logo_geo
კუნთების მოცულობის ზრდა პროტეინებით – ექიმის გაფრთხილება ქართველ ახალგაზრდებს
- +

16 იანვარი. 2018. 13:47



„სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს" - არაერთხელ გაგვიგია და თავადაც გვითქვამს აღნიშნული, კარგად ცნობილი ფრაზა, რითიც ერთგვარი სტიმული მიგვიცია საკუთარი თავისა და გარშემომყოფებისთვის, თუმცა, მსოფლიო პრაქტიკაში არსებობს არაერთი სამწუხარო შემთხვევა, როცა ფორმაში ყოფნის, სხეულის კუნთის მასის მოკლე დროში ზრდის მიზნით მიღებული ნივთიერებების შედეგად, ადამიანი თავად გამხდარა მსხვერპლი.


საუბარია კუნთის მასის ზრდის მიზნით, ხელოვნურად სინთეზირებული პროტეინების მიღების შედეგად გამოწვეულ სავალალო შედეგებზე.


„კვირასთან" საუბარში ენდოკრინოლოგი ნინო ბერეკაშვილი ამბობს, რომ ხელოვნურად სინთეზირებული პროტეინების მიღება ქართველ ახალგაზრდებში ყოველდღიურად უფრო და უფრო თვალშისაცემი და მოდური ხდება, მისი თქმით, ამას მოწმობს პაციენტების გაზრდილი რაოდენობა, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები სწორედ აღნიშნული ნივთიერებების მიღების შედეგად ეწყებათ. საუბარია, როგორც გულ-სისხლძარღვთა, ასევე სხვა სახის პათოლოგიებზე.

 

- ქალბატონო ნინო, რას წარმოადგენს აღნიშნული ნივთიერება?


- საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში, სამწუხაროდ, ძალიან ტენდენციური გახდა ისეთი პროდუქტების მოხმარება, როგორიც არის დანამატები პროტეინების სახით, სხვადასხვა სახის კოქტეილები, მიქსები... ხელოვნურად სინთეზირებული პროტეინების ნაკრები იწვევს კუნთის უჯრედის - მიოციტის ინტენსიურ ზრდას. ექიმები მათ მოხმარებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. არაერთი სავალალო შედეგი მოყოლია ამ ნივთიერებების გამოყენებას. მათი მიწოდება ხდება, უშუალოდ, სპორტულ დარბაზებში. ამ დანამატებისთვის რეკომენდაციის გაწევა ხდება ფიტნეს-ინსტრუქტორების ნაწილის მხრიდანაც. არაერთი კვლევა მოვიძიეთ ქართველმა ექიმებმა - მათ შორის, ჰარვარდის ნუტრიციული ცენტრის კვლევა, ამასთან, აშშ-ში ამ თემაზე ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს და შემიძლია გითხრათ, რომ დღესდღეობით, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც რეკომენდაციას გაუწევს ამ პროდუქტების მოხმარებას.


- რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს მისმა აქტიურად მიღება?


- როგორც უკვე აღვნიშნე, ხელოვნურად სინთეზირებული პროტეინების ნაკრები იწვევს კუნთის უჯრედის- მიოციტის ინტენსიურ ზრდას, ეს პროტეინები ძალიან იზიდავთ ჩვენს მოზარდებს, რათა მოხდეს სასურველი ფორმების მიღება მოკლე ვადაში ,თუმცა ავიწყდებათ, რომ მიოციტების ინტენსიური ზრდა მიმდინარეობს გულის კუნთშიც, შესაბამისად იწყება ორგანული ცვლილებები, ნაადრევ ასაკში ვღებულობთ გართულებებს გულ-სისხლძარღვთა მიმართულებით - ეს გახლავთ სარქვლოვანი პრობლემები, მიოკარდიტი, ასევე სახეზეა თირკმელების, ზოგადად შარდგამომყოფი სისტემის პრობლემები, ასევე მნიშვნელოვანია ღვიძლისა და მასთან ასოცირებული პათოლოგიების გამწვავების შემთხვევები.


 - ძირითადად რა ასაკის პაციენტები მოგმართავენ, ასევე საინტერესოა,  ისინი მხოლოდ მოყვარულები არიან თუ მათ შორის  არიან სპორტსმენებიც?


- საუბარია 20-დან 35 წლამდე ასაკის ადამიანებზე. ძირითადად იმატა მოყვარულების რიცხვმა, რაც შეეხებათ სპორტსმენებს, ისინი  საკმაოდ მაღალ დონეზე არიან ჩახედულები ამ საკითხში და იციან რა შედეგებიც მოჰყვება ამ ნივთიერებების გამოყენებას. როგორც  ჩემთვის არის  ცნობილი, საერთაშორისო ასპარეზობებზე იკრძალება ასეთი სახის პროტეინების გამოყენება სპორტსმენებისათვის  და ეს ძალიან მკაცრადაც კონტროლდება.








 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი