logo_geo
რას ამბობს გიორგი მახარაძის დედა მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
- +

27 დეკემბერი. 2017. 13:44



მსახიობ გიორგი მახარაძე 2 კვირის წინ მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. მას ოპერაცია გაუკეთეს და ექიმებმა ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს.


დიაგნოზის გადამოწმების მიზნით, დედა-შვილი 3 იანვარს თურქეთში მიემგზავრება.


როგორ გრძნობს თავს 27 წლის მსახიობი, ამის შესახებ გიორგი მახარაძის დედა თეონა ჩივაძე „სარკეს" ესაუბრა.

 

- ქალბატონო თეონა, როდის დაუდგინდა გიორგის დიაგნოზი და რომელ ორგანოზეა საუბარი?


- არ გვინდა დაკონკრეტება, უბრალოდ გეტყვით, რომ ოპერაცია 2 კვირის წინ გაკეთდა. რამდენიმე დღის წინ ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს და ქიმიოთერაპია დაუნიშნეს. გადავწყვიტე წავიყვანო თურქეთში, სადაც ახლობლები მყავს და იქ თავიდან დასვან დიაგნოზი, დანიშნონ მკურნალობა.


- რამე აწუხებდ აქამდე?


- უეცრად აიტკივა თავი, მერე სხვა ორგანოები. საქართველოში თუ ვინმე პროფესორი იყო, ყველასთან მყავდა. უცებ დაისვა დიაგნოზი, გაკეთდა ოპერაცია... თავიდანვე სიმსივნეზე ჰქონდათ ეჭვი. მერე ჩატარდა მორფოლოგიური კვლევა და დადგინდა, რომ ავთვისებიანი სიმსივნეა. დახოცილები ვართ. სულ არ წარმოგვედგინა ამ ყველაფრის წინაშე თუ დავდგებოდით.


- რას ამბობენ ექიმები?


- ამბობენ, რომ უნდა დავიწყოთ ქიმიოთერაპია. ტომოგრაფია გაკეთდა და ველოდებით პასუხს, რომ მეტასტაზები არ იყოს წასული. თურქეთის კლინიკა გველოდება და იქაც გაკეთდება მორფოლოგია. ყველასი კმაყოფილი ვარ, ექიმის, ვინც ოპერაცია გაუკეთა, მაგრამ დაზღვევის მიზნით, წყნარად რომ ვიყო, მინდა, დიაგნოზი გადავამოწმოთ. მგონი მშობელს ამის უფლება აქვს, ერთადერთი შვილი მყავს.


- გიორგი რა მდგომარეობაში, როგორ გრძნობს თავს?


- აქეთ მამშვიდებს. მეუბნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება და სულაც არ არის სანერვიულო. ნახე როგორ კარგად ვიქნებიო - ასეთი განწყობა აქვს.


ჯვარი გვწერია, ისეთი მდგომარეობა არ არის, ქუჩაში ვერ გადიოდეს და იწვეს. ჩვეულებრივად არის, მაგრამ თავი უნდა დავიზღვიოთ, რომ სადმე კერა არ იყოს.


ეს იყო მოულოდნელი, უეცარი გამოვლენა. ერთი თვის განმავლობაში ჯერ ერთი რაღაც ასტკივდა, მერე მეორე. შემდეგ მუწუკივით რაღაც გამოუვიდა, ვიარეთ ექიმებში, ექოსკოპიური კვლევა ჩავუტარეთ. ყველამ ერთხმად თქვა რომ ოპერაცია იყო საჭირო. 3-4 დღეში გადაწყდა ეს.


-  გიორგი ახლა სახლში გადის მკურნალობას?


- გიორგი ახლა უკვე სახლშია. არანაირი მკურნალობა არ უტარდება. იმედს ვიტოვებ ყველაფერი კარგად იქნება. ამით ვიმშვიდებ თავს. საქართველოში ექიმებმა 100 პროცენტით თქვეს, რომ ეს დიაგნოზი აქვს. არ მინდა ეს ამბავი დავიჯერო და ამიტომაც მინდა, გადამოწმდეს. შანსს ვიტოვებ, რომ იქნებ არ ხდება ეს ჩვენს თავს. ამ ქვეყანაზე აღარ ვარ... ეგებ არ იყოს სიმართლე. ძალიან ცუდად ვარ. არავის ვუსურვებ ასეთ მდგომარეობაში ყოფნას. ისეთი ადამიანები მირეკავენ, ვისგანაც არ ველოდი. მადლობა ყველას! თანადგომა ყოფილა ყველაფერი, ეს აცოცხლებს ადამიანს.







 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი