logo_geo
„კახი კავსაძემ კალთაში ჩამისვა და რჩევა მომცა“ - ინტერვიუ ახალი ქართული ფილმის ყველაზე პატარა მთავარ გმირთან
- +

29 დეკემბერი. 2017. 20:47



ახალი ქართული კომედიური ჟანრის ფილმის „შეშლილების" პრემიერა კინო-თეატრ „ამირანში" 25 დეკემბერს გაიმართა. ფილმში ბევრი დამსახურებული მსახიობი თამაშობს, მათ შორის კახი კავსაძე, გურანდა გაბუნია და მარინა კახიანი, რომლებსაც პარტნიორობას პატარა თეკლა ნატროშვილი უწევს. 9 წლის გოგონამ უფროსი კოლეგებისგან ბევრი რამ ისწავლა და კახი კავსაძისგან საინტერესო რჩევაც მიიღო, რომელიც „რეიტინგს" გაუზიარა:


- 2 წელია გეპეის თეატრალურ სტუდიაში „მოდი ნახეში" დავდივარ, უკვე A ჯგუფში ვარ, რაც ძალიან მახარებს. მონაწილეობას ვიღებ სხვადასხვა სპექტაკლებში. განსაკუთრებით წინა საახალწლო პერიოდი მიყვარს, წელიწადის ამ დროს სულ სპექტაკლები მაქვს. რეპეტიციებზე ვიღლები, მაგრამ მსახიობობა მაინც ძალიან მომწონს.


- ფილმში „შეშლილები" როგორ აღმოჩნდი?

 

- სკოლაში მოვიდნენ და იკითხეს ვის უნდოდა ფილმში მონაწილეობა, მე ხელი ავწიე, მერე რაღაცებიც გვკითხეს, მე დედას ნომერი გამომართვეს. სახლში რომ მოვედი, თურმე მისთვის დაურეკავთ და მეორე დღეს ქასთინგზეც დავუბარებივარ. მონაწილეობას ძალიან ბევრი ბავშვი იღებდა, ბევრი ველოდეთ, როგორც იქნა ჩემი ჯერიც მოვიდა. მე რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე და მეორე ეტაპის გავლის გარეშე როლზე დამამტკიცეს.

 

- ფილმზე მუშაობის პროცესი როგორ გახსენდება, არ გაგიჭირდა?

 

- თავიდან ძალიან რთული იყო, ფეხის ყველა არასწორ დადგმაზე ახლიდან ვიწყებდით, სახლშიც სულ ვრეპეტიციობდი, არ მინდოდა რამე ამრეოდა და ჩემ გამო ახალი დუბლი გამხდარიყო საჭირო.


- ბევრ დამსახურებულ მსახიობთან იმუშავე. რაიმე განსაკუთრებული რჩევა ხომ არ მიგიღია მათგან?

 

- განსაკუთრებით კახი კავსაძე დამამახსოვრდა, რომელიც სულ ადრე მოდიოდა, მაშინაც კი თუ სხვები იგვიანებდნენ და ყოველთვის გვიანობამდე რჩებოდა. ერთხელ კლინიკაში გადაღებების დროს ერთმა მსახიობმა დაიგვიანა. ბატონი კახი კი ჩემს გვერდით იჯდა და ელოდებოდა. მე დედას ვეწუწუნებოდი, დავიღალე, გარეთ მაინც გავიდეთ-მეთქი. ბატონმა კახიმ კალთაში ჩამისვა და მითხრა, შენ თუ მსახიობობა გინდა, მოთმინება, ლოდინის უნარი უნდა ისწავლოო.


- პრემიერამ როგორ ჩაიარა?

 

- კარგად. მსახიობები ლიმუზინებით მიგვიყვანეს და წითელ ხალიჩაზე გავიარეთ. ძალიან ვღელავდი, მერე ერთად ვუყურეთ ფილმს. ფილმის ყურების დროს უფრო ვინერვიულე, ვიდრე გადაღებების დროს.

 

- მომავალში ისევ სცენაზე წარმოგიდგენია საკუთარი თავი? მსახიობობაზე ოცნებობ?

 

- მსახიობობას თავს არ დავანებებ, მაგრამ შეიძლება სხვა პროფესიაც მქონდეს. ბევრი რამ მინდოდა, ახლა ქიმიამ გამიტაცა. მომწონს ფერადი სითხეებით ექსპერიმენტებს რომ ატარებენ.

 

- მსახიობობაში რა მოგწონს ყველაზე მეტად?

 

- არ ვიცი, მსიამოვნებს. ახალ ადამიანებს ვიცნობ, რაც ძალიან კარგია. მსახიობობა ცხოვრებასაც ჰგავს.

 

- „შეშლილების" შენს გმირს რამდენად ჰგავხარ?

 

- ძალიან ცოტა მსგავსებაა. მგონი არც ვგავარ. თუმცა მეც მასავით სკოლის მოსწავლე ვარ და მასავით წუწუნაც ვარ.


- თეატრი სწავლაში ხელს არ გიშლის? ერთმანეთს როგორ უთავსებ?

 

- მიყვარს მეცადინეობა, განსაკუთრებით მათემატიკა. კითხვაც ძალიან მომწონს, გასულ ზაფხულს შექსპირის „რომეო და ჯულიეტას" და „ჰამლეტის" საბავშვო ვერსიები წავიკითხე.


მარიამ ელიაშვილი


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი