logo_geo
გიორგი უძილაური: ახალ დენდროპარკში 50 უნიკალური ხის გადარგვას ვაპირებთ
- +

19 დეკემბერი. 2016. 15:29




ყოფილ პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ხეების ურეკის დენდროლოგიურ პარკში გადარგვას საზოგადოებისა და პოლიტიკოსთა ნაწილის აჟიოტაჟი მოჰყვა. ამ თემაზე „ახალი თაობა" დაუკავშირდა „ქართუ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს გიორგი უძილაურს.


- არასამთავრობოთა და პოლიტიკოსთა ნაწილი ხეების გადარგვას აპროტესტებს და აქციების გამართვითაც იმუქრება...

 

- გაუგებარია აჟიოტაჟი იმის გამო, რომ კერძო პირს აქვს სურვილი, ასევე კერძო პირებისა და კომპანიებისგან შეიძინოს ხეები უნიკალური დენდროპარკის გასაშენებლად. ხეების 90% კერძო პირებისა და კომპანიებისგან იქნება შეძენილი, სახელმწიფოსგან შეძენილი 5-6 ხე კი მდებარეობს ციხისძირში, რკინიგზის გასწვრივ, იმ ტერიტორიაზე, საიდანაც გაზაფხულზე დენდროპარკში იყო ტრანსპორტირებული ტიტის ხე. ჟურნალისტურად მე, მაგალითად, ამ პროცესის საინჟინრო-ტექნიკური მხარით დავინტერესდებოდი. წელს, გაზაფხულზე, ტიტის ხის გადატანა უნიკალური საინჟინრო პროცესი იყო, 640-ტონიანი ხე ციხისძირიდან შეკვეთილში გადაიტანეს ჯერ ხმელეთით, ხოლო შემდეგ - ზღვით. ამხელა ხის მსგავსი მასშტაბის ტრანსპორტირება მსოფლიოში არ მომხდარა.


- როგორც ზოგიერთი ექსპერტი აცხადებდა, ტიტის ხე წითელ წიგნში შეტანილ იშვიათ ჯიშს წარმოადგენდა და მისი ტრანსპორტირება გახმობის საშიშროებას წარმოქმნიდა.

 

- ე.წ. ექსპერტები ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ - ტიტის ხე არ გახლდათ წიგნში შეტანილი. ცრუ ინფორმაციის გავრცელებით დაინტერესებული პირების „წუხილი" ბიძინა ივანიშვილის სახელით უფრო იყო განპირობებული, ვიდრე ბუნებაზე ზრუნვით. თუმცა გეგმა ჩაუფლავდათ - ტიტის ხეს არც კი უგრძნია გადარგვა, რადგან ფესვთა სისტემა საერთოდ არ დაზარალებულა.


- სოციალურ ქსელში ისევ ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიდევ რამდენიმე ხის გადარგვა იგეგმება.

 

- დიახ, ზამთრის დადგომასთან ერთად, ხეების გადარგვა განახლდა, თუმცა ამ შემთხვევაშიც ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებული მედიასაშუალებები ისევ დეზინფორმაციას ავრცელებენ. „რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი ჟურნალისტის მფლობელობაში არსებული სააგენტო „გურიის მოამბის" სტატიის მიხედვით, თითქოსდა ბიძინა ივანიშვილს სურდა გურიის ერთ-ერთი სკოლის ეზოდან დენდროლოგიურ პარკში ჭადრის ხის გადარგვა. ამას წერენ იმ ადამიანზე, რომელმაც ასობით სკოლა ააშენა, გაარემონტა, აღჭურვა და თურმე ახლა ბავშვებს ხის წართმევას უპირებს. ითქვა ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში 45 ათას დოლარად ბაობაბის ხე შეიძინა. როგორც ჩანს, „გურიის მოამბის" ჟურნალისტისთვის იმდენად ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებისთვის სიმართლის მიწოდება, იმასაც კი არ დაუკვირდა, რომ ბაობაბის ხე საქართველოში არ ხარობს. ცნობისთვის, ის იყო რელიქტური ხე „გინკგო ბილობა", თუმცა დენდროპარკის წარმომადგენლებმა არ ჩათვალეს ეს ხე საინტერესოდ პარკისთვის.


- დაახლოებით რა თანხას იხდის ბიძინა ივანიშვილი ხეებში?

 

- ძირითადად ხეების ფასი 5 ათასის ფარგლებშია. მხოლოდ სამი ხე იქნა შეძენილი 15 000-ად, მათი უნიკალობიდან გამომდინარე, ამას შეიძლება დაემატოს მეოთხე ხეც იმავე ფასში.


- როგორც აღნიშნეთ, ხეებს ძირითადად კერძო პირებისა და კომპანიისგან იძენთ. როგორ ახერხებთ ამ ფასების დაჭერას, როცა იმავე „გურიის მოამბის" ჟურნალისტი ასახელებს ფასს 45 000 დოლარს?

 

- „გურიის მოამბის" ჟურნალისტი სწორედ იმიტომ ასახელებს ასეთ აბსურდულ ფასებს, რომ ეს პროცესი არ შედგეს. ეს დაინტერესება ჩანს ამ სააგენტოს მთელ სამარცხვინო პოლიტიკაში ხეების გადარგვის გაშუქების მიმართ. მსგავსი ფასები არსად თქმულა, მაგრამ ჟურნალისტი მიზანმიმართულად ასახელებს ამ ციფრებს და მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს. მართალია, შემოთავაზება ძალიან ბევრია და ბევრს უარს ვეუბნებით. მაგალითად, მაგნოლიაში, რომლის არჩევანიც ძალიან დიდია, 2 000-ზე მეტი არ გადაგვიხდია, ერთ-ერთმა მოქალაქემ რეკორდული ფასი მოითხოვა. მან თავის ყანაში მდგომ ხეში ითხოვა 60 000! რასაკვირველია, მას მარტივად ეთქვა უარი. დენდროპარკში 50 ხის გადმორგვას ვაპირებთ, მაშინ როცა 200-მდე ვარიანტია შემოთავაზებული. და როცა შემოთავაზებული ხის ფასის არარეალობის გამო უარს იღებენ, მოგვიანებით ზოგიერთი აცნობიერებს და უკან ბრუნდება უფრო ადეკვატური შემოთავაზებით.


- 50-ზე მეტი ხის გადარგვას არ აპირებთ?

 

- დენდროლოგიურ პარკში 50-ზე მეტი ხე გადაირგვება. შეიძლება, ეს რიცხვი 60-მდეც ავიდეს. მზადება უკვე დაწყებულია და გადაზიდვაც რამდენიმე დღეში განახლდება. მოგეხსენებათ, ეს მარტივი პროცესი არ გახლავთ. ჯერ ხეები სათანადოდ უნდა შეიფუთოს და წესების სრული დაცვით მომზადდეს ტრანსპორტირებისთვის. სხვათა შორის, დიდი ალბათობით, ორი ჭაობის კვიპაროსი ერთად იქნება ტრასპორტირებული, რაც იმდენად უნიკალური საინჟინრო პროცესია, რომ ფაქტი შეიძლება გინესის რეკორდების ნუსხაში მოხვდეს. მოკლედ, ხეების ტრანსპორტირება საკმაოდ შრომატევადი პროცესია. უნიკალური დენრდოლოგიური პარკი არ არის პირველი პარკი ამ რეგიონში. შეგახსენებთ, 2016 წელს გურიის ზღვისპირეთში გაიხსნა „მუსიკოსთა პარკი" და პარკი „საქართბველო მინიატურებში", 2006 წელს გაიხსნა პარკი „ციცინათელა", რომლის ადგილზე მანამდე საკანალიზაციო ნანგრევები იყო. ასევე 2006 წელს დაიწყო „ციცინათელას" მოპირდაპირედ დაჭაობებული ტერიტორიის გაწმენდა, სადაც შემდგომ ათობით ათასი ევკალიპტი დაირგო და დღეს ჩოლოქიდან ნატანებამდე ნახეთ, როგორი პარკია გაშენებული. ამ ფონზე არ შემიძლია, ისევ არ გავიხსენო „გურიის მოამბის" სამარცხვინო წერილები, მათ შორის სუფსის სკოლის ეზოში მდგომ ჭადრის ხეზე, როგორც „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე" რომელსაც თითქოს ივანიშვილი გადარგვას უპირებდა. ამ აბსურდით შეფუთულ სიცრუეს გამოცემა ავრცელებს, მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დირექტორმა გასაგებად უთხრა - არავითარი ხის გადარგვა არ იგეგმებაო. სამარცხვინოა ასეთი ქცევა იმ რეგიონის გამოცემისთვის, რომელშიც ივანიშვილმა 4 პარკი გააშენა და ახლა მეხუთეს იწყებს.


- რამხელა ტერიტორიას დაიკავებს პარკი?

 

- პარკი 60 ჰექტარზეა გაშენებული, რომლის ორი ჰექტარი გიგანტურ ხეებს დაეთმობა.


- როდის გაიხსნება პარკი და თუ იქნება ის საზოგადოებრივი, რამდენადაც ჩვენ ვიცით, ეს 60 ჰექტარი ივანიშვილს ეკუთვნის?

 

- ის, რომ პარკი კერძო ტერიტორიაზე შენდება, პრობლემა არ არის. აქამდე აშენებული პარკების ისტორიას შეგახსენებთ: ივანიშვილმა ჯერ შეისყიდა სახელმწიფოსგან მიწები, გაწმინდა, მოაწესრიგა, გააშენა პარკები და შემდეგ აჩუქა სახელმწიფოს. რაც შეეხება დენდროლოგიური პარკის საზოგადოებრიობას, დღეს ივანიშვილს ამის სურვილი აქვს, მაგრამ არა - ვალდებულება. ამას ხაზს ვუსვამ! ის პარკს აკეთებს საკუთარი სახსრებითა და ნებით და არა ვინმეს მიმართ ვალდებულების გამო. მას ამ პარკის საჯაროობის არანაირი ვალდებულება არ გააჩნია, გააჩნია მხოლოდ სურვილი და კეთილი ნება. შესაბამისად, პარკი გაიხსნება მაშინ, როცა დასრულდება მშენებლობა და ივანიშვილს დარჩება სურვილი, პარკი საზოგადოებრივი გახადოს.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი