გოგონასთან ქორწინებამდე გქონდეთ ინტიმური ხასიათის ურთიერთობა?


- რა გითხრათ... წარმოიდგინეთ, ადამიანს ადამიანი რომ უყვარს, იქ თავს კარგავს, დედამიწას და საერთოდ გალაქტიკას კარგავს. მაგ დროს უნდა დაუსვათ ადამიანს ეს შეკითხვა, ახლა, ვფიქრობ, ნაადრევად არის დასმული ჩემთვის ეს კითხვა. თქვენ მესაუბრებით ახლა უფალმა რაც შექმნა, ამ ყველაფრის გვირგვინზე. სამწუხაროდ, მე ჯერ არ მყვარებია, მაგრამ მე რომ მეყვარება, ალბათ, ერთი თეთრი ხალათი კიდევ დასჭირდებათ საგიჟეთში, რადგან მე რომ მეყვარება, ეს იქნება, არ ვიცი... მე ახლა რომ გითხრათ - მაგ საკითხზე ასე ვფიქრობ, ან ისე და მერე შეყვარებული რომ ვიქნები და თქვენ მე შეყვარებული მნახოთ, სადღაც მეცხრე ცაზე რომ ვიქნები, კითხვის დასმა აღარ მოგინდებათ, რადგან ალბათ, ყველაფერი გასაგები იქნება. ჩემთვის იქნება მხოლოდ სიყვარული, მხოლოდ უფალი, სადაც წინ იქ არაფერი აღარ არსებობს, არც ჩემი სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის კოდექსი - არაფერი აღარ იარსებებს, რადგან ყველაფერი მექნება.


- რას ეტყოდით საზოგადოების იმ ორ კატეგორიად გაყოფილ ადამიანებს, ვინც ხუმრობს „ჩემმა მზემ"-ზე და ვინც პირიქით, ძალიან დიდი პატივისცემით არის განწყობილი თქვენს მიმართ?


- რას ვეტყოდი და იმ ძმებს მივუგებდი ამ ლექსით:


მე მჯერა მამაცი გულის,

ხორცში არსებობა სულის,

მართალი კაცის გზა რთულის

და ყველაფერი ქართულის!


დიდი მადლობა ჩემს ყველა ძმას და მშვენიერს, მე არ ვყოფ მათ, ყველას ერთად ვუხდი მადლობას, დიდება ქრისტეს! ვისაც ეჭვი ეპარება ვინმეში, საკუთარ თავში არ ეპარებოდეს ეჭვი, რაც მთავარია და ღმერთმა გაუმარჯოს; მაგრამ ვისაც ვინმეში ეპარება ეჭვი, ჯობია, რომ სანამ ეჭვს შეიტანს, იფიქროს იმაზე, რომ ეჭვი არ არის კაცის საქმე, ჩემმა მზემ; არც განკითხვაა კაცის საქმე, ჩემმა მზემ, ქილიკი, მითუმეტეს, კაცის საქმე არ არის... ასე რომ, ჯობია უყვარდეთ და ეს სიყვარული უკან დაუბრუნდებათ. როგორც მაშინ ვთქვი, ახლაც ასევე გეტყვით - გინება მაგინებლისაა, ლოცვა მლოცველის, ეს არის ჩემი პასუხი.



ნინო ლაბარტყავა










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი